პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

ძვირფასო კოლეგებო, DentalCafe.ge გთავაზობთ სტომატოლოგიურ განმარტებით ლექსიკონს. მასზე მუშაობა კვლავაც გრძელდება, მიმდინარეობს რედაქტირება და პროგრამული დამუშავება. მალე ის სხვა სახით - სპეციალურ მოდულში და უფრო დახვეწილი სახით წარსდგება. მანამდე ველით თქვენს კომენტარებს და შენიშვნებს, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ.

სტომატოლოგიური ლექსიკონის შედგენისას გამოყენებულია:

  • საერთაშორისო ანატომიური და ჰისტოლოგიური ნომენკლატურები;
  • ფიზიოლოგიური ტერმინების ლექსიკონი;
  • დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაცია;
  • უცხო სიტყვათა ლექსიკონი;
  • ენციკლოპედიური ლექსიკონი;
  • სამედიცინო ტერმინების ენციკლოპედიური ლექსიკონი;
  • დანტისტთა ამერიკული ასოციაციის საპროთეზო ტერმინების ლექსიკონი;
  • ინტერნეტში არსებული სხვადასხვა ღია წყარო;
  • სპეციალიზებული სტომატოლოგიური ლიტერატურა.

აბატმენტი - დამაკავშირებელი რგოლი იმპლანტატსა და კბილის პროთეზს შორის. გამოიყენება მხოლოდ კბილის პროთეზის საყრდენად. არსებობს სხვადასხვა ტიპის აბატმენტი. ძირითადად, გამოიყენება 4 ტიპი: ღრძილის ჩამომაყალიბებელი, სტანდარტული, კუთხოვანი, სფეროსებრი.

აბრაზიული მასალები - მაღალი სიმტკიცის წვრილმარცვლოვანი ფხვნილისებრი ნივთიერებები. გამოიყენება აბრაზიული ინსტრუმენტების დასამზადებლად. არის ბუნებრივი და ხელოვნური. ბუნებრივია: ალმასი, კორუნდი, ზუმფარა, ძოწი, კვარცი, პემზა და სხვ., ხელოვნური - ელექტროკორუნდი, კარბორუნდი (სილიციუმის კარბიდი), ბორის და ვოლფრამის კარბიდი. აბრაზიული მასალები გამოიყენება კბილების პრეპარირებისა და პროთეზების დამუშავებისთვის.  

აბსოლუტური ძალა საღეჭი კუნთების - საღეჭი კუნთის მიერ მაქსიმალური შეკუმშვის დროს განვითარებული დაძაბულობა. მისი სიდიდე სხვადასხვა მონაცემებით 80-390 კგ-ია.

აბსცესი (abscessus) - ჩირქოვანი ქირურგიული ინფექცია. სახის მიდამოს აბსცესი ვითარდება სახის კანის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ტუჩების, ცხვირის, ქუთუთოების დაზიანების ან ანთების შედეგად. ჩამოყალიბებული აბსცესი არის გამობურცული, გუმბათისებრი, მკვეთრად ჰიპერემიული უბანი. კანი მის ზემოთ გათხელებულია.

აგენეზია (agenesia) - ორგანოს, მისი ნაწილის, სხეულის ნაწილის თანდაყოლილი განუვითარებლობა ან არარსებობა. მაგ., გვერდითი საჭრელების, მესამე მოლარების არარსებობა (რენტგენით კონტროლი).

აგნატია (agnathia) - ზედა ან ქვედა ყბის თანდაყოლილი არარსებობა, ძალიან იშვიათი ანომალია.

ადგილობრივი ანესთეზია - ერთი ან რამდენიმე კბილის გაუტკივარება რბილ ქსოვილებში ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის შეყვანით.

ადგილობრივი ჰიპოპლაზია - მუდმივ კბილებზე მინანქრის წარმოქმნის დარღვევა, სარძევე კბილების დაავადებით ან განვითარებადი ფოლიკულის ტრავმით გამოწვეულ ანთებით პროცესში მუდმივი კბილების ჩანასახების ჩართვის გამო.

ადენოფლეგმონა - უჯრედისის გავრცობილი ჩირქოვანი ანთება დაზიანებული ლიმფური კვანძის გასწვრივ ინფექციის გავრცელების შედეგად.

ადენტია - კბილის ჩანასახის არარსებობით განპირობებული კბილების არარსებობა (დარღვევები ჩასახვის პროცესში ან ჩანასახის დაღუპვა).

ადვილად დნობადი შენადნობები - გამოიყენება შტამპებისთვის, კონტრშტამპებისთვის, კომბინირებული მოდელების ჩამოსასხმელად. გამოიყენება ლითონის გვირგვინების, პროთეზების შტამპირებული დეტალების, მოტეხილობების დროს ყბების საფიქსაციო კაპების დასამზადებლად. შემადგენლობა: კალა, ტყვია, ბისმუტი, კადმიუმი, სტიბიუმი, იშვიათად თუთია და სპილენძი.   

ადჰეზია (მიწებება) - სხვადასხვა მასალის ზედაპირების მოჭიდება.

ადჰეზია არაპირდაპირი - კბილების რესტავრაციის მეთოდები კერამიკით, რომელიც ემაგრება მინანქრის, დენტინის, ლითონის ზედაპირს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ვინირები.

ადჰეზია პირდაპირი (ბონდინგი) - კბილების უმნიშვნელო დეფექტების მოცილება რესტავრაციის მეთოდით ანუ სინათლით გამყარებადი საბჟენი მასალის დატანითა და გამაგრებით. გამოიყენება კბილის საჭრელი კიდის წვრილი ნახეთქების რესტავრაციისთვის, კბილის ყელის მიდამოში სოლისებრი დეფექტების მოსაცილებლად, კბილთაშორისი სივრცეების მოსაცილებლად. მეთოდით ნარჩუნდება კბილის ქსოვილები.

ადჰეზივები - ნივთიერებები, რომლებიც აძლიერებენ ან ქმნიან მიერთებას, მიწებებას. არიან სქელი სითხეები ან გელები და გამოიყენება კბილის ზედაპირულ ქსოვილებზე (მინანქარზე, დენტინზე) ვინირის დასამაგრებლად. მათ ასევე შემაკავშირებელ ნივთიერებებს უწოდებენ.

ადჰეზიური პროთეზი - პროთეზი, რომელიც წებვადი მასალებით მაგრდება საყრდენ კბილებზე, მათი წინასწარი მოცვეთის გარეშე. ძირითადად, გამოიყენება დროებითი კონსტრუქციის სახით.

აველისის სინდრომი - ცნს-ში არსებული პათოლოგიური კერის მხარეს რბილი სასის და სახმო კუნთის დამბლის თანხვედრა ცენტრალურ ჰემიპარეზთან (ჰემიპლეგიასთან) მოპირდაპირე მხარეს. მიეკუთვნება ბულბურ ალტერნაციულ სინდრომებს, აღინიშნება მოგრძო ტვინის ორმაგი ბირთვის დონეზე დაზიანების დროს.

ავტომატიზმის პრინციპი - კბილთა მწკრივების თვითრეგულაციის პროცესები ონტოგენეზში.

ავტოტრანსპლანტაცია - საკუთარი ქსოვილების გადანერგვა ერთი უბნიდან მეორეზე. სტომატოლოგიაში გამოიყენება ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის გაზრდის  ან რბილი ქსოვილების დეფექტების შევსების დროს.

ათერომა - ცხიმოვანი ჯირკვლის კისტა. ვითარდება ჯირკვლის სადინრიდან შიგთავსის გაძნელებული გამოსვლის გამო.

აკროსილი - ფესვის არხების დასაბჟენი პასტა, ევგენოლის გარეშე. არაგაწოვადი მასალა კალციუმის ჰიდროქსიდის ფუძეზე, შედგება ორი კომპონენტისგან: ძირითადი პასტისა და კატალიზატორისგან. გამოიყენება ფესვის არხების კონდენსაციით დაბჟენის ნებისმიერი მეთოდის დროს. უზრუნველყოფს სრულ ჰერმეტულობას.

 ალერგია - ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობა, რომელიც გამოვლინდება რაიმე ნივთიერების აუტანლობით. ალერგიის ფიზიოლოგიური მექანიზმი მდგომარეობს ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაში, რაც იწვევს მისი მგრძნობელობის დაქვეითებას ან მომატებას. ალერგია ვლინდება ლორწოვანი გარსების ძლიერი გაღიზიანებით, კანზე გამონაყარით, საერთო სისუსტით და ა.შ.

ალერგია კბილის პროთეზზე - ეტიოლოგია: ვითარდება პოლიმერიზებულ პლასტმასაში თავისუფალი მონომერის, საღებავების ან პირის ღრუში სხვადასხვა ლითონის არსებობის შედეგად. სიმპტომები: ენის წვა, პირის სიმშრალე, სხვადასხვა ლითონის დროს ლითონის გემო (ზოგჯერ პირის ღრუში ალუმინის კოვზის შეტანის დროს), მცირე ძაბვის წარმოქმნა. ფუნქციური დარღვევები: ყბა-კბილოვანი სისტემის დაშლის ხარისხის შესაბამისად. მკურნალობა: პლასტმასის პროთეზის გამოცვლა. თუ ალერგენი თავისუფალი მონომერია, საჭიროა პლასტმასის განმეორებით პოლიმერიზაცია; თუ საღებავი, პროთეზის ბაზისი უნდა დამზადდეს უფერო პლასტმასისგან. თუ ასეთი ჩარევა წარუმატებელია, პროთეზის ბაზისი უნდა დამზადდეს ლითონისგან. თუ ალერგენი სხვადასხვა ლითონია, პროთეზი უნდა დამზადდეს ერთი ლითონისგან.

ალერგიული სინჯი - ტესტი ნივთიერების გამოსავლენად, რომელიც ადამიანში იწვევს რაიმე ნივთიერების აუტანლობას (ორგანიზმის მტკივნეულ რეაქციას).

ალერგიული სტომატიტი - ალერგიით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება.

ალვეოლები კბილის (კბილბუდეები) - უჯრედები ყბებში, სადაც თავსდება კბილების ფესვები.

ალვეოლექტომია - კბილის ალვეოლის კიდეების და ალვეოლთაშორისი ძგიდის უბნების მოცილება.

ალვეოლიტი - ამოღებული კბილის ფოსოს ანთება. არის კბილის ამოღების ოპერაციის გართულება. განვითარების მიზეზია სისხლის  ჩამოყალიბებული კოლტის არარსებობა კბილბუდეში, რის გამოც ირღვევა შეხორცების ნორმალური პროცესები.

ალვეოლოპლასტიკა - ალვეოლური ქედის ჩამოყალიბების ქირურგიული ოპერაცია მისი ატროფიის, ტრავმის შედეგად განვითარებული დეფექტების, ოსტეომიელიტის, სიმსივნის მოცილების დროს.

ალვეოლოტომია - კბილის ალვეოლის კედლის გაკვეთა.

ალვეოლური მორჩი - ყბის ძვლის ნაწილი, რომელშიც მდებარეობს კბილი (რკალისებურად მოხრილი ძვლოვანი ქედი, რომელიც არის ზედა ყბის სხეულის გაგრძელება ქვემოთ და ქვედა ყბის - ზემოთ).

ალვოჟილი - ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და ჰემოსტაზური ალვეოლური ნახვევი. ინფიცირებულ ალვეოლაში შეყვანისას სწრაფად ხსნის კბილის ამოღებით გამოწვეულ ტკივილს. მოქმედებს რამდენიმე საათი, რის შემდეგაც საჭირო არ არის ექიმის ჩარევა მის ამოსაღებად, რადგან პრეპარატის ნარჩენები გაიწოვება. პრეპარატი პროფილაქტიკური საშუალების სახით გამოიყენება, უმოკლეს დროში უზრუნველყოფს უმტკივნეულო შეხორცებას.

ალოტრანსპლანტაცია - ამოღებული კბილის გადანერგვა ერთი ადამიანიდან მეორეში, სპეციალურად დამუშავებული და კონსერვანტებში შენახული კბილების ბანკის არსებობის დროს.

ამოვარდნილობა კბილის - კბილის იოგოვანი აპარატის დაზიანება, რაც მის გადაადგილებას იწვევს.

ამოვარდნილობა ჩვეული (მორეციდივე) - საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის - ქვედა ყბის თავის მრავალჯერადი, რეგულარულად განმეორებადი გამოსვლა სასახსრე ფოსოდან, არ საჭიროებს გარეგან ჩარევას ჩასასწორებლად.

ამოკვეთა „ჩაჩის" (პერიკორონიტი) - კბილის ზემოთ ლორწოვანი გარსის უბნის ამოკვეთა. „ჩაჩის" ქვეშ ამოიჭრება კბილი. აქ პერიოდულად გროვდება საკვები, მიკროორგანიზმები და თანდათან ვითარდება ანთება.  

ამპუტაცია კბილის ფესვის - მთელი ფესვის მოცილება კბილის გვირგვინის შენარჩუნების დროს.

:ანაბეჭდი - სხეულის ნაწილის, საგნის და სხვ. ნეგატიური გამოსახულება. სტომატოლოგიაში ანაბეჭდი მიიღება სახიდან (ნიღბიდან) ან მისი სხვადასხვა ნაწილიდან, ყბებიდან და კბილიდან. ანაბეჭდის მიხედვით ჩამოასხამენ მოდელს, შემდეგ მზადდება პროთეზი ან ორთოდონტული აპარატი. ანაბეჭდის მიღება შედგება ეტაპებისგან: ა) საანაბეჭდე კოვზის შერჩევა; ბ) საანაბეჭდე მასის მომზადება და კოვზზე დადება; გ) კოვზის შეტანა პირის ღრუში და ყბებზე დადება; დ) ანაბეჭდის კიდეების დამუშავება; ე) კოვზის და ანაბეჭდის პირის ღრუდან გამოტანა; ვ) ვარგისიანობის შეფასება.

ანალოგი იმპლანტატის - ბრინჯაოს, ალუმინის, ფოლადის ან პოლიმერისგან დამზადებული იმპლანტატის ან მისი ნაწილის ზუსტი ასლი. გამოიყენება იმპლანტაციური სარეცელის სწორი ჩამოყალიბების განსაზღვრისთვის, ანაბეჭდში შესაყვანად, ყბის კომბინირებული მოდელის შესაქმნელად.

ანატომიური გვირგვინი კბილის - მინანქრით დაფარული კბილის ნაწილი. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ბორცვების ან საჭრელი კიდის მოცვეთის გამო.

ანატომიური ფორმა კბილის - კბილის ფორმა ორგანიზმის განვითარების მოცემულ ეტაპზე, საუკეთესოდ შეგუებული ღეჭვას სხვა კბილებთან მეზობლობის პირობებში. აქვს სიმაღლის, სიგანის და ზედაპირზე ღარების თავისებურებები.  

ანესთეზია - სამედიცინო პროცედურების გაუტკივარება სამკურნალო ნივთიერებების შეყვანის გზით.

ანკილოზი - საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზები ხასიათდება სახსარში პათოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ქვედა ყბის ნაწილობრივი ან სრული უძრავობით.

ანომალიები კბილების განვითარების - კბილების ფორმის, ზომის, ფერისა და რაოდენობის ცვლილებები, მათი ჩასახვის მომენტში ორგანიზმის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის გამო.

აპექსი - კბილის ფესვის მწვერვალი, ფესვის ყველაზე ვიწრო ნაწილი.

აპექსლოკატორი - ელექტროხელსაწყო ძაბვისადმი წინააღმდეგობის ცვლილების მიხედვით ფესვის არხის სიგრძის დასადგენად. გვიჩვენებს არხის სიგრძეს მილიმეტრებში, აპექსის წერტილს.

აპიკალური - მწვერვალისმიერი, კავშირი აქვს ფესვის მწვერვალთან.

არაკარიესული დაზიანება კბილების - კბილების ყველა სახის პათოლოგიური მოცვეთა, ასევე კბილის მაგარი ქსოვილების და ფესვის ზედაპირის განვითარების სხვადასხვა მანკი. ვითარდება: ენდოკრინული დაავადებების, მეზობელი და მოპირდაპირე კბილების დგომის დარღვევის, გაზრდილი დატვირთვების, კბილის ხისტი ჯაგრისის ხანგრძლივი გამოყენების, კბილების ცუდი მოვლის გამო. ვლინდება: კბილის დეფექტის სახით, შეხებისას მტკივნეულობით, ქიმიური (მჟავე, მარილიანი, ტკბილი) და ტემპერატურული მოქმედებებისადმი მომატებული მგრძნობელობით.

არასრული ამელოგენეზი - მინანქრის წარმოქმნის მძიმე დარღვევა. აღინიშნება სარძევე და მუდმივი კბილების სტრუქტურისა და მინერალიზაციის სისტემური დარღვევა, ფერის შეცვლა და ქსოვილის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა.

ართრიტი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის - ანთებითი ან ანთებით-დისტროფიული დაავადება.

ართროზი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის - სახსრის დეგენერაციული დაზიანება.

არკუს დიგმა - ხელსაწყო, რომლითაც იღებენ ქვედა ყბის მოძრაობის ინდივიდუალურ პარამეტრებს და აწყობენ (აპროგრამებენ) არტიკულატორის მუშაობას. ამგვარად, რთული ორთოპედიული კონსტრუქციების შესაქმნელად ყველაზე ზუსტად იმიტირდება ქვედა ყბის მოძრაობები და უზრუნველყოფილია მათი მოხერხებული გამოყენება.  

არმირება - კარკასის შექმნა ფესვის ან გვირგვინის ბჟენისთვის სპეციალური მასალისგან, რომელიც აკომპენსირებს საბჟენი მასალის ნაკლს და დატვირთვას ანაწილებს დიდ ფართობზე. მაგ., მინაბოჭკოვანი წკირის გამოყენება კბილის არხის დაბჟენის დროს.

არტაშანის დადება - კბილთა რკალში კბილების დამაგრების ან მდებარეობის შეცვლის მეთოდი. ხელს უშლის მათ მოძრაობას ღერძზე ან ჰორიზონტალურად. გამოიყენება პაროდონტის (კბილის ირგვლივი რბილი ქსოვილების) დაავადებების დროს.

არტიკულატორი - მოწყობილობა, რომელიც იმეორებს ქვედა ყბის ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ ან ურთიერთპერპენდიკულარულ სიბრტყეებში მოძრაობებს. გამოიყენება ორთოპედიული პროთეზების კონფიგურაციის განსაზღვრისთვის.

არტიკულაცია (ლათ. articulation - შესახსრება) - საღეჭი კუნთებით განხორციელებული ქვედა ყბის ყველა შესაძლო მდებარეობა და გადაადგილება ზედა ყბის მიმართ. არტიკულაცია არის ერთმანეთის მონაცვლე ოკლუზიების ჯაჭვი.

არხი კბილის - ღრუ კბილის ფესვში, რომელიც კბილის მწვერვალზე (ანუ ფესვის ბოლოზე) იხსნება ხვრელით, საიდანაც კბილში შედის სისხლძარღვები და ნერვები.

არხის შემავსებელი - თხელი მავთულის სპირალი კბილის არხის დასაბჟენად.        

ასეპტიკა - საექიმო მანიპულაციების დროს ავადმყოფის ჭრილობაში, ორგანოებსა და ქსოვილებში მიკროორგანიზმების მოხვედრის ასაცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების სისტემა.

ასფიქსია - ვითარდება თავის სახის ნაწილის ტრავმების, ცეცხლნასროლი ჭრილობების, ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების (აბსცესი, ფლეგმონა, გლოსიტი, ლუდვიგის ანგინა), ნარკოზისა და ოპერაციული ჩარევების დროს.

ატაჩმენტი - ნაწილობრივ მოსახსნელი (ბუგელური) პროთეზის მიმაგრების ერთ-ერთი სახეობა. მოქმედებს ღილაკის პრინციპით - ერთი ნაწილი ემაგრება პროთეზის მოსახსნელ ნაწილს, მეორე - მოუხსნელს, ლითონ-კერამიკულ გვირგვინებს. ის არ ჩანს, მდებარეობს პირის ღრუს ენისკენა მხარეს.

ატროფია ძვლის - ძვლის ან მისი ნაწილის მოცულობის შემცირება.

აუტანლობა ბაზისის პლასტმასების - გართულება კბილის მოსახსნელი პროთეზების დაყენების შემდეგ, თან ახლავს უსიამოვნო შეგრძნებები ღრძილების მიდამოში. ვლინდება: წვით, ტკივილით, ანთებითი ლორწოვანი გარსით პროთეზთან კონტაქტის ადგილზე, ღებინების რეფლექსით.   

აფთა - ძირითადად, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მცირე ზომის ზედაპირული დაწყლულება. პირის ღრუს აფთას თან ახლავს ტკივილი, რაც აძნელებს ღეჭვას და მეტყველებას, ჭარბი ნერწყვის გამოყოფა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება. 5-7 დღის შემდეგ აფთები ხორცდება ნაწიბურის წარმოქმნის გარეშე. 

აფთოზური სტომატიტი - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი დაავადება. ხასიათდება აფთების წარმოქმნით, მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებითა და რემისიებით.

აქტინომიკოზი - ქრონიკული სპეციფიკური ანთებითი დაავადება სხვადასხვა ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანებით, ხასიათდება ტალღისებრი ხანგრძლივი მიმდინარეობით.

ბაადერის სინდრომი - ლორწოვანი გარსების ზოგადი კატარული ან ფსევდომემბრანული ანთება კანზე მრავლობითი უცნობი ეტიოლოგიის გამონაყარით: მაღალი ტემპერატურა, გამოხატული ჰემორაგიული კონიუნქტივიტი და რინიტი, აქერცლილი ტუჩები, ჰიპერემიული პირის ლორწოვანი გარსი; მკვეთრი წითელი მაკულურ-პაპულური ან პაპულურ-ვეზიკულური გამონაყარი, უპირატესად კიდურებზე. მწვავე მოვლენების ჩაცხრობის შემდეგ კანი იქერცლება. ხშირად რთულდება ბრონქიტით და/ან პნევმონიით.

ბაბინსკის სიმპტომი - ჰემიპლეგიის ნიშანი: კისრის კუნთი ჯანმრთელ მხარეს უფრო ძლიერად იკუმშება, ვიდრე ავადმყოფ მხარეს. კარგად ჩანს პაციენტის პირის გაღების ან ამოსუნთქვის დროს.

ბაბიტები - დამხმარე სტომატოლოგიური ლითონის ადვილად დნობადი შენადნობი, დნობის ტემპერატურა დაახლოებით 2200C. გამოიყენება კბილის საპროთეზო ტექნიკაში ლითონის შტამპების დასამზადებლად. შედგება 12 წილი თუთიის, 3 წილი სტიბიუმის და 2 წილი სპილენძისგან.

ბადე ტიტანის - გამოიყენება ძვლის განსაზღვრული ფორმის შესაქმნელად ძვლის პლასტიკური ოპერაციების დროს. მისი ფუნქცია სამშენებლო ბადის ანალოგიურია, რომელიც გამოიყენება ბეტონის გასამაგრებლად და საჭირო ფორმის მისაცემად.

ბაზალური (basalis) - ფუძესთან მდებარე.

ბაზალური იმპლანტატი - კბილის იმპლანტატების სახეობა. გამოიყენება ყბის ძვლის არასაკმარისი დონის დროს პროთეზირებისთვის. ბაზალური იმპლანტაციის მეთოდი შეიმუშავა ფრანგი და იტალიელი ექიმების ჯგუფმა. ბაზალური იმპლანტატების პირველი და ამჟამად ყველაზე თანამედროვე სისტემა შეიმუშავა პროფ. სკორტეჩიმ. ამ მეთოდის გამოყენებისას პაციენტს ღეჭვა შეუძლია იმპლანტატის ჩანერგვიდან 7-10 დღის შემდეგ. ამ სახის იმპლანტატების თავისებურებაა კარგი მდებარეობა ძვალში, როდესაც იმპლანტატის ირგვლივ მიდამოს აქვს  კარგი სისხლმომარაგება და არ აღინიშნება ძვლის რეზორბცია. ასევე აღინიშნება ძვლის ზრდა იმპლანტატის დატვირთვის დროს, რაც დაკავშირებულია ძვალზე დატვირთვის გაზრდის საპასუხო რეაქციასთან.

ბაზისი პროთეზის - ნაწილობრივ ან სრულად მოსახსნელი პროთეზის ფუძე. არის პოლიმერის ან ლითონის ფირფიტა, მდებარეობს საპროთეზო სარეცელის ქსოვილებზე. ხელოვნური კბილების საყრდენია, ავსებს დაკარგულ ალვეოლურ სტრუქტურებსა და ღრძილის ქსოვილებს. განასხვავებენ პროთეზის ბაზისს გამოყენების დროის (დროებითი და მუდმივი), კონსტრუქციის (მონოლითური, ორშრიანი, მრავალშრიანი), მასალის (ცვილის, პლასტმასის, ლითონის), დანიშნულების (ზედა და ქვედა ყბის), კბილთა მწკრივების დაზიანების ფორმის (კბილთა მწკრივის ნაწილობრივი დეფექტის და ყველა კბილის სრული არარსებობის დროს) მიხედვით.   

ბალანსი პროთეზის - პროთეზის არამდგრადობა საპროთეზო სარეცელის ქსოვილებში.

ბალოგ-ლელკესის სინდრომი - ენის თავისებური ცვლილება ჰორმონულ ძვრებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ან ადგილობრივი პათოლოგიის შედეგად; ენის დვრილების გარქოვანება, ნერწყვდენა, ჰიპო- და დისჰევზია, ენის ნახეთქები, ენის კუნთების ჰიპერტროფია, კბილების დაკარგვა.

ბანდაჟი - გადახვევა, ნახვევი, არტაშანი, აპარატი.

ბანდაჟის ორთოდონტული რგოლი - ენგლის ორთოდონტული აპარატის დეტალი, 0,2 მმ სისქის, 0,5-0,6 სმ სიგანის უჟანგავი ფოლადის ფირფიტა. მის ერთ ბოლოზე მირჩილულია 0,5-0,7 სმ სიგრძის მავთულის ღერო ხრახნიანი ნაჭდევით, მეორეზე - მრგვალი втулка. втулки და მავთულის ღეროს დიამეტრები თანაბარია. ამ ფირფიტისგან ქმნიან რგოლს, ნაჭდევიანი ღერო შეყავთ втулку და მის ბოლოზე ახრახნიან гайку. არეგულირებენ რგოლის გარშემოწერილობას. რგოლი მჭიდროდ უნდა მოიცავდეს საყრდენი კბილის გვირგვინს. ბანდაჟის რგოლები მზადდება ქარხნულად. არსებობს სხვადასხვა სტანდარტული ზომის რგოლები.

ბაქტერიციდული - კლავს ბაქტერიებს (მაგ., ნერწყვის ლიზოციმს აქვს ბაქტერიციდული მოქმედება).

ბელის სიმპტომი - სახის ნერვის პერიფერიული დამბლის ნიშანი: თვალის დახუჭვის მცდელობისას ზედა ქუთუთო დაზიანებულ მხარეზე ძირს ეშვება და ამავდროულად თვალის კაკალი ზემოთ და გარეთ გადაადგილდება.

ბელცის სიმპტომი - კანისა და ლორწოვანი გარსების მოყვითალო-ნარინჯისფერი შეფერილობა სკლერების შეფერვის გარეშე. აღინიშნება კანის აურანტიაზის (კაროტინული სიყვითლის) დროს.  

ბელცის სინდრომი - ტუჩების ლორწოვანი გარსის ღრმა ანთება: სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა ჭამისა და საუბრის დროს, ძლიერი ტკივილი, რეფლექსურად ჩამოშვებული ქვედა ტუჩი (ზედა ტუჩთან და კბილებთან შეხების ასაცილებლად); ტუჩების ნელა განვითარებადი და თანდათან ჩაღრმავებადი წყლულები. თანდაყოლილი ფორმები განიხილება როგორც კიბოსწინარე მდგომარეობა.

ბერჟერონის სინდრომი - ექსფოლიაციური მარგინალური გლოსიტი. ძირითადად, ვითარდება ბავშვთა ასაკში. ენაზე ჩნდება დაკლაკნილი და ენის სხვა ნაწილებისგან მკვეთრად გამოყოფილი მოთეთრო-რუხი გარსით მოარშიებული მკვეთრი წითელი ლაქები. მათი ზომები და მდებარეობა ყოველდღიურად იცვლება.   

ბერტონის სიმპტომი - სატურნიზმის ნიშანი: ნაზი ნაცრისფერი არშია ქვედა ყბის კბილების ღრძილის კიდეზე (ტყვიით მოწამვლა (სატურნიზმი, ლათ. saturnus (პლანეტის სახელის მიხედვით) - ტყვია) მძიმე ლითონებით მოწამვლის ყველაზე გავრცელებული სახეა. დაავადება, ძირითადად, აღინიშნება 1-5 წლის ბავშვებში. თუთია ადამიანის ორგანიზმში ხვდება ტყვიის შემცველი მტვრის, ნაბოლქვისა და ორთქლის ჩასუნთქვისას და ფსიქოტროპულ, ნეირო- და ჰემატოტოქსიკურ ზემოქმედებას იწვევს).

ბეტადინი (იოდოპოვიდონი) - პრეპარატის ძირითადი კომპონენტია აქტიური იოდი პოლივინილპიროლიდონიოდის სახით. გამოიყენება 1% ხსნარის სახით. მოქმედებს ბაქტერიებზე, სოკოებზე, ვირუსებზე, უმარტივესებზე.

ბეჰჩეგის სინდრომი - ქრონიკული დაავადება, სავარაუდოდ ვირუსული ეტიოლოგიის. ხასიათდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, სასქესო ორგანოების აფთურ-წყლულოვანი ცვლილებებით, თვალების ანთებითი დაზიანებით, მორეციდივე მიმდინარეობით.

ბიკუსპიდატი - ორბორცვიანი კბილი - პრემოლარი.

ბიოთავსებადობა - ცოცხალი ორგანიზმის მიერ უცხო მასალის შეყვანის გადატანა, მასალის უნარი არ დათრგუნოს აღდგენითი პროცესები ქსოვილებში.

ბიოლოგიური მეთოდი პულპიტის მკურნალობის - პულპის სიცოცხლისუნარიანობის სრული შენარჩუნება პულპიტის მკურნალობის დროს. აქვს მკაცრი ჩვენებები.

ბიომეტრია (biometria) - ორგანიზმის სხვადასხვა ნიშნების მასიური გაზომვის მონაცემების მათემატიკური დამუშავების მეთოდების ერთობლიობა. ბიომეტრიული გაზომვების საფუძველზე სამედიცინო მრეწველობა ამზადებს ხელოვნურ კბილებს.

ბიომექანიკა - ბიოფიზიკის ნაწილი. შეისწავლის ცოცხალ ქსოვილებში, ორგანოებსა და ორგანიზმში მიმდინარე მექანიკურ მოვლენებს, მათ შორის მოძრაობის დროსაც.

ბიომექანიკა ქვედა ყბის - სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ყბის მოძრაობის თავისებურებებს. ქვედა ყბა ღეჭვაში, ყლაპვაში, მეტყველებაში მონაწილეობისას ასრულებს ვერტიკალურ (პირის გაღება და დახურვა, წინ და უკან წამოწევა) და გვერდით (გადაადგილება მარჯვნივ და მარცხნივ) მოძრაობებს.

ბიომექანიკური მეთოდები სტომატოლოგიაში - პაციენტის ყბა-კბილოვანი სისტემის მოძრაობის ინდივიდუალური თავისებურებების განსაზღვრის მეთოდები ყბების მოძრაობის იმიტირებადი აპარატების - არტიკულატორების საშუალებით.  

ბიომიკროსკოპია - პირის ღრუს ლორწოვან გარსში მიკროცირკულაციის შესწავლა ვიზუალური დაკვირვებით. დგინდება მიკროსისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის სიჩქარე, მათი დიამეტრი და განაწილების სიმკვრივე, სისხლძარღვოვანი კალაპოტის არქიტექტონიკა. მეთოდი გამოიყენება დინამიკური დაკვირვებისთვის აფთური სტომატიტისა და პაროდონტის დაავადებების დროს.

ბიოფსია (biopsia) - ცოცხალი ორგანიზმიდან ქსოვილის ნაწილის ამოკვეთა მიკროსკოპიული კვლევისთვის.

ბიპროგნატია (biprognathia) - ფიზიოლოგიური თანკბილვის სახეობა. საჭრელების მაკრატლისმაგვარი შეფარდება ყბების სხეულების მიმართ ორივე ყბის ფრონტალური კბილების და ალვეოლური მორჩების წინ დახრილი მდებარეობის დროს.

ბიფურკაცია (bifurcatio) - ორ ნაწილად გაყოფა, ეხება ტრაქეას და კბილების ფესვებს.

ბლასტომიკოზი - Candida-ს გვარის სოკოებით გამოწვეული ქრონიკული ინფექციური დაავადება. აზიანებს უპირატესად კანს, ფილტვებს, ძვლებს, ღვიძლს, ელენთას, თირკმლებს. შესაძლებელია პირის ღრუს მეორადი ინფიცირება შიდს-ით დაავადებულებში. დიაგნოზი დგინდება ბაქტერიოლოგიური კვლევით. კლინიკური სურათი: ლოყების, ენის,ს ასის, ღრძილების ლორწოვანი გარსის სისქეში ჩნდება ერთეული ან მრავლობითი კვანძები. დაზიანების კერები წამოწეულია ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან. პათოლოგიური კვანძის დაშლისას წარმოიქმნება წყლული პაპულომატოზური ჩაზრდით, აქვთ ქრონიკული მიმდინარეობა.

ბლეკი (Black) - კარიესული ღრუების კლასიფიკაცია. გამოყოფენ 5 ტიპის ღრუს: I - ბუნებრივ ფისურებსა და ფოსოებში წარმოქმნილი; II - პრემოლარებისა და მოლარების საკონტაქტო ზედაპირებზე მდებარე; III - საჭრელებისა და ეშვების საკონტაქტო ზედაპირებზე მდებარე, საჭრელი კიდის კუთხის მთლიანობის დარღვევის გარეშე; IV - საჭრელებისა და ეშვების საკონტაქტო ზედაპირებზე მდებარე, საჭრელი კიდის კუთხის მთლიანობის დარღვევით; V - ყელთან მდებარე.

ბლეკის (Black) ფაგოდინამომეტრი - საკვების დაქუცმაცების დროს ძალის განსაზღვრის ხელსაწყო. შედგება 2 ოკლუზიური ლითონის ფირფიტისგან, რომლებიც ზედა და ქვედა პირველ მოლარებს ასახავენ. ამ შეთანასოვნებად მოედნებს შორის ათავსებენ დასაქუცმაცებელ საკვებს. საკვების დასაქუცმაცებელ ძალას წარმოქმნის ბერკეტი, რომელიც ზეწოლას გადასცემს ზედა მოედანს (ასახავს პირველ მოლარს). ზეწოლის ძალა განისაზღვრება ხელსაწყოს ზამბარასთან მიერთებულ შკალაზე.

ბლოკადა ქვედა ყბის - (ინგლ. blocade - წინაღობა, შეფერხება) - მისი გადაადგილების ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვა. მიზეზები: ოკლუზიური დარღვევები კბილთა მწკრივის დეფორმაციის, ღრმა თანკბილვის, ლატერალური ფრთისებრი კუნთების დისფუნქციის დროს სასახსრე დისკოს ჩაჭედვის; საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ოსტეოართროზებისა და ანკილოზების, კონტრაქტურების, ტრავმის, დამწვრობის შემდეგ კანისა და ლორწოვანი გარსის ნაწიბუროვანი ცვლილებების შედეგად.

ბლოკირება კბილების - ორთოპედიული ჩარევა (გვირგვინები, არტაშანები, კაპები) კბილების პათოლოგიური მოძრაობის აღსაკვეთად და ფუნქციის შესასრულებლად.

ბონვილი (W.G.A.Bonwill). არტიკულაციის კანონები

1. ორივე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის თავების შუა წერტილებსა და ქვედა შუა საჭრელების საჭრელი ზედაპირების შეხების წერტილს შორის მანძილი 10 სმ (ძალიან უმნიშვნელოდ მერყეობს). იგივე მანძილია ორივე სასახსრე თავს შორის. მიიღება ტოლგვერდა სამკუთხედი  10 სმ გვერდებით.

2. საჭრელების მიდამოში გადაფარვის სიღრმე უნებლიე და შემთხვევითი არ არის, დამოკიდებულია მოლარებისა და პრემოლარების ბორცვების სიმაღლეზე, ყბების რკალში ამ ბორცვების მდებარეობაზე და კბილთა რკალის სიმრუდეზე. ბორცვების სიმაღლე მცირდება პრემოლარებიდან მოლარებისკენ.

3. საჭრელები „ხელმძღვანელობენ" ქვედა ყბის ყველა მოძრაობას ზედა ყბის მიმართულებით, ეშვების მსგავსად ზოგიერთ ცხოველში. თუ ზედა ყბის საჭრელები არ გადაფარავენ ქვედას, მოლარებსა და პრემოლარებს არ აქვთ მნიშვნელოვნად განვითარებული ბორცვები. თუ ბორცვები არის, ისინი იცვითება გარკვეულ პერიოდში.

4. ღეჭვის დროს ქვედა ყბის მარცხნივ მოძრაობისას მარცხენა მხრის მოლარების გარეთა და შიგნითა ბორცვები გადაადგილდებიან ზედა ყბის შესაბამის ბორცვებზე (თანამოსახელე მრავალბორცვიანი კონტაქტი). ამავდროულად, ქვედა ყბის მარჯვენა მხარეზე ბორცვები გადაადგილდება ზედა ყბის შიგნითა ბორცვებზე (სხვადასხვა მოსახელე ერთბორცვიანი კონტაქტი). ყბის მარჯვნივ მოძრაობის დროს იგივე ხდება შესაბამისად უკუმიმართულებით.

ბონვილის სამპუნქტიანი კონტაქტი - ქვედა ყბის წინ წამოწევის დროს კბილთა მწკრივებს შორის კონტაქტი შენარჩუნებულია რამდენიმე პუნქტში: მარცხენა და მარჯვენა მხრის საჭრელებს, ცალკეულ საღეჭ კბილებს შორის. ამ კონტაქტებს ლიტერატურაში ბონვილის სამპუნქტიანი კონტაქტი ეწოდება.

ბორმანქანა (bohrmaschine) - საბურღი მანქანა. გამოიყენება სპეციალური საჭრელი ინსტრუმენტებით კბილის მაგარი ქსოვილების პრეპარირებისთვის. არსებობს არაელექტრული და ელექტრული მანქანები. ელექტრულებს აქვთ სხვადასხვა კონსტრუქცია: მდგომი, მწოლიარე, კედელზე ჩამოსაკიდი, პორტატული. არაელექტრული ფეხის ბორმანქანები მოძრაობს ფეხის პედალით. ელექტრულ ბორმანქანებს აქვთ ელექტროძრავა, რომლიდანაც ბრუნვითი მოძრაობები გადაეცემა ბუნიკს. საჰაერო ტურბინის მქონე ბორმანქანები გამოიყენება დიდ ბრუნებზე  მაღალი შენადნობის ბურღით (კარბიდული ბურღები) და მტკიცე აბრაზიული მასალებით კბილის მაგარი ქსოვილების პრეპარირებისთვის. აპარატის კორპუსში არის წყლისა და ჰაერის მიწოდების ავტომატური გადამრთველები, ზეთის ფილტრები, ელექტროჩამრთველები და ჰაერისა და წყლის მიწოდების მარეგულირებელი სარქველები. ჰაერი აპარატში მიემართება სპეციალური კომპრესორიდან. წყალი და ჰაერი ბუნიკს მიეწოდება ორი ბოლოს მქონე გამომტანი მილით.

ბორცვები საღეჭი - მოლარების და პრემოლარების საღეჭი (ოკლუზიური) ზედაპირის მინანქრით დაფარული გამოშვერილი ნაწილები, რომლებიც აქუცმაცებენ მაგარ საკვებს. აქვთ მწვერვალი და დახრილობები, ერთმანეთისგან ფისურებით არიან გამოყოფილი.   

ბორცვი ალვეოლური - ზედა ყბის ალვეოლური მორჩის წყვილი დისტალური დაბოლოვება, მდებარე მოლარების უკანა მიდამოში. მნიშვნელოვანია, როგორც ანატომიური რეტენციის პუნქტი ზედა ყბაზე მოსახსნელი პროთეზების ფიქსაციის დროს.

ბორცვი სასახსრე - საფეთქლის ძვლის ყვრიმალის მორჩის ფუძის გამოშვერილი წარმონაქმნი. წინიდან საზღვრავს სასახსრე ფოსოს. მის დახრილობაზე ცურავს სასახსრე დისკო და ქვედა ყბის თავი პირის გაღების, ქვედა ყბის წინ წამოწევის დროს.

ბოუგის სიმპტომი - ორთოდონტული მკურნალობის ჩვენება: 4-7 წლის ბავშვში მუდმივ მოლარებს შორის მანძილი არ აღემატება 28 მმ.

ბოქსილი - გამოიყენება მოკრივეების დამცავი არტაშნების დასამზადებლად. ბოქსილის პლასტმასის არტაშნები ელასტიურია, მაღალი სიმტკიცის, კარგად ერგება კბილთა მწკრივებს და იცავს კბილებს დაზიანებისგან. ბოქსილი არის ცივი ვულკანიზაციის სილიკონის კომპაუნდი. შედგება პასტისა და გამამყარებელი სითხისგან. არტაშნის დამზადების ტექნოლოგია მარტივია, გათბობას არ საჭიროებს.

ბრაქიგენია (brachigenia) - მიკროგენია, ქვედა ყბის განუვითარებლობა.

ბრაქიოდონტი (brachiodont) - დაბალი გვირგვინისა და ვიწრო აპიკალური ხვრელის მქონე კბილი.

ბრეკეტი, ბრეკეტ-სისტემა - ბრეკეტ-სისტემა: მოუხსნელი ორთოდონტული აპარატი. შედგება საყრდენი ნაწილისგან - რგოლებისა და ბრეკეტებისგან, რომლებიც ფიქსირდება კბილებზე და აქტიური ნაწილისგან - რკალისგან, რომლის საშუალებითაც ხდება კბილების გადაადგილება სამ სიბრტყეში. ბრეკეტი: ორთოდონტული ელემენტი, რომელიც ეწებება კბილის წინა ზედაპირს რკალის დასამაგრებლად. ის შეიძლება იყოს ლითონის, პლასტმასის, კერამიკული ან საფირონის.

ბროკ-პოტრიეს სინდრომი - ენის განვითარების ანომალია შესაძლო დაწყლულებით: წითელი ან მკრთალი (ჰიპერკერატოზული ეპითელიუმი), გლუვი (დვრილების გარეშე), რომბისებრი ან ოვალური ლაქა ენის ზურგის შუა ნაწილში; ჩივილები არ არის. თუ მეორადი ინფექცია დესქვამაციას იწვევს, აღინიშნება ენის ძლიერი წვა სანელებლიანი კერძების მიღებისას. შეიძლება განვითარდეს ენის ცუდად შეხორცებადი წყლულები, პირის სიმშრალე, რეგიონული ლიმფადენოპათია. ძირითადად, ავადდებიან მამაკაცები.

ბრუქსიზმი - კბილების უნებლიე, არაკონტროლირებადი დაჭერა და კრაჭუნი ღამით ძილის დროს (ზოგჯერ დღისით). ძირითადად, თან ახლავს კბილების მომატებული მოცვეთა და მინანქრის თანდათან დაკარგვა საღეჭ ზედაპირზე. ბრუქსიზმი აძნელებს ორთოპედიული კონსტრუქციების შერჩევას. მკურნალობა ნევროპათოლოგისა და სტომატოლოგის მონაწილეობით. სტომატოლოგიურ კლინიკებში შეიძლება დამაგრდეს კაპა ღამით სატარებლად, რომელიც ხელს უწყობს კბილების შენარჩუნებას. თუ ეს მოვლენა დღისით ვითარდება, საუბრობენ ბრუქსომანიაზე.

ბუგელი (bugel) - პროთეზის ნაწილების შემაერთებელი ლითონის რკალი.

ბუგელური პროთეზი - მოსახსნელი პროთეზი. შედგება ხელოვნური კბილებისა და პირში არსებულ კბილებზე მისი დამამაგრებელი სხვადასხვა ელემენტისგან. ბუგელურ კონსტრუქციაში, ჩვეულებრივ მოსახსნელ პროთეზებში გამოყენებადი პლასტმასის ფირფიტის გარდა, გამოიყენება ლითონის რკალი, რომლის გამოც პაციენტი ადვილად ეგუება პროთეზს.

ბუგელური პროთეზი ატაჩმენტებით - ეს მოსახსნელი ორთოპედიული კონსტრუქცია სპეციალური საკეტებით (ე.წ. ატაჩმენტებით) მაგრდება საყრდენ კბილებზე დაყენებულ ნებისმიერი სახის გვირგვინზე. მიმაგრების ამ მეთოდით პროთეზის საიმედო ფიქსაცია და კარგი ესთეტიკური შედეგი მიიღება. საკეტები არ ჩანს პროთეზის შიგნით მდებარეობის გამო.

ბუგელური პროთეზი კლამერებით - მოსახსნელი ორთოპედიული კონსტრუქცია, რომელიც მაგრდება საყრდენ კბილებზე სპეციალური კაუჭების (ე.წ. კლამერების) საშუალებით. კაუჭები ზოგჯერ შესამჩნევია თხელი ლითონის ხაზის სახით კბილზე ღრძილთან.

:ბუნიკი ენდოდონტიური - გამოიყენება კბილის ფესვის ირიბი არხების მანქანით დასამუშავებლად.

:ბუნიკი კუთხიანი - გამოიყენება ბურღზე, დისკის დამჭერზე და სხვა ინსტრუმენტზე ბრუნვის გადასაცემად ბორმანქანებში, ბრუნვის სიჩქარით 30000-მდე ბრ/წთ. ბუნიკს აქვს მოსაბრუნებელი თავი, რომლის მდებარეობაც საიმედოდ ფიქსირდება ჭანჭიკით. ბურღის ფიქსაცია ხდება წინ გადაადგილებადი საკეტით. ბუნიკის კორპუსში მდებარეობს ორ საკისარში მბრუნავი ლილვი. მისი უკანა ნაწილი მთავრდება ჩანგლით, სახელურის ღვედთან შესაერთებლად. ბუნიკის თავზე მაგრდება წყლით გაგრილების საცმი.  

ბუნიკი პირდაპირი - მასზე მაგრდება კბილის ბურღები და აბრაზიული ინსტრუმენტი, რომლებსაც ბორმანქანიდან ხისტი სახელურით ან მიკროძრავით გადაეცემა ბრუნვა 30000 ბრ/წთ სიჩქარით.

ბუნიკი ტურბინული - საჰაერო ტურბინიანი ბუნიკი. ახდენს კბილების პრეპარირებას ყველა სახის პროთეზირების და თერაპიული სამუშაოს დროს დიდი სიჩქარით უმნიშვნელო წნევის დროს.

ბუნიკი ფესვის - აქვს უკუბრუნვითი მოძრაობა. გამოიყენება ფესვის არხების დასამუშავებლად, მათ შორის ირიბის, რომელთა დამუშავებაც მანქანის ბურღებითა და ჩვეულებრივი ბუნიკებით, არხის ანატომიური მიმართულების დარღვევის გარეშე თითქმის შეუძლებელია.

ბურღები კბილის - გამოიყენება პირდაპირი და კუთხიანი ბუნიკის მქონე ჩვეულებრივ და მაღალბრუნიან მანქანებზე, მინანქრისა და დენტინის მექანიკური დამუშავებისა და მოქლიბვისთვის.

ბუფერული მოცულობა ნერწყვის - მჟავებისა და ტუტეების განეიტრალების უნარი. განისაზღვრება ჰიდროკარბონატული, ფოსფატური და ცილოვანი სისტემით.

ბუშტუკი (urtica) - ჩნდება კანზე, თუ შემოფარგლულ უბანზე უეცრად ჩნდება შეშუპება (ანთების გამო), რომელიც წამოწევს ზედაპირს. ბუშტუკი მკრთალია, გამობურცული, ჰიპერემიული ზონით გარშემორტყმული. ეს არის I ტიპის ნაადრევი იმუნური დაზიანება, რომლის დროსაც დაუყოვნებელი დადებითი კანის სინჯი გამოვლინდება ბუშტუკის სახით. პირის ღრუში ბუშტუკი არ წარმოიქმნება. კვინკეს შეშუპება ტუჩებზე ჭეშმარიტი ბუშტუკი არ არის.

გააქტიურება - აპარატის გააქტიურება - მისი იმ მდგომარეობამდე მიყვანა, როდესაც ის იწყებს აქტიურ მოქმედებას კბილების მდებარეობისადმი მიცემული მიმართულებით.

გათეთრება კბილების - კბილების მინანქრის ფერის შეცვლა უფრო ღია ტონებამდე, კბილებზე სპეციალური უვნებელი პრეპარატების წასმით. შეიძლება ექიმის კაბინეტში ან ბინის პირობებში.  

გათეთრება კბილების ლაზერით - კბილების მინანქრის ფერის უფრო ღია ტონებამდე შეცვლის პროცედურა სპეციალური უვნებელი პრეპარატების ხანმოკლე დატანით და სპეციალური სანათის შუქით, გათეთრების პროცესის დასაჩქარებლად. შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კაბინეტში.

გათეთრება შინაგანი (ენდოგათეთრება) - კბილის გათეთრება მისი არხების მედიკამენტური მკურნალობით (4-5 სეანსი). ტარდება, როდესაც არხები ადრე უხარისხოდ იყო ნამკურნალები ან თუ კბილში დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა, რამაც მისი გამუქება გამოიწვია. ენდოგათეთრების შემდეგ ხდება კბილის გვირგვინოვანი ნაწილის აღდგენა რესტავრაციის მეთოდით.  

გალვანიზაცია - სამკურნალო მიზნით დაბალი ძაბვის მუდმივი ელექტრული დენის გამოყენება. მეთოდს სახელი უწოდებს იტალიელი ფიზიოლოგის ლ. გალვანის პატივსაცემად. გალვანიზატორი - სტომატოლოგიური აპარატი არის მუდმივი ძაბვის რეგულირებადი წყარო. გამოიყენება 5 მა-მდე ძაბვის გალვანური პროცედურების ჩასატარებლად პირის ღრუში. 

გალვანოტექნოლოგია - სხვადასხვა პროთეზის დამზადების მეთოდი (უფრო ზუსტად: პროთეზის ლითონის ფუძის ან დამხმარე ელემენტის) გალვანოპლასტიკის გამოყენებით, ანუ ელექტროლიტის ხსნარიდან ძაბვის ზემოქმედებით ლითონის ნაწილაკების დაშრევებით.

გალვანიზმი - ეტიოლოგია: ლითონის ჩანართები პირის ღრუში (ერთი და სხვადასხვა სახის). კლინიკა: გლოსალგია, პირის სიმშრალე ან მომატებული სალივაცია, პირის ღრუს ქრონიკული დაავადებები: წითელი ბრტყელი ლიქენი, ლეიკოპლაკია, ლითონის, მარილის, მწარე, მჟავე გემო, პირის ღრუს ლორწოვანის პარესთეზიები, უსიამოვნო შეგრძნებები ლითონის კოვზით პროთეზზე შეხებისას. ობიექტურად: припоя გამუქება, ლორწოვანი გარსის ცვლილება ჰიპერკერატოზის, ჰიპერემიის სახით, ოქროს და უჟანგავი ფოლადის გვირგვინების გამუქება. 50 მკა მეტი მიკროძაბვა, ტიტანის, ნიკელის, რკინის, ტყვიის, ქრომის მომატებული შემცველობა შარდში, სისხლში, ნერწყვში, გემოვნების მგრძნობელობის დაქვეითება და გაუკუღმართება ტკბილზე, მჟავეზე, მარილიანზე.

გამტარებლობითი ანესთეზია - გაუტკივარების მეთოდი. საანესთეზიო საშუალება შეყავთ სამწვერა ნერვის ტოტის ნერვულ ბოჭკოსთან და ახორციელებენ მის ბლოკადას. ტკივილის მგრძნობელობა გამოირთვება ზედა ან ქვედა ყბის დიდ უბანზე და მის მიმდებარე რბილ ქსოვილებზე (ადგილობრივი ანესთეზიის დროს გაუტკივარება მოიცავს 1-2 კბილს).

გაპობა კბილის (მოტეხილობა) - კბილის დეფექტი. ვითარდება ტრავმის ან დარტყმის, კბილების გადატვირთვის ან დამშლელი პროცესებით კბილის ქსოვილების დასუსტების შედეგად.

გაპრიალება ბჟენის - ინსტრუმენტით კბილიდან საბჟენი მასალის ხორკლიანობის და გამოშვერილი კიდეების მოცილება.

გარანტია - ვალდებულება, რომელიც პაციენტს ეძლევა ექიმის მიერ შესრულებულ სამუშაოსა და გამოყენებულ მასალებზე. არის 2 სახის გარანტია: საგარანტიო ვადა - პერიოდი, როდესაც ექიმი უფასოდ აცილებს თავისი მუშაობის ნაკლს (მაგ., ქლიბავს ბჟენს, აცილებს კბილებს შორის ნაპრალს); ვარგისიანობის ვადა - პერიოდი, როდესაც ექიმი უფასოდ მთლიანად გადააკეთებს ნამუშევარს, თუ ნაკლი განვითარდა მის გამო და სხვანაირად მისი მოცილება შეუძლებელია.   

გასტრიტი (gastritis) - კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. არის მწვავე და ქრონიკული. ორივე ფორმა შეიძლება აღინიშნოს საღეჭი აპარატის მწვავე ტრავმის, ღეჭვის ფუნქციის გამოთიშვის, კბილების დიდი რაოდენობით ან სრული არარსებობის დროს.

გაუტკივარება - ტკივილის ხელოვნური მოხსნა. ნერვული მგრძნობელობის გზის ჯაჭვი შედგება 3 რგოლისგან: 1) ქსოვილებსა და ორგანოებში არსებული, გაღიზიანების აღმქმელი რეცეპტორები (ექსტრაინტერორეცეპტორები); 2) სენსორული ნერვული და ზურგის ტვინის გზები - გაღიზიანება თავის ტვინთან მიაქვთ; 3) თავის ტვინის სენსორული ცენტრები - გაღიზიანებას ტკივილის გრძნობად გარდაქმნიან. ნერვული ელემენტები ქსოვილებსა და ორგანოებში არათანაბრად არის განაწილებული, ამიტომ სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის მგრძნობელობაც განსხვავებულია. ზოგიერთ ქსოვილს საერთოდ არ აქვს ტკივილის მგრძნობელობა (მაგ., კბილის მინანქარი), ზოგს ძალიან მაღალი აქვს (მაგ., დენტინი). ცვლილებებისა და ანთების მდგომარეობაში მტკივნეული გამღიზიანებლისადმი ქსოვილები უფრო მგრძნობიარენი არიან. შეშუპებულ ქსოვილებში მგრძნობელობა დაქვეითებულია. სხვადასხვა დაავადების დროს ტკივილთან ბრძოლა მედიცინის, მათ შორის სტომატოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ტკივილის მოხსნა ამსუბუქებს ავადმყოფის მდგომარეობას და არის სამკურნალო ღონისძიება.

გერენის სიმპტომი - ზედა ყბის მოტეხილობის ნიშანი: პირის ფართოდ გაღების და საჩვენებელი თითებით ძირითადი ძვლის ფრთისებრი მორჩების კაუჭებზე ზეწოლისას ვითარდება ტკივილი, რომელიც ვრცელდება დაზიანებული ძვლის მთელ სიგრძეზე.  

გვერდითი ოკლუზია - ვითარდება ქვედა ყბის მარჯვნივ ან მარცხნივ გადაადგილებისას. ქვედა ყბის თავი ცდომის მხარეს ოდნავ ბრუნავს და სასახსრე ბორცვის ფუძესთან რჩება, მოპირდაპირე მხარეს კი გადაადგილდება სასახსრე ბორცვის მწვერვალისკენ. გვერდით ოკლუზიას თან ახლავს ცდომის მოპირდაპირე მხარის ლატერალური ფრთისებრი კუნთის ცალმხრივი შეკუმშვა.

გვირგვინი კბილის (ლათ. corona) - მინანქრით დაფარული გასქელებული ნაწილი (ანატომიური გვირგვინი). არსებობს ცნება „კლინიკური გვირგვინიც" - ღრძილის ზემოთ მდებარე კბილის ნაწილი. ანატომიური გვირგვინი ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ბორცვების ან საჭრელი კიდის მოცვეთის შედეგად. კლინიკური გვირგვინი კი შეიძლება გაიზარდოს ალვეოლის კედლის რეზორბციის და ფესვის გაშიშვლების შედეგად. ამგვარად, ის მოიცავს გარკვეული მდგომარეობების დროს ანატომიურ გვირგვინს და ფესვის ნაწილს.

გვირგვინი კბილის დაშტამპული - სტანდარტული ლითონის ჰილზებისგან ან დისკოებისგან შტამპვით დამზადებული პროთეზი. შეირჩევა კბილის ზომის მიხედვით და მაგრდება გვირგვინზე.

გვირგვინი კბილის ხელოვნური (ერთეული) - კბილის გვირგვინის მფარავი პროთეზი. ფუნქციის მიხედვით შეიძლება იყოს აღმდგენი, საფიქსაციო (საყრდენი), დროებითი ან პროვიზორული (დამცავი ჩაჩებით). კბილები სპეციალურად მზადდება (პრეპარირდება) გვირგვინის ქვეშ, რომელიც საყრდენ კბილებზე სპეციალური ცემენტით ფიქსირდება. მან უნდა აღადგინოს დაზიანებული გვირგვინის ანატომიური ფორმა, თავის თავზე აიღოს მისი ფუნქცია,  კბილის შენარჩუნებული სტრუქტურები დაიცვას შემდგომი დაშლისგან. მის დასამზადებლად გამოიყენება უჟანგავი ფოლადი, ქრომ-კობალტის შენადნობი, ოქრო, ვერცხლ-პალადიუმის შენადნობი, პოლიმერები, კომპომერები, კერომერები, ფაიფური, სიტალი ან ლითონის კომბინაცია პოლიმერებთან ან კერამიკასთან.

გვირგვინი ტელესკოპიური (ბერძ. tele-შორს, + skopeo - ვხედავ) - ორი ერთმანეთში შემავალი ხელოვნური გვირგვინი. შიგნითა - ლითონის ჩაჩია, გარეთას აქვს კბილის ანატომიური ფორმა და ვინირება. დასახელება მიიღო ტელესკოპის ერთმანეთში შემავალ სექციებთან მსგავსების გამო.

გვირგვინის მომხსნელი ე.ვ. კოპის - გამოიყენება ლითონის გვირგვინების მოსახსნელად მათი მორგების დროს: ზამბარას ჭიმავენ, ინსტრუმენტის საგვირგვინე ბოლოს მიიტანენ გვირგვინის კიდის ქვეშ და აჭერენ გამშვებ კაუჭს. ამ დროს ზამბარა ურტყამს ინსტრუმენტის ზედა ნაწილს. დარტყმა გადაეცემა გვირგვინის კიდეს. ყოველი დარტყმისთვის საჭიროა ზამბარის განმეორებით დაჭიმვა.

გინგივექტომია - ქირურგიული ოპერაცია პაროდონტის მკურნალობის დროს: ღრძილის კიდის ამოკვეთა მისი ჩაზრდის დროს.

გინგივიტი (gingivitis) - ღრძილის ანთება. განპირობებულია ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებით. მიმდინარეობს კბილ-ღრძილის შეერთების მთლიანობის დარღვევის, ძვლოვანი ქსოვილის ჩართვის გარეშე. არანამკურნალები გინგივიტი გადადის პაროდონტიტში.   

გინგივიტი კატარული ქრონიკული - სხვა სახის გინგივიტებს შორის კატარული ყველაზე ხშირია (დაახლოებით 90%). მისი დამახასიათებელი ნიშნებია: 1) დაავადება ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებში, იშვიათად ახალგაზრდებში; 2) დარღვეული არ არის კბილ-ღრძილის შეერთება (არ არის ჯიბე); 3) რენტგენოგრამაზე არ ჩანს ალვეოლთაშორისი ძგიდეების დესტრუქციის ნიშნები; 4) ღრძილის ღარის ზონდირების დროს სისხლდენის სიმპტომი დადებითია; 5) არსებობს პირდაპირი კავშირი ჰიგიენის ინდექსსა და გინგივიტის ინდექსს შორის, კბილის არამინერალიზებული ნადებები (მიკრობული ნადები და ა.შ.); 6) ხშირად გინგივიტს თან ახლავს მინანქრის კეროვანი დემინერალიზაცია ყელის მიდამოში; 7) ავადმყოფთა ზოგადი მდგომარეობა დარღვეული არ არის, მწვავე ან ქრონიკული დაავდების გამწვავების შემთხვევების გარდა.

გინგივიტი მწვავე კატარული - მწვავე პროცესს ღრძილში თან ახლავს თვითნებურად განვითარებადი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ჭამის და კბილების წმენდის დროს. მადა არ არის, აღინიშნება ზოგადი სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ჭარბი სალივაცია და ორგანიზმის ინტოქსიკაციის სხვა ნიშნები. დათვალიერებისას აღინიშნება ღრძილის მკვეთრი ჰიპერემია, რომელიც ვრცელდება მიმაგრებულ ღრძილზეც, მაგრამ კბილ-ღრძილის შეერთება დარღვეული არ არის. ღრძილი ადვილად სისხლმდენია, პალპაციით მტკივნეული. მწვავე მოვლენები, ძირითადად, ჩაცხრება 7-10 დღეში. ნარჩენი მოვლენები არ აღინიშნება. მთავარია, რომ ძირითადი დაავადების მკურნალობა სპეციალისტმა ჩაატაროს.

გინგივიტი ქრონიკული ჰიპერტროფიული - ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაავადება შედარებით ხშირად ვლინდება (კატარულის შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს). ის, ძირითადად,  პრეპუბერტულ (8-9-დან 13-14 წ-მდე) და პუბერტულ (13-14-დან 18-20 წ-მდე) პერიოდებში დიაგნოსტირდება. ღრძილის ჰიპერტროფიის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სასქესო ჰორმონებს. მათი ქაოსური გამოყოფა პროლიფერაციული პროცესების სტიმულაციის პირობებს ქმნის  ლორწოვანი გარსების, მათ შორის ღრძილის, ეპითელიუმში. გინგივიტისადმი წინასწარგანმწყობი ან მისი მიმდინარეობის გამართულებელი ფაქტორებია თანკბილვის განვითარების ანომალიები, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და სხვ. მოზრდილების მსგავსად, ბავშვებშიც ღრძილის ჰიპერტროფიას იწვევს კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (დიფენინი და სხვ.) მიღება ეპილეფსიის სამკურნალოდ.

გინგივიტი წყლულოვან-ნეკროზული ვენსანის - გინგივიტის ეს ფორმა კატარულსა და ჰიპერტროფიულზე იშვიათია. ძირითადად, ქრონიკული კატარული გინგივიტის გართულებაა. კატარულის წყლულოვან-ნეკროზულში გადასვლას ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობის დამაქვეითებელი ცვლილებები და დაავადებები (ინფექციური, ალერგიული დაავადებები, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენური მდგომარეობა, ბევრი კარიესული, დაშლილი კბილი და სხვ.).

გინგივიტი ჰიპერტროფიული - ქრონიკული ანთებითი პროცესი ღრძილში, პროლიფერაციის სიჭარბით. გინგივიტის ამ ფორმის მქონე ახალგაზრდა პირები ავადობის ზოგად სტრუქტურაში 3-5%-ია. ყველაზე ხშირად გამოვლინდება პუბერტატამდე და პუბერტატის ასაკის ბავშვებში, რაც დაკავშირებულია ღრძილის ეპითელიუმზე განვითარებადი სასქესო სფეროს ჰორმონების გავლენით. 

გლოსალგია (glossalgia) - ენის დაავადება. თან ახლავს ნევროლოგიური სიმპტომები - წვა, პარესთეზიები და ა.შ. აღინიშნება ოკლუზიური სიმაღლის შემცირების დროსაც.

გლოსიტი - ენის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტის ხშირი მიზეზი).

გნატოდინამომეტრი - ძალის, საღეჭი ზეწოლისა და ზეწოლისადმი კბილ-პაროდონტის საყრდენი ქსოვილების ამტანობის გასაზომი ხელსაწყო.

გნატოლოგია - მეცნიერება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარზე, ქვედა და ზედა ყბების თანაფარდობის შესახებ. გნატოლოგიის ცოდნის გარეშე ნებისმიერი სტომატოლოგიური მკურნალობა - პროთეზი, ბჟენი, იმპლანტატი, ორთოდონტია, ქირურგია, გართულებებით წარიმართება. კბილის პატარა ბორცვი სერიოზულ ცვლილებებს იწვევს: ქვედა ყბის მოძრაობისას ხდება შეფერხება ბალანსირებად მხარეზე, სახსარი თავის ადგილზე არაბუნებრივი გზით ბრუნდება. ამ დროს გადაიძაბება ადამიანის თავის მდებარეობასთან დაკავშირებული კუნთების ჯგუფი, ჩნდება დისკომფორტი და ტკივილი. 

გოდონის (Godon) არტიკულაციური წონასწორობის თეორია - კბილთა მწკრივების მთლიანობის დარღვევის დროს განვითარებულ ცვლილებებს გოდონი ხსნის არტიკულაციური წონასწორობის დარღვევით. არტიკულაციური წონასწორობის თეორია ეფუძნება კბილთა სისტემის მთლიანობის პრინციპს. ამ დროს თითოეული კბილი იმყოფება იმ ძალების ჩაკეტილ წრეში, რომლებიც ერთ მდგომარეობაში ამაგრებენ კბილებს და ინარჩუნებენ კბილთა მწკრივებს. ერთი ყბის ცალკეულ კბილებსა და ანტაგონისტებს შორის ურთიერთკავშირს გოდონი არტიკულაციური წონასწორობის განმსაზღვრელი ძალების პარალელოგრამის სახით გამოსახავს. კბილის დაკარგვის დროს ეს ძალები იწვევენ დეფექტის მეზობელი კბილის გადახრას და ანტაგონისტის გადაადგილებას.

გოთური კუთხე - ტრანსვერსული საჭრელი გზის კუთხე, რომელიც მიიღება ცენტრალური საჭრელების გადაადგილებით წარმოქმნილი მრუდების გადაკვეთით და 100-1100 ტოლია.

გრანულომა - ანთებითი ქსოვილის შემოფარგლული უბანი კბილის ფესვის მწვერვალთან (აპექსთან). არის ძვლის სისქეში მდებარე ინფექციის ქრონიკული კერა.

გრინაზოლი - პასტა შეიცავს მეტრონიდაზოლს. მოქმედებს ანაერობულ მიკროორგანიზმებზე, აჩერებს ქსოვილების კატაბოლურ დაშლას. ამავდროულად, ბლოკავს ანთებით მოვლენებს. ჩვენებები: ყველა ტიპის ინფიცირებული კბილი, განგრენული პულპიტი, პერიოდონტიტის ქრონიკული ფორმები, პულპის დანეკროზების შედეგად განვითარებული მწვავე პერიოდონტიტი და ა.შ.

გუნდა საკვების - გადაღეჭილი და ნერწყვით დატენიანებული საკვების მასა, რომელსაც გადაყლაპვის წინ მომრგვალო ფორმა აქვს მიღებული.  

გუტაპერჩა - ტროპიკული ხეების (სუმატრა) გამომშრალი რძის წვენი, კაუჩუკის მსგავსი ფისი. არის მყარი, ელასტიური და დრეკადი. არ იხსნება წყალში, იხსნება ქლოროფორმსა და სკიპიდარის ზეთში. სუფთა გუტაპერჩას ფერი ნაცრისფერიდან თეთრამდე მერყეობს, 480C რბილდება, 110-1200C ლღვება, სითბოს ცუდად ატარებს. სტომატოლოგიაში გამოიყენება ჩასაფენის სახით ღრუების დაბჟენისას, ყბების არტაშნებში, ობტურატორებში, ქლოროფორმში გახსნილი - არხების დასაბჟენად (და წკირების სახით). გამოიყენება: ცივი გუტაპერჩა (ლატერალური კონდენსაცია) აღწევს ფესვის ძირითად სივრცეში; ცხელი გუტაპერჩა (ვერტიკალური კონდენსაცია) აღწევს არხის გვერდით ხვრელებში (რაც უკეთეს შედეგებს იძლევა). გუტაპერჩას ძირითადი უპირატესობებია: ფესვის არხის კარგი ობტურაცია (ავსება); ბიოთავსებადობა; სივრცობრივი სტრუქტურის შენარჩუნება გამაგრებულ მდგომარეობაში (პრაქტიკულად არ იცვლის მოცულობას); განმეორებითი მკურნალობის აუცილებლობის დროს ფესვის არხიდან ადვილად ამოდის; სილერთან ერთად უზრუნველყოფს ფესვის არხის ხარისხიან ობტურაციას.

გუტასოლვი - ფესვის გუტაპერჩას წკირების გასაბჟენი სითხე კალციუმის ჰიდროქსიდის ფუძეზე. 

დაბეჭდვა (ჰერმეტიზაცია) ფისურების - სამკურნალო პროცედურა, რომლის მიზანიც არის სამკურნალო საბჟენი მასალის შეყვანა ფისურებში (ღარები კბილის ზედაპირზე), კარიესული დეფექტის წარმოქმნის ასაცილებლად. გამოიყენება ბავშვებში კარიესის პროფილაქტიკისთვის.

დაბჟენა - კარიესის მკურნალობის დამასრულებელი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს კბილის დაკარგული ქსოვილების და ფუნქციის აღდგენას ბჟენით.

დამუშავება კბილის ერთეული გვირგვინის ქვეშ ან ხიდისებრი პროთეზისთვის საყრდენის ქვეშ - კბილი მუშავდება ყველა მხრიდან, იხსნება მაგარი ქსოვილები 1,5-2 მმ. პროცედურა უმტკივნეულოა.

დამუშავება კბილის ფესვის არხის - არხის ინფიცირებული შიგთავსის მოცილება სპეციალური ინსტრუმენტებით და მედიკამენტებით.  

დამცავი ლითონის გვირგვინი - გვირგვინი, რომელიც მაგრდება ბავშვში დაშლილ სარძევე კბილზე (როდესაც შეუძლებელია საბჟენი მასალით მისი აღდგენა).

დამცავი სტომატოლოგიური ფირფიტა - გამოიყენება სასის ჭრილობისა და გადაადგილებული ნაფლეთების დასაცავად პირის ღრუს გარემოსგან, სასის ნაფლეთების შესანარჩუნებლად და ძვლებზე მისაბჯენად, სასის თაღის ჩამოყალიბებისთვის. მზადდება ცელულოიდისგან ან პლასტმასისგან.

დანტისტი (dantiste) - საფრანგეთში, გერმანიაში, ძველ რუსეთში - პრაქტიკოსი სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს კბილების მკურნალობას და პროთეზირებას უმაღლესი განათლების გარეშე. 

დარსონვალის დენები - 100-300 კჰც სიხშირის, 20 კვ ძაბვის, 0,02 მა ძალის ცვლადი დენი. აწესრიგებს მიკროცირკულაციას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის და რეპარაციულ პროცესებს ქსოვილებში, ზრდის არასპეციფიკურ იმუნიტეტს.

დაყენება იმპლანტატის - იმპლანტატის შესაყვანად ძვლოვანი სარეცელის შექმნის ოპერაცია.

დაშლა კბილის - კბილის მაგარი ქსოვილების დეფექტი კარიესის, ნაპობის, ტრავმის შედეგად.

დაცენტრიფუგებული სისხლი - ვენური სისხლი ცენტრიფუგაში დამუშავების შემდეგ იყოფა სამ ფრაქციად - ერითროციტული მასა, ფიბრინითა და თრომბოციტებით მდიდარი სისხლი, პლაზმა. იმპლანტოლოგიასა და ქირურგიულ სტომატოლოგიაში გამოიყენება ფიბრინით და თრომბოციტებით მდიდარი სისხლი. მნიშვნელოვნად აჩქარებს შეხორცებას და აღკვეთს ძვლის ატროფიას ოპერაციის შემდეგ. არის ინფექციის საწინააღმდეგო მძლავრი ბარიერი და მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების განვითარების რისკს.

დახურული კიურეტაჟი კბილ-ღრძილის ჯიბის - ღრმად მდებარე ღრძილქვედა კბილის ქვის და ანთებითი ქსოვილის მოცილება კბილის მიდამოში. სრულდება პაროდონტოლოგის მიერ.

დევიტალური ექსტირპაცია - პულპიტის მკურნალობის მეთოდი წინასწარი დევიტალიზაციით (დანეკროზებით). გამოიყენება დევიტალიზაციის 3 ძირითადი მეთოდი: დარიშხანით, პარაფორმალდეჰიდით, დიათერმოკოაგულაცია.

დეკბისი (dekbis, genuiner) - თანკბილვის ანომალია. ხასიათდება მაბლოკირებელი საჭრელებით გადაფარვით. ზედა ყბის საჭრელები ცენტრალურ ოკლუზიაში მთლიანად ფარავენ ქვედა ყბის საჭრელებს. ყველა საჭრელი ორალურად არის დახრილი. სახის ქვედა ნაწილი განუვითარებელია, ცხვირი მკვეთრად წინ წამოწეული, ცხვირ-ტუჩის ნაოჭები მკვეთრად გამოხატული.

დეკუბიტუსი (decubitus) - ნაწოლი (მაგ., ენის, კბილის მახვილი კიდისგან ან პროთეზისგან).

დელტისებრი ყბა (deltakiefer) - სამკუთხა ზედა ყბა, რომელსაც კბილთა რკალის ორივე გვერდითი ნაწილი (საღეჭი კბილების მიდამოში) არის სწორი ხაზები, რომლებიც ერთმანეთს ცენტრალურ საჭრელებს შორის უერთდებიან. ამ დროს წარმოიქმნება მახვილი კუთხე. ყბის შევიწროვების სახეობა.

დენი დარსონვალის - 100-300 კჰც სიხშირის, 20კვ ძაბვის, 0,02 მა ძალის ცვლადი დენი. აწესრიგებს მიკროცირკულაციას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლისა და რეპარაციულ პროცესებს ქსოვილებშუ, ასევე ზრდის არასპეციფიკურ იმუნიტეტს.

დენტალური იმპლანტოლოგია - თანამედროვე ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის ნაწილი. შეისწავლის იმპლანტატების დაყენებას, მიხორცებას (არმიხორცებას) და მათზე ორთოპედიული კონსტრუქციების - გვირგვინებისა და პროთეზების დამაგრებას.

დენტიკლი - კირის ჩალაგება კბილის პულპასა და ფესვის არხში, რაც დაკავშირებულია პულპის გაღიზიანებასთან. იშვიათად, აღინიშნება ინდივიდუალური წინასწარგანწყობა დენტიკლების წარმოქმნისადმი. ჰისტოლოგიური სტრუქტურა მრავალფეროვანია: მაღალორგანიზებული დენტინი, დენტინის მსგავსი სტრუქტურა, ამორფული, კიროვანი წარმონაქმნები. ძირითადად, წარმოიქმნება გვირგვინის პულპაში. მდებარეობის მიხედვით არის: თავისუფალი დენტიკლები, მიმდებარე, შუალედური. ბიოლოგიური სტრუქტურის მიხედვით: ჭეშმარიტი, არაჭეშმარიტი.

დენტინი (substantia eburnea) - კბილის საყრდენი     ქსოვილი. ბიოლოგიურ ქსოვილებში სიმტკიცით მეორე ადგილზეა (პირველზე მინანქარია). დენტინის ქიმიური შემადგენლობა (ი.გ. ლუკომსკის მიხედვით): ორგანული მარილები 28%, კალციუმის მარილები 70%, სხვა მარილები 2%. ორგანული ნივთიერებების დიდი რაოდენობა დენტინში ხელს უწყობს ცვლის პროცესებს. დენტინის შრე კბილში თანაბარია, ამიტომ ზოგიერთი ავტორი დენტინს კბილის საყრდენ ქსოვილს უწოდებს. დენტინის სისქე საშუალოდ 1,5-2,5 მმ-ია ყელის მიდამოში და 3-4 მმ საღეჭ ზედაპირზე. მინერალური ნივთიერებებიდან დენტინი შეიცავს ჰიდროქსიაპატიტის კრისტალებს. დენტინის ძირითადი ნივთიერებაა კოლაგენური ბოჭკოები და მასში მინანქრიდან პულპისკენ რადიალურად გამავალი არხები. კბილის სიგრძივ კვეთზე დენტინის მილაკები კბილის გვირგვინში უფრო отвесные, ვიდრე ფესვში, შეიცავენ ოდონტობლასტების გრძელ მორჩებს (ტომსის ბოჭკოებს) და თავისუფალ ნერვულ დაბოლოებებს. ამ წარმონაქმნებს გარს ერტყმის სეროზული სითხე. თავისუფალი და კოლბისებრი მორჩები დენტინიდან ნაწილობრივ აღწევენ მინანქარში. დენტინის მიზრდა ხდება პულპის მხრიდან ოდონტობლასტების შრის ხარჯზე. მინერალური ნივთიერებები დენტინში ილექებიან მომრგვალო ფორმის ფანტელების სახით, მინანქრის საზღვართან ახლოს მდებარეობს გაკირვის ხაზი. გაუკირავ უბნებს ინტერგლობულური სივრცეები ეწოდება. პულპის მიმდებარე დენტინის შიგნითა შრე გაუკირავია. სიცოცხლის განმავლობაში ხდება დენტინის გაზრდა და კბილის ღრუს შემცირება.

დენტინოგენეზი არასრული (dentinogenesis imperfecta) - დენტინის განვითარების მემკვიდრეობითი დარღვევა. ხასიათდება ფესვების განუვითარებლობით, მათი არარსებობით ან მახვილწვერიანი ფესვებით. კბილების გვირგვინები სწორი ფორმისაა, ნორმალური ზომისა და ფერის. ავადმყოფები უჩივიან კბილების მოძრაობას და მათ ნაადრევ ჩამოვარდნას. რენტგენოლოგიურად ვლინდება ყველა კბილის ფესვების დამოკლება, ასევე კბილის ღრუს და ფესვის არხების არარსებობა. ხშირად კბილების ფესვებთან აღინიშნება კისტური წარმონაქმნები მკვეთრი კონტურებით. თუმცა, მათი წარმოქმნა დაკავშირებული არ არის კბილების დაავადებასთან. არსებობს მოსაზრება, რომ მსგავსი ცვლილებები ძვალწარმოქმნის დარღვევის შედეგია.  

დენტოფობია - სტომატოლოგიური მკურნალობის შიში მისი ჩატარების პროცესში.

დეპოფორეზი - კბილების არხების მედიკამენტებით დამუშავების მეთოდი მათი დაბჟენის გარეშე. თანამედროვე კლინიკებში გამოიყენება უფრო ეფექტური მეთოდები - ინსტრუმენტებით არხების სრულყოფილი გაწმენდა და მათი დაბჟენა.

დეპულპირება - კბილის პულპის (ნერვის) ამოღება ანთების ან ტრავმის მოსაცილებლად.

დესიდენტი - ხელის ინსტრუმენტების, კუთხიანი ბუნიკების და ტურბინების დეზინფექცია. ის ერთადერთი სისტემაა, რომლის საშუალებითაც ინსტრუმენტი სადეზინფექციო ხსნართან კონტაქტში 15 წთ რჩება. გამოდის პაკეტებში. ერთ შეფუთვაში 24 პაკეტია. 

დესტრუქცია ძვლის - ძვლის დაშლა და ჩანაცვლება პათოლოგიური ქსოვილით (გრანულაცია, ჩირქი, სიმსივნე).

დეტარტრინი - სქელი ცირკონის შემცველი პასტა კბილის ნადებების მოსაცილებლად.

დეტარტროლ ულტრა - გამოიყენება მწვანე ქვების დასაშლელად, პარადონტოზით დაზიანებული კბილებიდან ქვების მოსაცილებლად. აქვს გამხსნელი თვისებები, აქტიურად მოქმედებს კირქვაზე, არბილებს მას. აქვს შემდეგი უპირატესობები: ქვებზე ძლიერად და თანდათან მოქმედებს, მაგრამ არა უხეშად; დროებით ღებავს როგორც ცოცხალ, ასევე დანეკროზებულ ორგანულ ქსოვილს, რისი საშუალებითაც ექიმი უკეთ აკონტროლებს თავის მუშაობას და ავლენს ნახეთქებს, რომელთა აღმოჩენაც სხვა მეთოდებით რთულია.

დიაგნოზი - დაავადების განსაზღვრა პაციენტის ჩივილების, დათვალიერების, სურათებისა და აუცილებელი გამოკვლევების საფუძველზე.

დიაგნოსტიკური სისტემა Florida Probe (აშშ) - პერიოდონტული ზონდირების სისტემა - კომპიუტერული ტექნოლოგია, განკუთვნილი  კბილის ირგვლივმდებარე ქსოვილების გამოკვლევის ობიექტური შედეგების მისაღებად და პაციენტებისთვის სადემონსტრაციოდ (მონიტორის ეკრანზე).

დიასთემა ჭეშმარიტი (diastema echtes), ტრემა (wirchow) - თანდაყოლილი ნაპრალი,ძირითადად, ზედა ყბის ცენტრალურ კბილებს შორის (1-6 მმ და მეტი), რაც დაკავშირებულია ლაგამის დაბალ მიმაგრებასთან (frenulum labii superioris). მემკვიდრული ანომალია. ტრემა - შუალედი გვერდით კბილებს შორის.

დიასთემა ცრუ (diastema anechtes) - ნაპრალი ზედა ყბის ცენტრალურ კბილებს შორის, ამოუჭრელი პატარა საჭრელებისას. ამ დროს 1|1 დივერგირდება, 2|2 ამოჭრისას ნაპრალი შეიძლება გაქრეს.  

დიგნატია (dignathia) - ძალიან იშვიათი ანომალია, თანდაყოლილი ორმაგი ქვედა ყბა ან ქვედა ყბის ორმაგი ტოტი. ორი ალვეოლური მორჩის არსებობის დროს - კბილთა ორმაგი მწკრივი.

დიზოკლუზია - ზედა და ქვედა ყბის კბილებს შორის კონტაქტის დარღვევა. აღიკვეთება ორთოდონტული მკურნალობის პროცესში.

დისკი სახსარშიდა (discus articularis) - საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სასახსრე ზედაპირებს შორის მდებარე შემაერთებელქსოვილოვანი, ორმხრივჩაზნექილი მრგვალი ფირფიტა (ბოჭკოვანი ხრტილი).

დისპლაზია კბილების (dysplasia dentes) - კბილების განუვითარებლობა ჩანასახების დაზიანების გამო.

დისტალური (distal) - ადამიანის ორგანიზმის რომელიმე ნაწილში 2 პუნქტიდან ცენტრიდან მოშორებით მდებარე, პროქსიმალურის საპირისპირო (ლათ. procsimal - ახლო). სტომატოლოგიაში ასე აღინიშნება შუა ხაზიდან მიქცეული მხარე (კბილის ფორმულით), საპირისპირო მხარეა მეზიალური.

დროებითი გვირგვინები - გამოიყენება კბილების პროთეზირების დროს, მუდმივი გვირგვინების ან ხიდების დამზადებამდე. მზადდება პლასტმასისგან და დროებითია, მაგრამ ფუნქციურად ძალიან მნიშვნელოვანია. პროთეზირების ამ ეტაპის უარყოფა არ შეიძლება. დროებითი გვირგვინები გამოიყენება: 1. შესაძლო მტკივნეული რეაქციის ასაცილებლად, როდესაც მოქლიბულია ცოცხალი საყრდენი კბილები (ნერვის ამოღების გარეშე); 2. ღრძილის ჩაზრდის ასაცილებლად, როდესაც საყრდენი კბილები მოქლიბულია საფეხურებით; 3. პრეპარირებული კბილების გადაადგილების ასაცილებლად; 4. ესთეტური თვალსაზრისით. არავის არ სურს სხვას აჩვენოს მოქლიბული კბილები. არსებობს დროებითი გვირგვინების დამზადების ორი მეთოდი: 1. დროებითი გვირგვინები მზადდება პაციენტის პირის ღრუში: ამ მიზნით, კბილის პრეპარირებამდე სტომატოლოგი იღებს კბილის ანაბეჭდს, რომელშიც მიიღება კბილის ზუსტი კონფიგურაცია. შემდეგ კბილი პრეპარირდება მუდმივი გვირგვინის ქვეშ, რომლის დასრულების შემდეგაც ექიმი პირველ ანაბეჭდში ასხამს სპეციალურ თხევად პლასტმასას და ანაბეჭდს ამაგრებს დამუშავებულ კბილზე. რამდენიმე წუთში, პლასტმასის გამყარების შემდეგ, ექიმი ანაბეჭდს კბილიდან იღებს და დროებითი გვირგვინი მზად არის. ექიმი არგებს დროებით გვირგვინს, ამოწმებს თანკბილვაში, აპრიალებს, აფიქსირებს დროებითი ცემენტით. 2. ლაბორატორიული - მზადდება კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში: ამ მიზნით ექიმი ამუშავებს კბილს, იღებს ანაბეჭდს და აგზავნის კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში. კბილის ტექნიკოსი ასხამს თაბაშირის მოდელს და ამზადებს დროებით პლასტმასის გვირგვინს. შემდეგ მზა დროებით გვირგვინს ექიმი მოარგებს, ამოწმებს თანკბილვაში, აპრიალებს და აფიქსირებს კბილზე დროებითი ცემენტით. 

დუდღუნი, ცხვირში ლაპარაკი, რინოლალია - არის 2 ფორმის: ღია და დახურული (rhinolalia aperta, rhinolalia clausa). ადენოიდების, პოლიპების ჩაზრდის, ძგიდის გამრუდების და სხვა პათოლოგიური ცვლილებების დროს, როდესაც ფერხდება ჰაერის თავისუფლად გატარება ცხვირში, აღინიშნება დახურული რინოლალია. ცხვირის ღრუს ქსოვილების ნორმალური მდგომარეობის, მაგრამ სასის ფარდის პათოლოგიური ცვლილებების, მაგ., რბილის სასის დეფექტების დროს, ჰაერი ცხვირში აღწევს ყველა ბგერის წარმოთქმისას და „მ" და „ნ" გარდა, ყველა ბგერა ცხვირისმიერ ელფერს იძენს. ამას ღია რინოლალია ეწოდება. ის განსაკუთრებით „ბ" და „პ" წარმოთქმისას ვლინდება, რომლებიც ჟღერს, როგორც „მ". არტიკულაციის თვალსაზრისით „ბ" და „პ" წარმოითქმის, როგორც „მ", რადგან ყველა ტუჩისმიერი ბგერაა. განსხვავდებიან მხოლოდ იმით, რომ „მ" წარმოთქმისას ჰაერი ცხვირში თავისუფლად გადის, „ბ" და „პ" წარმოთქმისას კი ცხვირის ღრუ ხახისგან გამოყოფილია. ღია რინოლალიის დროს ცხვირის ღრუში შესასვლელი ყოველთვის ღიაა და „ბ" და „პ" ბგერების წარმოქმნის მექანიზმი „მ" მსგავსია. ამიტომ, „მ" ყოველთვის წარმოითქმის, როგორც „ბ" და „პ".   

ედს - ერითროციტების დალექვის სიჩქარე. არ არის კონკრეტული დაავადების სპეციფიკური მაჩვენებელი, მაგრამ მისი გაზრდა ყოველთვის მიუთითებს პათოლოგიური პროცესის არსებობაზე.

ეკვატორი კბილის - კბილის გვირგვინის ყველაზე გამობურცული ნაწილი.

ეკზოსტოზი (exostosis) - ეტიოლოგია: ყბის ინდივიდუალური განვითარების თავისებურება. ძვლოვანი საფეხური (სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი ყბის სხეულზე), ძირითადად, ქვედა ყბის პრემოლარების და ზედა ყბის ბორცვების მიდამოში მდებარეობს. მაგარ სასაზე ნაკერის მიდამოში მკვეთრად გამოხატული ეკზოსტოზები ხელს უშლის პროთეზირებას. ეკზოსტოზის მფარავი თხელი ლორწოვანი გარსის ტრავმისას წარმოიქმნება ხანგრძლივად შეუხორცებადი ჭრილობები. ფუნქციური დარღვევები არ აღინიშნება. მკურნალობა: გაზრდილი ეკზოსტოზი ქირუგიულად მოცილდება. ცალკეულ შემთხვევებში, ეკზოსტოზების შესაბამისად, პროთეზში დებენ რბილ პლასტმასას. 

ელევატორი - ძვლისაზრდელადან ძვლის მოსაცილებელი ან კბილის ამოსაღები ინსტრუმენტი. არსებობს სწორი და კუთხიანი, მარცხენა ან მარჯვენამხრივი მოხრით.

ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა - ფასდება კბილის პულპის და პერიოდონტის ქსოვილების მდგომარეობა. მეთოდი დაფუძნებულია ცოცხალი ქსოვილის აგზნებადობაზე, რომელიც იცვლება პათოლოგიური პროცესის დროს. აგზნებადობის ხარისხის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ელექტრული დენი მოცემული პარამეტრებით. გაღიზიანების ზღურბლის გაზომვით შეიძლება კბილის ქსოვილების მდგომარეობაზე მსჯელობა. ჯანმრთელი კბილები რეაგირებენ 2-7 მკა დენზე. ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა კვლევის ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მეთოდია.

ელექტროფორეზი - ნაწილაკების მოძრაობა ელექტრულ ველში. მედიცინაში გამოიყენება ცილოვანი სხეულების (სისხლის პლაზმა), ცილის დასაშლელად ალბუმინებად, გლობულინებად და მათ ფრაქციებად - a-, b-, g-გლობულინებად. ეფუძნება ელექტრულ ველში ამ ნაწილაკების მოძრაობის სხვადასხვა სიჩქარეს. სტომატოლოგიაში - კბილის ინფიცირებული არხების მკურნალობის მეთოდი.

ენა (lingua) - კუნთოვანი ორგანო. მონაწილეობს საკვების მექანიკურ დამუშავებაში, ყლაპვის აქტში, გემოს აღქმაში, მეტყველების ჩამოყალიბებაში. შედგება კუნთოვანი და სისხლძარღვების, ნერვების, ცხიმოვანი ჩანართების მქონე ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისგან.

ენდოდონტია - სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც განიხილავს კბილის ღრუსა და ფესვის არხების ანატომიის, პათოლოგიისა და მკურნალობის მეთოდების საკითხებს. ფართო ცნებით იგულისხმება ოდონტოქირურგიული ჩარევა კბილის შენარჩუნების მიზნით, თერაპიული ან ორთოპედიული მეთოდებით ფორმისა და ფუნქციის შემდგომი აღდგენით.

ენდოდონტიური კომპიუტერი - კომპიუტერული პროგრამა. მოძრაობაში მოყავს ენდოდონტიური ინსტრუმენტები, რომლებითაც ხდება ფესვის არხების მექანიკური გაწმენდა მიკრობებისგან, სისხლძარღვების და ნერვების მკვდარი ნარჩენებისგან. მნიშვნელოვნად აქვეითებს ინსტრუმენტების გატეხვის რისკს ფესვის არხებში, აჩქარებს დამუშავების პროცესს და ზრდის მკურნალობის ხარისხს.

ეპიდემიოლოგია - შეისწავლის დაავადების სიხშირეს, პროგრესირებას და სიმძიმის ხარისხს. ამ დროს იკვლევენ მოსახლეობის ჯგუფებს სხვადასხვა რეგიონებში ასაკის, სქესის, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ფაქტორების მიხედვით.

ერთეული კერამიკული გვირგვინი - კერამიკის გვირგვინი, ფიქსირდება წინასწარ დამუშავებულ კბილზე ცემენტით.  

ერთეული ლითონკერამიკის გვირგვინი - მზადდება ლითონის კარკასისგან და ვინირდება კერამიკით. მაგრდება ცემენტით წინასწარ დამუშავებულ კბილზე.  

ეროზია (erosio) - ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევა. ვითარდება ღრუების გახსნის დროს, ეპითელიუმის ნეკროზის, პაპულების დაშლის, ტრავმული ზემოქმედების შემდეგ. ტრავმული წარმოშობის ეროზიას ექსკორიაცია ეწოდება. ეროზია ხორცდება ნაწიბურის წარმოქმნის გარეშე.

ეტიოლოგია - დაავადების განვითარების მიზეზები.

ექსტირპაცია (extirpatio) - კლინიკური ტერმინი. აღნიშნავს რადიკალურ მოცილებას (მაგ., პულპის).

ექსტრაქცია (extractio) - კლინიკური ტერმინი. აღნიშნავს ამოღებას (მაგ., კბილის).

ექსუდატი - ქსოვილოვანი სითხის (სეროზული) დაგროვება. შეიძლება შეიცავდეს მიკრობების პროდუქტებს (ჩირქს) ან სისხლს (ჰემორაგიული).

ეშვები - მესამე კბილები. საჭრელებზე გრძელი და მახვილია. მიეკუთვნებიან წინა კბილებს. მათი ფუნქციაა საკვების მკვრივი, მაგარი ნაწილების მოგლეჯვა და დაქუცმაცება ღეჭვის პირველ ფაზაში. თითოეულ ყბაზე ორი ეშვია - მარჯვენა და მარცხენა. ისინი ქმნიან გამამაგრებელ კარკასს პირის წრიული კუნთისთვის.

ვაკუუმით ჩამოსხმა - ლითონის ჩამოსხმის დროს опоки ფორმის უარყოფითი წნევის შექმნაზე დამყარებული მეთოდი. ვაკუუმი უზრუნველყოფს ლითონით ფორმის კარგ ავსებას ფორების გარეშე.

ვანტური პროთეზი - ორთოპედიული კონსტრუქცია. გამოიყენება ერთი ან ორი ერთად მდებარე კბილის (როგორც წინა, ასევე უკანა) აღსადგენად მტკიცე მინაბოჭკოს ძაფის გამოყენებით. მეზობელ კბილებზე გვერდით კეთდება მცირე საფეხურები, რომლებზეც მაგრდება მტკიცე ბოჭკოს ძაფი. შემდეგ მასზე იზრდება კბილი რესტავრაციის ტექნიკის გამოყენებით (საბჟენი მასალა ედება შრეებად და მაგრდება სინათლის სხივით).

ველი საპროთეზო - მოიცავს საღეჭ-სამეტყველო აპარატის ყველა ქსოვილს, რომლებიც შედიან პროთეზის უშუალო და განპირობებული მოქმედების ზონაში (საპროთეზო სარეცელი, პაროდონტი, საღეჭი კუნთები, სანერწყვე ჯირკვლები, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრები). მისი პროექცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ავადმყოფის ფსიქიკაზე ვრცელდება პროთეზის ფსიქიკური აღქმის სახით.

ვენსანის სიმპტომი - ანესთეზია ან პარესთეზია ქვედა ტუჩისა და ნიკაპის ნახევარში, ქვედა ყბის ქსოვილების პათოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ქვედა ალვეოლური ნერვის ანთების, ზეწოლის ან ბოჭკოების გაგლეჯვის დროს.

ვერტიკალური კონდენსაცია - კბილის ფესვის არხის დაბჟენის (ავსების) მეთოდი ცხელი გუტაპერჩათი, სპეციალური ინსტუმენტით არხის სიგრძეზე მისი ჩატენვით. გამთბარი გუტაპერჩა ამ დროს გაივლის არხების განტოტებებს. ეს უზრუნველყოფს მათ უკეთეს ავსებას (ჰერმეტიზაციას) ლატერალურ კონდენსაციასთან შედარებით, სადაც გამოიყენება ცივი გუტაპერჩა.  

ვესტიბულოპლასტიკა - პირის ღრუს კარიბჭის ვერტიკალური ზომის და ყბის ალვეოლური ნაწილის გასადიდებელი პლასტიკური ოპერაცია.  

ვიბრაციული ხელსაწყო (ვიბრომაგიდა) - გამოიყენება ჩამოსაყალიბებელი ნარევების გასამკვრივებლად, მათგან ტენის და ჰაერის ჩანართების მოსაცილებლად, ამ ნარევებით ფორმების კარგი ავსების მიზნით საპროთეზო სამუშაოების დროს.

ვიზიოგრაფი - ხელსაწყო რენტგენოგრამის ციფრული სახით წარმოსადგენად.

ვინირი (veneer) - სიტყვასიტყვით გარეგნული ბრწყინვა. კბილის კოსმეტიკური აღდგენის სახეობა ფაიფურის მოპირკეთებით, ზედსადებით და ჩანართით, ადჰეზიური ტექნიკის გამოყენებით. ვინირი, ძირითადად, აღიქმება როგორც კბილების ცენტრალური ჯგუფის ვესტიბულური ზედაპირის ესთეტური აღდგენის მეთოდი ფაიფურის ვინირებით. სინამდვილეში ტერმინი - ვინირი ცენტრალური და საღეჭი ჯგუფის კბილების ფაიფურით ესთეტური პროთეზირების ზოგადი ცნებაა. თუმცა, მოლარების საღეჭი ზედაპირის სრული აღდგენა განიხილება როგორც ზედსადები - ონლეისი (onlays); არასრული აღდგენა როგორც ჩანართი - ინლეისი (inlays) და ჩანართი MOD (მეზიალურ-ოკლუზიურ-დისტალური) (inlays MOD), ხოლო ცენტრალური საჭრელების ვესტიბულური ზედაპირის უშუალოდ ვინირებას ზოგჯერ უწოდებენ ფეისინგს (facing).

ვინირება - საექსპლუატაციო (დამცავი) და დეკორატიული თვისებებით განსხვავებული ბუნებრივი ან ხელოვნური მასალით ზედაპირის (კბილის მაგარი ქსოვილების, პროთეზის კარკასის) დაფარვა.  

ვინირება (პირდაპირი ვინირება) - საბჟენი მასალის კოსმეტიკური დადება წინა კბილების ტუჩისკენა ზედაპირზე, მცირედი დეფექტების - ნახეთქების, მინანქრის გამუქების ასაცილებლად.

ვიტალური ამპუტაცია პულპის - პულპოტომია პულპიტის მკურნალობის ბიოლოგიური მეთოდია, რომლის საშუალებითაც ნარჩუნდება სიცოცხლისუნარიანი ფესვის პულპა.

ვიტალური ექსტირპაცია - პულპიტის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი. დაზიანებულ პულპას არხებიდან იღებენ ანესთეზიის ქვეშ.

ზოგადი გაუტკივარება - ფარმაკოლოგიური საშუალებებით ან ფიზიკური, ფსიქიკური ან სხვა ფაქტორებით გამოწვეული შექცევადი შეფერხების მდგომარეობა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ნარკოზის ჩვენებებია: ალერგია და მომატებული მგრძნობელობა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ; ადგილობრივი გაუტკივარების უეფექტობა ან შეუძლებლობა (ნაწიბურიანი ქსოვილები, ჩირქოვანი ანთების კერები და ა.შ.); ავადმყოფის ლაბილური ფსიქიკა (გაურკვეველი შიში ჩარევის წინ, სტომატოლოგიური სავარძლის და ინსტრუმენტების შიში); ავადმყოფის არასრულფასოვანი ფსიქიკა (ოლიგოფრენია, გადატანილი მენინგიტის შედეგები და ა.შ.); ოპერაციული ჩარევის მაღალი ტრავმატიზმი; ოპერაციული ჩარევა ბავშვებში. 

ნარკოზის უკუჩვენებებია: პარენქიმული ორგანოების მწვავე დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, მიოკარდიუმის ინფარქტი და პოსტინფარქტული პერიოდი 6 თვემდე, პოსტინფარქტული სინდრომი, გამოხატული ანემია, ბრონქული ასთმის მძიმე ფორმა, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობა, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (ფეოქრომოციტომა და სხვ.), გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი მიღება, ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები, პნევმონია, გამოხატული თირეოტოქსიკოზი, არაკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსიის ხშირი შეტევები, სავსე კუჭი.

ნარკოზი არის ინჰალაციური და არაინჰალაციური. ინჰალაციურის დროს თხევადი ან აიროვანი ზოგადი საანესთეზიო საშუალებები (დიეთილის ეთერი, ფტოროტანი, ტრიქლორეთილენი, პენტრანი, ქლოროფორმი) ან ნარკოტიკული აირები (აზოტის ქვეჟანგი, ციკლოპროპანი) შეყავთ ფილტვებში. ხორციელდება ცხვირ-პირის ან ცხვირის ნიღბით (ნიღბით ნარკოზი), ნაზოფარინგეული მილით (ნაზოფარინგეული), ენდოტრაქეული მილით, როდესაც ზედა სასუნთქი გზების გვერდის ავლით სანარკოზე ნარევი უშუალოდ ტრაქეასა და ბრონქებში ხვდება (ენდოტრაქეული ანუ ინტუბაციური ნარკოზი). ინჰალაციური ნარკოზის უპირატესობაა კარგი მართვა.

არაინჰალაციური ნარკოზის დროს ზოგადი საანესთეზიო საშუალება შეყავთ ვენაში, სწორ ნაწლავში. იყენებენ ჰექსენალს, თიოპენტალ-ნატრიუმს, პროპანიდიდს (სომბრევინი, ეპონტოლი), ბაიტინალს, ვიადრილს, ნატრიუმის ოქსიბუტირატს, კეტამინს და სხვ. შეიძლება ჩატარდეს ერთი (მონონარკოზი, ერთკომპონენტიანი) ან ორი და მეტი საანესთეზიო საშუალებით (მრავალკომპონენტიანი) და სხვა სამკურნალო ნივთიერებებთან ერთად (კომბინირებული, შერეული ნარკოზი).

ზონდი - მახვილწვერიანი კალამის მსგავსი სამედიცინო ინსტრუმენტი. გამოიყენება ფისურების, კარიესული ღრუს გამოსაკვლევად და ა.შ.            

თაბაშირი - მინერალი. ბუნებაში გვხვდება წყლიანი კალციუმის გოგირდმჟავა მარილის (CaSO4•2H2O) სახით. სუფთა ბუნებრივი თაბაშირის ქიმიური შემადგენლობა: CaO (32,56%), SO3 (46-51%), H2O (20,93%). მას კრისტალური სტრუქტურა აქვს. კრისტალები გამჭვირვალეა, უფერო, მაგრამ სხვადასხვა მინარევის გამო არის მოყვითალო, ვარდისფერი, მუქი და შავიც. მოცულობითი წილი 2,2-2,4; სიმაგრე ბრინელის მიხედვით 1,5-2 კგ/მმ2. მიეკუთვნება შემბოჭველ სამშენებლო მასალებს. მრეწველობაში  მიიღება ნახევრადწყლიანი თაბაშირი CaS04•0,5Н2O: სამშენებლო, საყალიბო, ზემტკიცე, სამედიცინო.

თანკბილვა - კბილთა მწკრივების შეთანასოვნება ცენტრალურ ოკლუზიაში.

თერაპია (თარგმანში - მკურნალობა) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დაავადების განვითარების მიზეზებს, მიმდინარეობას, მკურნალობის და პროფილაქტიკის მეთოდებს.

თრომბოციტული პლაზმა ფიბრინის მაღალი შემცველობით - ცენტრიფუგით მიღებული პაციენტის სისხლის თხევადი კომპონენტი. გამოიყენება ქირურგიული ჩარევის შემდეგ ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებისთვის სასურველი პირობების შესაქმნელად.

იზოდანი - კბილების ჰიპერესთეზიის სამკურნალო პრეპარატი. შემადგენლობა: კალიუმის ნიტრატი, НЕМА, ნატრიუმის ფტორიდი, შემავსებელი. თვისებები: გამოიყენება კბილების ჰიპერესთეზიის სამკურნალოდ, რომელიც ჩნდება დენტინზე სხვადასხვა გამღიზიანებელი ფაქტორების: ფიზიკური (სიცივე, სითბო, კონტაქტი), ქიმიური (едкие მჟავები), ფიზიოლოგიური (კბილის მაგარი ქსოვილების აბრაზია და მოცვეთა) ზემოქმედების შედეგად. ჩვენებები: კბილების ჰიპერესთეზია. გამოყენების მეთოდი: ხდება სამკურნალო კბილის ან კბილების იზოლაცია ბამბის მორგვებით; ფრთხილად შრება კბილის დასამუშავებელი ზედაპირი; პატარა ფიალაზე ათავსებენ პრეპარატის წვეთს; აპლიკატორით იღებენ უმნიშვნელო რაოდენობის პრეპარატს და თხელ ფენად უსვამენ; ჰაერის ნაკადით ფრთხილად ანაწილებენ ზედაპირზე. პროცედურას 2-3-ჯერ იმეორებენ კარგი ზედაპირის მისაღებად. გამოხატული ან მყარი ჰიპერესთეზიის დროს პროცედურას იმეორებენ 1 კვირაში.

იმედიატპროთეზი - დროებითი ფირფიტოვანი პროთეზი. ედება ყბაზე კბილის ამოღების შემდეგ.

იმობილიზაცია (immobilisatio) - კბილების, ნატეხების, სახსრის უძრავობა. მაგ., საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის უძრავობა მიიღწევა ყბათაშორისი тягой, კბილების-მირჩილული ხელოვნური გვირგვინებით.

იმპლანტატი - ორგანიზმში ქირურგიულად შეტანილი მოწყობილობა მუდმივად ან დროებით სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად. კბილის იმპლანტატი შედგება რამდენიმე ნაწილისგან: ყბის ძვალში ან ღრძილის ქვეშ ჩანერგილი, ღრძილზედა ნაწილი და სუპრაკონსტრუქცია (ხელოვნური კბილი, მოსახსნელი პროთეზი).    

იმპლანტაცია კბილის (implantation) - დამატებითი საყრდენის შექმნის ოპერაცია კბილთა მწკრივის ბოლოს ან ჩართული დეფექტების დროს, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სხვადასხვა სახის სპეციალური იმპლანტატის გამოყენებით. უკბილო ყბების დროს იმპლანტაცია შეიძლება პირობითად მოსახსნელი პროთეზების დასამზადებლად გამოვიყენოთ. არსებობს კბილის იმპლანტაციის რამდენიმე სახე: სუბმუკოზური; სუბპერიოსტული; ენდოდონტოენდოოსალური; ენდოოსალური; ტრანსოსალური. ძირითადად, ტარდება ენდოოსალური იმპლანტაცია. ამჟამად, ამ მიზნით გამოიყენება ფირფიტოვანი ცილინდრული იმპლანტატები, მათი თითოეული სახეობისთვის კი ინსტრუმენტების სპეციალური ნაკრები. იმპლანტაციის ყველა სახეობას აქვს ჩვენება და უკუჩვენება, რაც დამოკიდებულია პირის ღრუს პირობებზე. ნებისმიერი სახის იმპლანტაციის უკუჩვენებაა ბრუქსიზმი, ენდოკრინული დაავადებები, პირის ღრუს ონკოლოგიური დაავადებები, სისხლისა და სიხლმბადი ორგანოების სისტემური დაავადებები, ფსიქიკური დაავადებები, პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.

იმპლანტმედი - აპარატი იმპლანტატის საჭირო კუთხით დასაყენებლად. იმპლანტატის ჩანერგვის საშუალებას იძლევა შემდგომი პროთეზირების სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით.

ინდივიდუალური საანაბეჭდე კოვზები - გამოიყენება უკბილო ყბებიდან ანაბეჭდის მისაღებად მოსახსნელი პროთეზების დამზადების დროს. არის ცვილის, стенса, პლასტმასის, ლითონის.

ინკურსტაცია კბილების - კბილის წინა ხილულ ნაწილზე ნახევრადძვირფასი ან ძვირფასი ქვების დეკორაციული ზედსადებების დაყენება. ეს ესთეტიკური ტექნოლოგიაა და არა სამკურნალო.

ინლეი (inlay) - პატარა ჩანართი კბილის გვირგვინის დეფექტის მოსაცილებლად. მზადდება კერამიკის ან კომპოზიტისგან ლაბორატორიაში ინდივიდუალურად, ფორმისა და ფერის მიხედვით.

ინტრაორალურად (intraoralis) - პირის შიგნით.

იოდინოლი - იოდის კომპლექსური ნაერთი სინთეზურ პოლიმერთან - პოლივინილის სპირტთან. აქვს ბაქტერიციდული და ფუნგიციდური თვისებები, აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას და ასტიმულირებს ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტიურობას.

იოდოპოვიდონი (ბეტადინი) - პრეპარატის ძირითადი კომპონენტია პოლივინილპიროლიდონიოდი (აქტიური იოდი), გამოიყენება 1% ხსნარი. მოქმედებს ბაქტერიებზე, სოკოებზე, ვირუსებზე, უმარტივესებზე.

ირიგაციული პროთეზი Marten მიხედვით - გამოიყენება ზედა ყბის სრული მოცილების დროს. შედგება 3 ნაწილისგან, პირში ადვილად შესატანად და გამოსატანად. მის ყველა ნაწილს აქვს არხების ქსელი, რომლებიდანაც ჭრილობა მუშავდება ანტისეპტიკური სითხით.

კალანქოეს წვენი - მცენარეული წარმოშობის პრეპარატი. ხელს უწყობს ნეკროზული ქსოვილების გამოძევებას, ასტიმულირებს შეხორცებას.

კალენდულას ნაყენი - მცენარეული წარმოშობის პრეპარატი. შეიცავს კაროტინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და სუსტი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

კალცინოზი (calcinosis) - გაკირვა, კალციუმის მარილების დალექვა ხსნადი მდგომარეობიდან და ორგანიზმის ქსოვილებსა და კბილის პროთეზებზე ჩალაგება.

კალციპულპი - ჯანმრთელ პულპასთან კონტაქტის ან უშუალოდ მდებარეობის დროს კალციუმის ჰიდროქსიდი ხელს უწყობს მეორადი დენტინის წარმოქმნას. ღრუს ფსკერზე კალციპულპი ქიმიურად ანეიტრალებს პირიდან მოხვედრილ ან ცემენტიდან წარმოქმნილ მჟავებს და ხელს უშლის პულპაში მათ შეღწევას. მყარდება სწრაფად და სხვა პრეპარატების გამოყენების გარეშე, არ მოქმედებს დაბჟენის ხარისხზე, თუ თხელ ფენად წაესმება. ჩვენებები: 1) პულპის დაფარვა მისი შემთხვევით გაშიშვლების (გახსნის) და პულპის ამპუტაციის დროს; 2) დენტინის დამცავი შრე და გამანეიტრალებელი საშუალება ღრმა კარიესის დროს; 3) ხელოვნური გვირგვინის ქვეშ დამუშავებული კბილების მომატებული მგრძნობელობის ასაცილებელი საფარველი. 

კანალ + - გელი მექანიკური დამუშავებისა და გაფართოებისთვის. შემადგენლობა ЭДТА ფუძეზე. წასმული შრის მოცილება, კალციფიცირებულ არხებში ადვილად შეღწევა.

კანდიდოზი (რძიანა) - პირის ღრუს სოკოვანი დაზიანება. გამომწვევია Candida-ს გვარის საფუარა სოკო. ძირითადად, აღინიშნება დასუსტებულ, დღენაკლულ, მძიმე და ხანგრძლივი დაავადებების მქონე ბავშვებში. განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, ასევე ლორწოვანი გარსის მექანიკური ტრავმა ხისტი მანიპულაციების შედეგად პირის ღრუს დამუშავების დროს.  

კაპა - სხვადასხვა ხარისხის სიმტკიცის მქონე სპეციალური პლასტმასის მოსახსნელი კონსტრუქცია. კბილებს ყველა მხრიდან ფარავს და ერთ ბლოკად აერთებს. შედეგად კბილები: დაცულია მომატებული მოცვეთისგან (ღამით ტარება); გამაგრებულია მომატებული მოძრაობის დროს (პაროდონტიტი); დაცულია დარტყმისგან (მოკრივეების კაპა) და ა.შ.

კარბუნკული - კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესი, რომელიც ვრცელდება თმის რამდენიმე ფოლიკულზე და ცხიმოვან ჯირკვალზე.

კარიბჭე პირის (vestibulum oris) - პირის ღრუს წინა ნაწილი. მდებარეობს ერთის მხრივ ტუჩებსა და ლოყებს შორის, მეორეს მხრივ კბილებსა და ღრძილებს შორის.

კარიესი (ლათ. caries - სიდამპლე) - კბილის ლოკალიზებული, პროგრესირებადი, ქრონიკულად მიმდინარე დაშლა. კბილის ფოლაქში მიკროორგანიზმების მიერ ნახშირწყლების ფერმენტული დაშლის დროს კბილების ზედაპირზე წარმოიქმნება ორგანული მჟავები, რომლებიც შლიან მინანქრის არაორგანულ ფუძეს. დემინერალიზაციას მოსდევს ორგანული მატრიცის ფერმენტული დაშლა ღრუს წარმოქმნითა და ინფიცირებით. განასხვავებენ შემდეგი სახის კარიესს: 1) საწყისი კარიესი -  მინანქრის ფერის შეცვლა ნათელიდან პიგმენტირებულამდე, მქრქალი ნაცრისფერიდან ყავისფერამდე; 2) ზედაპირული კარიესი - კბილი დაშლილია მინანქრის საზღვრებში ან ამოვარდნილია მცირე ზომის ბჟენი, ან კბილში პატარა ხვრელია; 3) შუალედური კარიესი - კბილი დაშლილია მყარი ქსოვილების (მინანქარი და დენტინი) 1/2 სიღრმეზე; 4) ღრმა კარიესი - კბილი დაშლილია მყარი ქსოვილების (მინანქარი და დენტინი) 1/2 მეტ სიღრმეზე, მაგრამ „ნერვის" დაზიანების გარეშე; 5) კარიესით კბილების სისტემური დაზიანება - სხვადასხვა ხარისხით დაზიანებულია 4 მეტი კბილი; 6) გართულებული კარიესი - კბილი დაშლილია მინანქრისა და დენტინის საზღვრებში „ნერვის" (პულპიტი) ან კბილის ფესვის ირგვლივმდებარე ქსოვილების (პერიოდონტიტი) დაზიანებით.

კარიესი 1,5 წლამდე ასაკის ბავშვებში (ე.წ. „ბოთლის" კარიესი) - წინა კბილების მთელი ზედაპირის დაზიანება. ვითარდება ბავშვის კვების რეჟიმის დარღვევისას (ღამის ტკბილი სასმელი, ხშირი კვება).  

კარისოლვი (carisolv) - კარიესის მკურნალობის ტექნოლოგია ბორმანქანის გარეშე. კარიესული უბნის მოსაცილებლად ზედაპირი მუშავდება სპეციალური ნაერთით, რის შემდეგაც დეფექტს დაბჟენენ.

კარკასი პროთეზის (იტალ. carcassa - ჩონჩხი) - ჩამოსხმული ლითონის ბაზისის მქონე კომბინირებული გვირგვინების, ხიდისებრი, რკალისებრი და მოსახსნელი პროთეზების ლითონის ჩონჩხი. ყველა კარკასისთვის მთავარი მოთხოვნაა აუცილებელი სიხისტე.  

კბილები პფლუგერის - სისტემური ჰიპოპლაზიის ერთ-ერთი სახეობა. პირველი დიდი ძირითადი კბილები (მოლარები), გვირგვინის ზომა ყელთან უფრო დიდია, ვიდრე საღეჭ ზედაპირთან, ბორცვები განუვითარებელია და შეერთებისას კბილს კონუსის შეხედულებას აძლევენ.

კბილები ფურნიეს - სისტემური ჰიპოპლაზიის ერთ-ერთი სახეობა. ცენტრალურ საჭრელებს აქვთ სახრახნისისმაგვარი გვირგვინი (ჰეტჩინსონის კბილების მსგავსად), მაგრამ ნახევარმთვარისებრი ფოსო საჭრელ კიდეზე არ აქვთ.

კბილები ჰეტჩინსონის - სისტემური ჰიპოპლაზიის ერთ-ერთი სახეობა. ზედა ცენტრალური საჭრელებს სახრახნისისა და კასრისმაგვარი გვირგვინი აქვთ (კბილის დიამეტრი ყელთან უფრო მეტია, ვიდრე საჭრელ კიდესთან). საჭრელ კიდეზე არის ნახევარმთვარისებრი ფოსო.

კბილი (ლათ. - dens, ბერძ. - odus) - პირის ღრუს ორგანო საკვების მოსაკბეჩად, გასასრესად და დასაქუცმაცებლად. Dens angularis - ეშვი; Dens bicuspidatus - პრემოლარი; Dens caninus - ეშვი, კუოპიდანტი; Dens concreti - შეზრდილი კბილები, წარმოიქმნება კბილების ჩანასახების შეზრდის დროს, როდესაც გვირგვინები უკვე ჩამოყალიბებულია. Dentes decidui - სარძევე კბილები. Dentes geminati - კბილის ჩანასახის გახლეჩვის შედეგად წარმოქმნილი წყვილი კბილი; Dens incisivus - საჭრელი კბილი; Dens in dente - კბილი კბილში - კბილისმაგვარი წარმონაქმნი კბილის პულპაში; Dens molaris, multicuspidatus - საღეჭი კბილი, მოლარი; Dens natalis - კბილი, ძირითადად, ქვედა ცენტრალური საჭრელი, რომელიც უკვე ამოეჭრა ახალშობილს; Dens neonatalis - კბილი, რომელიც ამოიჭრა დაბადებიდან 30 დღემდე პერიოდში; Dens permansntes - მუდმივი კბილი; Dens praemolares - პრემოლარი; Dens serotinus - მესამე მოლარი, სიბრძნის კბილი; Dens su.pernumerarii - ზედმეტი კბილი.

კბილის ამოვარდნილობა (dens luxatio) - არის არასრული და სრული. ეტიოლოგია: ტრავმა. ძირითადი ნიშნები: არასრული ამოვარდნილობა - პათოლოგიური უძრაობა როტაციის დროს, სრული - ღრძობის შემდეგ კბილის მთლიანად ამოვარდნა კბილბუდიდან და მასთან კავშირის დარღვევა. მკურნალობა: არასრული ამოვარდნილობისას - არტაშანი, სრულის დროს - რეპლანტაცია. კბილი და კბილბუდე მუშავდება ანტიბიოტიკებით, კბილი დგება კბილბუდეში, ედება არტაშანი, წინასწარ სცილდება პულპა და ბჟენი ედება ფესვის არხს.

კბილის ამოჭრის მექანიზმი - არსებობს თეორიები, რომლებიც კბილის ამოჭრის მექანიზმში მთავარ როლს სხვადასხვა ქსოვილს ან სხვა ფაქტორებს ანიჭებენ. ზოგიერთი ავტორის აზრით, კბილის ამოჭრა მისი ფესვის ზრდის ხარჯზე ხდება (ფესვის თეორია): ფესვი ალვეოლის უძრავ ძვლოვან ფსკერს ებჯინება და კბილი გარეთ ამოდის. სხვები მთავარ როლს კბილის ჩანასახის დვრილს ანიჭებენ, რომელიც ზრდის პროცესში აწვება წარმოქმნილ დენტინს და კბილი ამოიჭრება ნაკლები წინააღმდეგობის მხარეს. დვრილის პულპად გარდაქმნისას ამოჭრა წყდება. ეს თეორიები კლინიკური და რენტგენოლოგიური კვლევებით არ დამტკიცდა. კბილი ზრდას აგრძელებს ფესვისა და პულპის ჩამოყალიბების შემდეგაც. მაგ., ჩამოყალიბებული კბილი ამოჭრის შეფერხების შემდეგ აგრძელებს ზრდას, თუ მოცილდება მის ზემოთ მდებარე კორტიკული ფირფიტა. ზრდას ნაწილობრივ ამოჭრილი კბილიც აგრძელებს ზრდაში ხელშემშლელი ანტაგონისტი კბილის მოცილების შემდეგ. არსებობს სხვა თეორიებიც, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ამომწურავი. ა.ი.კატცი მიუთითებს ზოგიერთი მომენტის გავლენაზე. კბილის ამოჭრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარეგანი ფაქტორები, კერძოდ, ღეჭვის ფუნქცია. კბილის ამოჭრა და მისი ირგვლივმდებარე ქსოვილების განვითარება ერთდროულად ხდება. ამიტომ, კბილის დასრულებული ამოჭრის შემდეგ იგეგმება ორთოდონტული მკურნალობა.

კბილის არხების განმეორებითი მკურნალობა - ბჟენის მოხსნა, ინფიცირებული შიგთავსის მოცილება, ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობა ან ადრე ჩატეხილი ინსტრუმენტების ამოღება.

კბილის გათეთრება - კბილის ნორმალური ფერის აღდგენა მისი გამუქების დროს. გამოიყენება ქლორის პრეპარატები, ნატრიუმის სუპეროქსიდი, ჰიპოქლორიდი, წყალბადის ზეჟანგი, კბილების დასხივება ულტრაიისფერი სხივებით და ლაზერით.

კბილის განვითარება - ხდება კბილის ფირფიტისგან, რომლის კიდეზეც ვითარდება კოლბისებურად გამობურცული ეპითელიუმის ჩანაზარდები (მინანქრის ორგანო) - სარძევე კბილების ჩანასახები. შემდეგ ვითარდება მუდმივი კბილების ჩანასახები. მინანქრის ორგანო მალე ფიალის ფორმას იძენს, რომლის ჩაღრმავებაც სავსეა კბილის ჩანასახის დვრილის წარმომქმნელი მეზენქიმით. ითვლება, რომ მინანქრის ორგანო წარმოქმნის მინანქარს, დვრილი - დენტინსა და პულპას. კბილის ჩანასახის ირგვლივ მდებარე მეზენქიმიდან ყალიბდება განსაკუთრებული შრე - ე.წ. კბილის ტომსიკა. მისი ნაწილი ძვალდება და წარმოიქმნება ფესვის ცემენტი, ძვლისსაზრდელა (პერიოდონტი) და ალვეოლის კედლები. კბილი გადის განვითარების შემდეგ სტადიებს: 1) ეპითელური колокола და მეზენქიმური ტომსიკის დიფერენცირება; 2) კბილის ფოლიკულის ჩამოყალიბება; 3) კბილის გვირგვინის ჩამოყალიბება; 4) კბილის ფესვის წარმოქმნა და ჩამოყალიბება.

კბილის გვირგვინოვანი ნაწილის მოტეხილობა - ეტიოლოგია: ტრავმა. დარღვეულია კბილის გვირგვინის ფორმა, ხშირად გაშიშვლებულია პულპა. განასხვავებენ მოტეხილობას, კბილის კუთხის ჩამოტეხვას, მოტეხილობას კამერისა და პულპის მიდამოში, კბილის გვირგვინის სრულ მოგლეჯას. მკურნალობა: პულპის მოცილება. კბილის გვირგვინის აღდგენა ხდება წკირზე ჩანართით.

კბილის დანალექი - ცუდი ჰიგიენის გამო კბილის ზედაპირზე მჭიდროდ ფიქსირებული მაგარი და რბილი მიკრობული ნადები. პაროდონტის ანთების განვითარების პირველადი ფაქტორია.

კბილის მოძრაობა - არის ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ფიზიოლოგიური მოძრაობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ის ვიუზალურად არ დგინდება. ფიზიოლოგიურ მოძრაობას მოწმობს კბილების საკონტაქტო პუნქტებში მოქლიბული უბნების წარმოქმნა. პათოლოგიური მოძრაობა დგინდება პალპაციით და ინსტრუმენტული გამოკვლევით. კბილის მოძრაობა შექცევადი პროცესია, თუ ის დაკავშირებულია ანთებით პროცესთან პერიაპიკალურ ქსოვილებში. კბილი სიმყარეს იძენს ტრავმული გადატვირთვის მოხსნის შემდეგ, რომელიც პათოლოგიური მოძრაობის ხშირი მიზეზია.   

კბილის ნადები - წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე პირის ღრუს მიკროორგანიზმებით. კბილის ნადების მიკროფლორის ცხოველქმედების პროდუქტებია სხვადასხვა კარიესოგენური ფაქტორები: ორგანული მჟავები, ამინომჟავები, ფერმენტები. მათი წარმოქმნა მნიშვნელოვნად სტიმულირდება საკვებში ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების არსებობით. კბილის ნადებში შეიძლება მოხდეს მიკროორგანიზმების შემადგენლობის ცვლილებები, მჟავას პროდუქციის დაქვეითება და pH გაზრდა, კალციუმის დაგროვება და მისი ჩალაგება ფოსფორმჟავა მარილების სახით ანუ კბილის ნადები კბილის ქვად გადაიქცევა.

კბილის ნადების მოხსნა - კბილის გვირგვინოვანი ნაწილიდან ზედაპირულად მდებარე პიგმენტური ან მიკრობული ნადების და კბილის ქვის მოცილება. კბილების ჰიგიენური წმენდის ერთ-ერთი ეტაპი.  

კბილის პასტა - კბილების მოსავლელი საშუალება. აბრაზიული მასალად გამოიყენება ქიმიურად დალექილი ცარცი, როგორც ძირითადი ნივთიერება 35-40%-მდე. პასტისებრი კონსისტენციის მისაღებად იყენებენ შემბოჭველ ნივთიერებებს: маисовый სახამებელს, ტრაგაკანტს (მცენარეული წებო), ნატრიუმის ალგინატს.

კბილის საკონტაქტო პუნქტები - კბილების შემხები ზედაპირების უბნები კბილთა მწკრივში.

კბილის საპროთეზო ლაბორატორია - შენობა, სადაც კბილის ტექნიკოსები ამზადებენ სხვადასხვა პროთეზს, ორთოდონტულ აპარატებს ყბა-კბილოვანი დეფორმაციის მქონე ბავშვების სამკურნალოდ,  რთულ არტაშნებსა და პროთეზებს ყბა-სახის დაზიანებების მქონე ავადმყოფების სამკურნალოდ. კბილის საპროთეზო ლაბორატორიის ორგანიზებისას გასათვალისწინებელია სპეციფიკური პირობები, რომლებშიც იმყოფებიან კბილის ტექნიკოსები: მჟავებთან (გოგირდმჟავა, მარილმჟავა), პოლიმეთილაკრილატის ეთერებთან, აირთან და ბენზინის ორთქლთან მუშაობა ჩამოსხმისა და მირჩილვის დროს, სხვა აბრაზიული მასალების კარბორუნდის მტვერი. ლაბორატორია უნდა შედგებოდეს ძირითადი და დამხმარე სამუშაო შენობისგან (თაბაშირის, ჩამომაყალიბებელი, პოლიმერიზაციული, საჩამომსხმელო, გასაპრიალებელი).

კბილის ფოლაქი - 200 მკმ სისქის სტრუქტურირებული წებვადი ნადები კბილებზე, რომელიც შეიცავს მატრიცაზე მჭიდროდ ფიქსირებულ სხვადასხვა მიკროორგანიზმის გროვებს, ნერწყვის კომპონენტებს, საკვების ნარჩენებს და ნივთიერებათა ცვლის ბაქტერიულ პროდუქტებს. ის საშიშია მინანქრისთვის, რადგან შლის მას. მის წარმოქმნასა და კარიესის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს ფაქტორებს, მათ შორის კბილების ცუდ ჰიგიენურ მოვლას, რაც იწვევს რბილი ნადების დაგროვებას და მიკრობული ფოლაქის წარმოქმნას.

კბილის ფორმულა - კბილის ფორმულის სქემა გამოიყენება კბილების მდგომარეობის ჩასაწერად. 1861 წელს შემოიღო ზიგმონდიმ (A. Zsigmondy). არის 2 გადაჯვარედინებადი პერპენდიკულარული ხაზი. ყველა კბილს რიგითი ნომერი და თავისი ადგილი აქვს ფორმულაში. სარძევე კბილები რომაული ციფრებით აღინიშნება. ასევე, გამოიყენება სხვა სახის ფორმულებიც.    

კბილის ქვა - მყარი, კირქვის წარმონაქმნი კბილის ზედაპირზე. უპირატესად მდებარეობს კბილის ყელის მიდამოში, სადაც მდებარეობს დიდი სანერწყვე ჯირკვლების გამომტანი სადინრები. კბილის ქვის რაოდენობა დამოკიდებულია ორგანიზმში მინერალურ ცვლაზე და პირის ღრუს ჰიგიენურ მდგომარეობაზე.

კბილის ქვის მოსაცილებელი ულტრაბგერითი აპარატი - გამოიყენება კბილის ქვის მოსაცილებლად. შედგება 5 ძირითადი ნაწილისგან: ელექტრული გენერატორი, მაგნიტურსტრიქციული პეზოკრისტალური გარდამქმნელი, წყლის სისტემა, კვების ბლოკები, მართვისა და სიგნალიზაციის ელემენტები. ელექტრული გენერატორი ქმნის ელექტრულ მერყეობებს, რომლებიც აღაგზნებენ მაგნიტურსტრიქციულ (პეზოკრისტალურ) გარდამქმნელს. კბილის ქვაზე ულტრაბგერის ეფექტური მოქმედებისთვის, კონტაქტურ აკუსტიკურ გარემოდ გამოიყენება წყალი, რომელიც ასევე აუცილებელია აპარატის ნაწილების გასაგრილებლადაც. ვიბრირებადი ბუნიკის ჩამომრეცხ წყლის ნაკადში ვითარდება კავიტაცია, რაც ეფექტურად წმენდს კბილებს ქვისგან ულტრაბგერის გამოყენებით, აბრაზივის სუსპენზიის გამოყენების გარეშე.

კბილის ჩანასახი - კბილების განვითარების ადრეული პერიოდი. კბილების განვითარების დაწყების პირველი ნიშნები შესამჩნევი ხდება ემბრიონული ცხოვრების მე-6-7 კვირაზე.

კბილის ცემენტი (substantia ossea) - ფარავს კბილის ფესვის დენტინს, ყველაზე თხელია ყელთან, ყველაზე სქელი - მწვერვალთან. ცემენტი ძვლის მსგავსად არის აგებული. ჰისტოლოგიურად შედგება ცემენტობლასტების ბოჭკოებისა და უჯრედებისგან. ფესვის ცემენტი პაროდონტის, კბილის საყრდენი აპარატის ნაწილია.

კბილის ჯაგრისი - პირადი ჰიგიენის საგანი, გაჩნდა XIX ს-ში. ჯერ მზადდებოდა ცხენის ძუისგან, შემდეგ ღორის ჯაგრისგან, ამჟამად პლასტმასისგან (გამოდის ელექტრულიც). გამოიყენება საკვების ნარჩენებისგან, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის აქერცლილი ეპითელიუმისგან, დალექილი მარილებისგან და სხვ. წარმოქმნილი ნადების მოსაცილებლად. კბილის ჯაგრისი პატარა უნდა იყოს: ტარის სიგრძე 10 სმ (ბავშვებისთვის 6-7 სმ), ჯაგრისის 5 სმ (ბავშვებისთვის 3-4 სმ). ჯაგარი ხისტი არ უნდა იყოს, ბავშვებისა და კბილების მომატებული მოცვეთის მქონე პირებისთვის კი რბილი.

კენედის კლასიფიკაცია - (Eduard Kennedy, ამერიკელი დენტალური ქირურგი). დეფექტიანი კბილთა მწკრივების კლასიფიკაცია, მოიცავს 4 კლასს. I კლასს მიეკუთვნება კბილთა მწკრივები ორმხრივი ბოლოს დეფექტებით, II კლასს - კბილთა მწკრივები ცალმხრივი საბოლოო დეფექტებით, III კლასს - კბილთა მწკრივები ცალმხრივი ჩართული დეფექტით გვერდით ნაწილში, IV კლასს - კბილთა მწკრივები წინა ნაწილის ჩართული დეფექტებით. თუ კბილთა მწკრივს სხვადასხვა კლასის რამდენიმე ღიობი აქვს, მას მიაკუთვნებენ თანმიმდევრობის მიხედვით ყველაზე ნაკლებ კლასს (1923).

კვარცი (გერმ.quartz) - დედამიწის ქერქში ყველაზე გავრცელებული ქანწარმომქმნელი მინერალი, სილიციუმის დიოქსიდი. შედის სტომატოლოგიური ფაიფურის და ვინირების მასალების შემადგენლობაში.  

კვინკეს შეშუპება - ეტიოლოგია: ვაზომოტორული ინერვაციის კონსტიტუციური დარღვევები. საფუძვლად უდევს პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის მომატება, ვლინდება კაპილარებისა და არტერიოლების ადგილობრივი გაფართოებით და მათი გამტარებლობის გაზრდით. ვითარდება სენსიბილიზებულ ორგანიზმში სპეციფიკური ალერგენების (კვების პროდუქტები - კვერცხი, მარწყვი და სხვ., ყვავილები, ცხოველები) და არასპეციფიკური გამღიზიანებლების (გაცივება, ინფექცია, ინტოქსიკაცია, ფსიქიკური და ფიზიკური ტრავმა) გავლენით.

კერამიკა (ბერძ. keramike - მეჭურჭლეთა ხელოვნება, keramos - თიხა) - თიხისა და მინერალურ დანამატებთან, ოქსიდებთან, სხვა არაორგანულ ნაერთებთან მისი მინარევების გამოწვით მიღებული ნაკეთობები და მასალები. სტომატოლოგიური კერამიკაა ფაიფური და მინის კერამიკა.

კერომერები - კერამიკით ოპტიმიზებული პოლიმერები.

კინეტიკური პრეპარირება კბილების - კბილების კარიესული დაზიანებების მოცილების მეთოდი ბავშვებში. გამოიყენება მაგარი ქსოვილების მცირე ზომის დაზიანებების დროს და ფისურების დასამუშავებლად. წნევის ქვეშ კბილს მიეწოდება სპეციალური ფხვნილი, რომელიც რბილად მოქმედებს მაგარ ქსოვილებზე. ამ დროს პრაქტიკულად არ არის დისკომფორტი, ვიბრაცია, ხმაური.  

კისტა (ბერძ. kiste - ბუშტი) - სიმსივნისმაგვარი ღრუ წარმონაქმნი. შიგნითა ზედაპირი ამოფენილია ეპითელიუმით, კედლის გარეთა ნაწილი კი ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ღრუ, ძირითადად, შეიცავს გამჭვირვალე, იშვიათად - ოპალესცირებად სითხეს. კისტა შეიძლება იყოს კბილის (კბილისახლო, ფოლიკულური), რომელიც ვითარდება კბილის რედუცირებული ეპითელიუმისგან ან კბილის ფირფიტის, გვირგვინის ჩამოყალიბების დამთავრების შემდეგ. ძირითადად, არის ფესვის (რადიკულური), მდებარეობს კბილის ფესვზე, ვითარდება ქრონიკული პერიოდონტიტის გამო.

კისტოგრანულომა (ლათ.  granulum - მარცვალი) - 0,5-0,8 სმ დიამეტრის, ეპითელიუმით ამოფენილი ღრუ, გრანულომატოზური პერიოდონტიტის ვარიანტი.

კიურეტაჟი - პათოლოგიური გრანულაციების მოცილება და კბილის ფესვის ზედაპირის დამუშავება ლორწოვან-ძვლისსაზრდელას ნაფლეთის წარმოქმნის გარეშე.

კიურეტაჟი (კბილბუდის) - გრანულაციის, ინფექციის ქრონიკული კერების, უცხო სხეულების (საბჟენი მასალის, კბილის ნატეხების და ა.შ.) კბილბუდიდან გამოფხეკა (გამოწმენდა).

კლამერი (გერმ. klammer - კონსოლი, მომჭერი) - საყრდენ კბილებზე მოსახსნელი პროთეზების ან აპარატების დასამაგრებელი მექანიკური მოწყობილობა. შეიძლება იყოს მოხრილი ან ჩამოსხმული; ერთ- ან ორმხრიანი; გამამაგრებელი და საყრდენ-გამამაგრებელი. შედგება მხრის, სხეულისა და მორჩისგან. მხარი მდებარეობს საყრდენი კბილის ზედაპირზე, ასრულებს ფიქსაციისა და სტაბილიზაციის ფუნქციას. სხეული ყველაზე ძლიერი ნაწილია. ის აერთებს მხარსა და მორჩს. მორჩი კლამერს აკავშირებს პროთეზის კარკასთან ან ბაზისთან. საყრდენ-გამამაგრებელი კლამერების საყრდენი ელემენტია ოკლუზიური ზედსადები ან მხრის ბოლოს ნაწილი. გავრცელებულია აკერსის (Polk E. Akers, Chicago, 1928),  ხისტი ორმხრიანი კლამერის კონსტრუქცია, რომელიც ძირითადად, გამოიყენება კბილთა მწკრივის ჩართული დეფექტების დროს.    

კლამერი საყრდენი - გამოიყენება პროთეზის საფიქსაციოდ და პროთეზის სხეულზე მოქმედი საღეჭი დატვირთვის ბუნებრივ კბილებზე გადასაცემად. ის, ძირითადად, შედგება ვესტიბულური და ორალური მხრისგან, ოკლუზიური накладки და ღუზის ნაწილისგან.

კლამერის ხაზი - მოსახსნელი პროთეზის 2 კლამერს შორის გავლებული ხაზი. დამოკიდებულია კბილთა მწკრივში დეფექტების მდებარეობაზე. კლამერები მდებარეობენ კბილთა რკალის მიმართ დიამეტრულად, დიაგონალურად ან ცალმხრივად.

კლასიფიკაცია პერიოდონტის ბოჭკოების - 1) ტრანსსეპტალური ბოჭკოები - ღრძილის თავისუფალი ბოჭკოები (მოდიან კბილის ყელიდან და ჩაიწვნებიან ღრძილის შემაერთებელ ქსოვილში); 2) ცირკულარული ბოჭკოები (მოიცავენ კბილის ყელს); 3) ალვეოლური ქედის ბოჭკოები (ალვეოლური ქედის მწვერვალიდან მიდიან კბილის ყელის ცემენტისკენ); 4) ირიბი ბოჭკოები, მწვერვალის ბოჭკოების ჯგუფი.  

კომპიუტერული დამიზნებითი სურათი - კეთდება ექიმის კაბინეტში. დგინდება კბილის არხების მდგომარეობა და კონტროლდება დაბჟენის ხარისხი. გამოიყენება ენდოდონტიურ მკურნალობაში.

კონსერვატორული პაროდონტოლოგია (კონსერვატორული მკურნალობა პაროდონტოლოგიაში) - ღრძილის ანთების ზოგიერთი ფაქტორის მოსაცილებელი სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი. მოიცავს: კბილებისა და ღრძილქვეშა ნადებების მოცილებას, კბილის თერაპიულ მკურნალობას, კბილის ფესვების მოქლიბვას და გაპრიალებას.  

კონსოლური პროთეზი - საყრდენ კბილზე დამაგრებული მოუხსნელი პროთეზის საკიდი კონსტრუქცია.

კონსტრუირება პროთეზის (აპარატის) (ლათ. construere) - მკურნალობის დაგეგმვა ავადმყოფის გამოკვლევის შემდეგ, რომელიც მდგომარეობს პროექტებისა და გამოსათვლელი სამუშაოების შესრულებაში და პროთეზის (აპარატის) კონსტრუქციის შექმნაში.

კონტაქტი ოკლუზიური (ლათ. contactus - შეხება; ლათ. occlusus - ჩაკეტილი) - ანტაგონისტი კბილების შეხება ქვედა ყბის აწევის დროს.

კონტრაქტურა (ლათ. contractura - შევიწროვება, შეკუმშვა) - სახსრის მოძრაობის მყარი შეზღუდვა რბილი ქსოვილების (კანის, კუნთების, იოგების, ფასციების) ან ამ სახსართან ფუნქციურად დაკავშირებული ნერვების პათოლოგიური ცვლილებების შედეგად.

კონტრფორსი (ფრ. - უკუმოქმედი ძალა) - ზედა ყბის კომპაქტური ნივთიერების მძლავრი გამკვრივება, რომლითაც გადაეცემა ღეჭვითი წნევა. არსებობს: შუბლ-ცხვირის, ყვრიმალის, ფრთა-სასის, სასის კონტრფორსები.

კოსმეტიკური კონტურირება - რესტავრაციის მეთოდი. ცვლის ცენტრალური კბილების კონტურებს, ფორმას და აუმჯობესებს ღიმილს, მას უფრო მიმზიდველს ხდის, ქმნის გაახალგაზრდავების ეფექტს. ხორციელდება მაღალი ხარისხის საბჟენი მასალებით. პროცედურა უმტკივნეულოა.

კოფერდამი - პაციენტის პირის ღრუში სტომატოლოგის სამუშაო ველის იზოლაციის ტექნოლოგია რეზინის მსგავსი საფენით. ხელს უშლის ტენის, ნერწყვის მოხვედრას, უზრუნველყოფს სამუშაო უბნის (კბილის მაგარი ქსოვილების, ფესვის არხების) სიმშრალეს, იცავს სასუნთქი გზებიდან მიკროფლორის მოხვედრისგან. ამგვარად, იზრდება მკურნალობის უსაფრთხოება და ეფექტურობა.

კუთხე საგიტალური სასახსრე გზის - საგიტალური სასახსრე გზის ტრაექტორიის ოკლუზიურ სიბრტყესთან გადაკვეთით მიღებული კუთხე. 

კუთხე საგიტალური საჭრელი გზის - საგიტალური საჭრელი გზის ტრაექტორიის ოკლუზიურ სიბრტყესთან გადაკვეთით მიღებული კუთხე. საშუალოდ 40-500 შეადგენს.

კუთხე ტრანსვერსული სასახსრე გზის - ბენეტის კუთხე. წარმოიქმნება საგიტალური სასახსრე გზის მიმართულებით და ქვედა ყბის თავის შიგნით გადაადგილებით ქვედა ყბის გვერდითი მოძრაობის დროს. საშუალოდ 15-170 შეადგენს.

კუთხე ტრანსვერსული საჭრელი გზის - იგივე გოთიკური კუთხე. მიიღება ცენტრალური საჭრელების გადაადგილებისას წარმოქმნილი მრუდების გადაკვეთით და 100-1100 შეადგენს.

ლაბიომეტრი - ხელსაწყო. ზომავს ოკლუზიური მორგვის სიმაღლეს და დონეს ზედა ტუჩთან მიმართებაში, ფრონტალური კბილების ვერტიკალურ სიბრტყეში დასაყენებლად უკბილო ზედა ყბის პროთეზირების დროს. თავსდება ზედა ტუჩის ქვეშ ალვეოლურ ქედზე დაყრდნობით. მის შკალაზე ადგენენ ტუჩის სიმაღლეს და Hurst-ის ცხრილის მიხედვით განსაზღვრავენ ოკლუზიური მორგვის სიმაღლეს.

ლაზეროთერაპია - თერაპიული ზემოქმედება ლაზერის გამოსხივებით, ცოცხალ ქსოვილებში ოპტიმალური პირობების შესაქმნელად, მათ ნორმალურ მდგომარეობამდე აღდგენისთვის.

ლარგალ ულტრა  - სითხე არხების ქიმიური გაფართოებისთვის.

ლატერალური კონდენსაცია - ფესვის არხის დაბჟენის მეთოდი ცივი გუტაპერჩათი, რომელიც აღწევს ფესვის ფუძეში (ვერტიკალური კონდენსაციისგან განსხვავებით, როდესაც გამოიყენება გამთბარი გუტაპერჩა, რომელიც აღწევს არხის გვერდით ხვრელებში).

ლაქი სტომატოლოგიური მფარავი - სქელი თეთრი სითხე მოყვითალო ელფერით (ან სხვადასხვა ინტენსივობის ელფერით). გამოიყენება გრუნტის სახით, ხიდისებრი პროთეზების ლითონის ნაწილების დასაფარად, პლასტმასის ქვეშ ლითონის გამოჩენის ასაცილებლად.

ლეიკოპლაკია (leucoplakia) - ლორწოვანი გარსების ქრონიკული დაავადება. აღინიშნება ეპითელიუმის მომატებული გარქოვანება და ლორწოვანი გარსის ანთება. ძირითადად, მდებარეობს ტუჩის წითელ არშიაზე და პირის ღრუს ლორწოვანზე. იშვიათად, ზიანდება საყლაპავის, სასქესო ორგანოების, სწორი ნაწლავისა და სხვ. ლორწოვანი გარსები. ძალიან იშვიათად გვხვდება ბავშვებში. დაავადება, ძირითადად, ვითარდება საშუალო და უფროსი ასაკის პირებში, უპირატესად მამაკაცებში, მათში მავნე ჩვევების, უპირველეს ყოვლისა, მწეველობის მაღალი სიხშირის გამო. ლეიკოპლაკია ფაკულტატური პრეკიბოა. ეტიოლოგია: მთავარ როლს ადგილობრივი გამღიზიანებლები ასრულებენ. ეპითელიუმის გარქოვანება ვითარდება, როგორც ლორწოვანი გარსის დამცველობითი რეაქცია. ზოგადი დაავადებები და კონსტიტუცია ფონს ქმნის ლეიკოპლაკიის განვითარებისთვის. ყველაზე ხშირი მიზეზია მწეველობა, მისი განვითარების სიხშირე მოწეული თამბაქოს რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. მოქმედებს სითბო, ფისების, ამიაკისა და ფენოლების ნაერთები თამბაქოს კვამლში. სხვა გარეგანი გამღიზიანებლებიდან მნიშვნელოვანია ძალიან ცხელი ან მწარე საკვების, მაგარი ალკოჰოლური სასმელების მიღება, თამბაქოს ღეჭვა, ცუდი მეტეოროლოგიური პირობები (სიცივე, ქარი, ძლიერი ინსოლაცია). ხანგრძლივად არსებული სუსტი მექანიკური ტრავმები ხელს უწყობს ლეიკოპლაკიის განვითარებას. პირის ღრუში ხშირია კბილებისა და პროთეზების კიდეებით ტრავმები არასწორი თანკბილვის, არასრულყოფილი პროთეზების გამო. ლეიკოპლაკია შეიძლება განვითარდეს ქვედა ყბის ღრძილზე, ზედა მესამე მოლარის შეხების ადგილზე, ქვედა მესამე მოლარის არარსებობის დროს, ქვედა ტუჩზე - დაბალი თანკბილვისა და ზედა საჭრელებით ტრავმის დროს. ზოგჯერ ამალგამას ბჟენები ლორწოვან გარსთან შეხების ადგილებში იწვევენ გარქოვანებას და ანთებას. ამალგამას ბჟენების ცემენტის ბჟენებით შეცვლისას პათოლოგიური კერა სწრაფად ქრება (2 დღიდან რამდენიმე კვირაში). გალვანური დენები სხვადასხვა ლითონისგან დამზადებული პროთეზებისა და ბჟენების არსებობის დროს ხელს უწყობს ლეიკოპლაკიის განვითარებას. რომელიმე გამღიზიანებლის მნიშვნელობას ადასტურებს მისი მოცილების შემდეგ ლეიკოპლაკიის გაქრობა. ის შეიძლება განვითარდეს, როგორც პროფესიული დაავადება.

ლეიკოპლაკია პროფესიული - ზოგიერთი (ბენზოლის ნაერთებთან, ქვანახშირის ფისის მშრალ გადამუშავებასთან, ფენო- და ამინომჟავებთან, ანილინის საღებავების წარმოებასთან დაკავშირებულ) საწარმოს მუშებს აღენიშნებათ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გასქელების და გარქოვანების კერები. ავადმყოფებს ჩივილები არ აქვთ და ლორწოვანი გარსის ცვლილებები პირველად სტომატოლოგის მიერ პროფილაქტიკური დათვალიერების დროს აღმოჩნდება. ლორწოვანი გარსის გარქოვანება იწყება პირის კუთხიდან, შემდგომში ვრცელდება ლოყებზე კბილების შეთანასოვნების ხაზზე. ეს ცვლილებები სიმეტრიულად მდებარეობს ორივე ლოყის ლორწოვან გარსზე. მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გადადის დაზიანება ტუჩზე (პირის კუთხის მიდამოში) ან მოიცავს ალვეოლური მორჩის ლორწოვანი გარსის ცალკეულ უბნებს (სასაზე). ეს ცვლილებები პირის ღრუს ქსოვილებში ტროფიკული დარღვევების შედეგია, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების ქრონიკული ზემოქმედების, ქრონიკული ტრავმების დროს. პროფილაქტიკური ღონისძიებების გარდა, ასეთი საამქროს მუშები აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ დისპანსერულ აღრიცხვაზე საამქროს ექიმ-სტომატოლოგთან, რადგან კერატოზის მსგავსი ნებისმიერი ცვლილება კიბოს წინარე მდგომარეობად ითვლება.  

ლიგატურა - თხელი მავთული (ფოლადის, ვერცხლის, ბრინჯაო-ალუმინის) და სხვადასხვა ძაფი (აბრეშუმის და სხვ.), რომლებითაც შეიძლება ორთოპედიული აპარატის ნაწილების შეკვრა, დაქაჩვა.

ლიდოქსორი გელი - ლიდოკაინის შემცველი გელი ზედაპირული ანესთეზიისთვის.

ლითონკერამიკა - კბილის პროთეზის სახეობა. შეიძლება იყოს ერთეული ხელოვნური გვირგვინი ან ხიდისებრი პროთეზი, დაფარული ფაიფურის შრით. მათი უპირატესობაა მთლიანად ჩამოსხმული ლითონკერამიკული კონსტრუქციების მაღალი სიზუსტე და კერამიკული საფარველის მაღალი ესთეტიკური ეფექტი, აღსადგენი კბილების ფორმისა და ფერის შექმნაში აბსოლუტური ინდივიდუალიზმის ხარჯზე.

ლითონპლასტმასა, ლითონპლასტიკატი - ტერმინი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში შემოღებულია 80-იანი წლების ბოლოს, ამ ტექნოლოგიის პიონერების მიერ. კბილის პროთეზის სახეობა. შეიძლება იყოს ერთეული ხელოვნური გვირგვინი ან ხიდისებრი პროთეზი, დაფარული პლასტმასის შრით. ისინი მზადდება მთლიანსხმული კონსტრუქციებით, კომპოზიტური პლასტმასით შემდგომი ვინირებით.

ლორწოვანი გარსი პირის ღრუს (membrana mucosa cavum oris) - გარემოსთან დაკავშირებული ორგანოების ამომფენი საერთო გარსის ნაწილი. მისი ზედაპირი დაფარულია ლორწოთი. ლორწო და მასში შერეული სხვა სეკრეტი გამოიყოფა თვით ლორწოვან გარსში მდებარე ან მის ზედაპირზე გამომტანი სადინრების მქონე ჯირკვლებით. ლორწოვანი გარსი შეიძლება იყოს გლუვი, ნაოჭიანი, ჩაღრმავებებით, ხაოებითა და დვრილებით. მისი რელიეფი იცვლება გაჭიმვის, შეკუმშვის, ორგანოს ფუნქციური ან კლინიკური ცვლილებების შესაბამისად. ზრდასრულ ადამიანში მისი სისქე 0,3-4 მმ-ია. ლორწოვანი გარსი დაფარულია ეპითელიუმით (მრავალშრიანი, გარდამავალი, მრავალრიგიანი, ერთშრიანი, ბრტყელი, კუბური, ცილინდრული). მის ზედაპირზე სისტემურად გამოიყოფა ლეიკოციტები. მათი მიგრაციის მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანია (ზრდასრული ადამიანის პირის ღრუში 1 წთ-ში გამოიყოფა 200000 ლეიკოციტი). ლორწოვანი გარსის მფარავი ეპითელიუმის დესქვამაცია ინტენსიურად ხდება. ცილინდრულ ეპითელიუმს აქვს თავისი აგებულების, დიფერენცირებისა და ფუნქციის შეცვლის კარგად გამოხატული უნარი მაღალი ტემპერატურის, მექანიკური ფაქტორის, აირების ზემოქმედების გავლენით, ავიტამინოზების დროს. ეპითელიუმი უერთდება ბაზალურ მემბრანას (ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის), სწორია, წარმოქმნის დვრილებს (მაგარი სასა, ღრძილები, ენა). უხეში მექანიკური სამუშაოს შემასრულებელ უბნებზე (ღრძილი, მაგარი სასა) Tunica propria შედგება მკვრივი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან. ლორწოვანი გარსის ჯირკვლები არის ერთუჯრედიანი (ფიალისებრი) და მრავალუჯრედიანი. ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით. მასში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები მრავალგვარია. მრავალი დერმატოზი: პემფიგუსი, პემფიგოიდი, წითელი ბრტყელი ლიქენი, წითელი მგლურა, დიურინგის ჰერპესისებრი დერმატიტი, ფსორიაზი, პიგმენტურ-პაპილარული დისტროფია და სხვ. - მდებარეობს პირის ლორწოვან გარსზე და ტუჩების წითელ არშიაზე. ანთებითი პროცესები, ძირითადად, კატარულია და შეიძლება იყოს სეროზული, ლორწოვანი და ჩირქოვანი. ლორწოვანი გარსის ატროფია ხშირი მოვლენაა სიბერეში, საკვების ნაკლებობის, ავიტამინოზის, კბილების ნაწილობრივი და სრული დაკარგვის დროს.

ლოყები (buccae) - გარედან კანით, შიგნიდან ლორწოვანი გარსით დაფარული კუნთოვანი წარმონაქმნები. ლოყის სისქეს შეადგენს ცხიმოვანი ქსოვილი და ლოყის კუნთის კონები. ლორწქვეშა საფუძველი კარგად არის გამოხატული. მასში არის დიდი რაოდენობით ლორწოვანი და შერეული ჯირკვლები. ლოყების უკანა ნაწილში, ეპითელიუმის შრის ქვეშ მდებარეობს მრავალრიცხოვანი წვრილი ცხიმოვანი ჯირკვლები (ფორდაისის ჯირკვლები).

ლუმინესცენციური დიაგნოსტიკა - დამყარებულია ქსოვილების უნარზე, შეიცვალოს ბუნებრივი ფერი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.

ლუქსაცია (luxatio) - ამოვარდნილობა, გადაადგილება სახსარში, მაგ., ქვედა ყბის, პირის ზედმეტად გაღების ან სხვა მიზეზის გამო. ქვედა ყბის ამოვარდნილობის დროს საჭიროა სასწრაფო ჩასწორება, დროებითი ნახვევი - праща ან ლაგამი, მოსვენება, თხევადი საკვები.

მაგნიტური განმზიდავი პროთეზები - უკბილო ყბებისთვის შემოგვთავაზა Wietfeld, Freedman, Toriani, Cislaghi. პროთეზი ყბებზე მაგრდება მაგნიტური ველის განმზიდავი ძალებით (თანამოსახელე პოლუსების კონტაქტისას).

მაგნიტურ-ლაზერული თერაპია - ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ფიზიოთერაპიული მეთოდი პირის ღრუში.

მაკროგენია (macrogenia) - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დარღვევებით გამოწვეული სახის ქვედა ნაწილის ზედმეტად განვითარება (მაგ., აკრომეგალიის დროს).

მაკროგლოსია (macroglossia) - ენის გადიდება ლიმფ- ან ჰემანგიომის, ენის კუნთების ჰიპერტროფიის, მიქსედემის, აკრომეგალიის, რეკლინგჰაუზენის დაავადების და სხვ. დროს. ეტიოლოგია: პირველადი ადენტიის ან ღია თანკბილვის მიზეზი ხშირად არის თანდაყოლილი სიმახინჯეები. ნიშნები: ენა ზედმეტად დიდია და არ თავსდება პირის ღრუში. ფუნქციური დარღვევები: დარღვეულია ბგერათა წარმოქმნა. აღინიშნება ჭარბი სალივაცია მუდმივად ღია პირის და პირის ღრუდან ენის გადმოგდების გამო. მკურნალობა: ღია თანკბილვის დროს პროთეზირება, რაც ხელს შეუშლის ენის გადმოგდებას.

მაკროგნატია (macrognathia) - ზედა ყბის ზედმეტად განვითარება.

მაკროდონტია (macrodontia) - ძალიან დიდი კბილები.

მაკროქეილია (macrocheilia) - ტუჩების ზომების გადიდება.

მარასლავინი - მცენარეული წარმოშობის პრეპარატი. полыни, მიხაკის, შავი წიწაკის და სხვ. გამონაწური. თრგუნავს გრანულაციური ქსოვილის ზრდას პაროდონტულ ჯიბეში, აქვს მასკლეროზებელი და სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება.

მარმარილოს დაავადება - იშვიათი დაავადებაა, აზიანებს ჩონჩხის ძვლების უმრავლესობას. არის მიმდინარეობის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ფორმები. კეთილთვისებიანი მიმდინარეობისას მთლიანი ჩონჩხის სკლეროზთან ერთად აღინიშნება ყბების ძვლების სკლეროზი, კბილების ამოჭრის ანომალიები. კბილის მინანქარს ამოჭრისთანავე ცარცისებრი ელფერი აქვს, შემდეგ ხდება ფაშარი და სწრაფად იკარგება. კბილები სწრაფად იშლება. მათი შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა დროული ორთოპედიული მკურნალობა. 

მასალები კბილების დასაბჟენი - თვისებებით განსხვავებული მასალები. გამოიყენება ფესვის არხების ამოსავსებად და ანთებითი პროცესების ასაცილებლად, კბილის გვირგვინის რესტავრაციისთვის. ძველი თაობის: ამალგამა, ცემენტი, პლასტმასა, პასტები (ცვლიან კბილის ფერს, გაიწოვება დროთა განმავლობაში). ახალი თაობის: სხვადასხვა სახის სარესტავრაციო კომპოზიტური (რთული სტრუქტურული) მასალები. სინთეზური მასალები ფისების ფუძეზე (გამოიყენება აუცილებლად გუტაპერჩასთან ერთად - არ ცვლის კბილის ფერს, მდგრადია ტემპერატურის მერყეობისადმი, არ გაიწოვება, არ ჯდება). 

მატრიცა - უჟანგავი ლითონის ანტიკოროზიული, მაღალი ელასტიურობის მქონე სეპარაციული ხაზი. უძლებს სტერილიზაციას. გამოიყენება კბილების კონტურების შესაქმნელად დაბჟენის დროს.

მაშები კრამპონის - გამოიყენება სხვადასხვა ლითონის მასალის დასაჭერად, გადასაკვნეტად, მოსახრელად კბილის სატექნიკო სამუშაოებისა და ყბებზე არტაშნის დადების დროს. მაშების ნაწილები მჭიდროდ არის დამაგრებული ხრახნით. სამუშაო ნაწილების ბოლოებზე დატანილია განივი ღარი. მზადდება უჟანგავი ან ნახშირბადოვანი ფოლადისგან. ეს უკანასკნელი დაფარულია ნიკელით.  

მაცერაცია კბილის მაგარი ქსოვილების, ხელოვნური გვირგვინის ქვეშ (maceratio) - დარბილება. ხდება ხელოვნური გვირგვინის ქვეშ ცემენტის გაწოვის დროს. ნიშნები: ღრძილიდან სისხლდენა და სუნი პირიდან, რომელიც ძლიერდება ხელოვნური გვირგვინის ქვემოდან სითხის გამოწოვისას. ხელოვნური გვირგვინის ძალით გადაადგილებისა და შემდეგ ადგილზე დაბრუნებისას, გვირგვინის კიდეზე ჩნდება ბუშტუკები. ფუნქციური დარღვევები: საკვების მტკივნეული დამუშავება. საჭიროა ხიდისებრი პროთეზის მოხსნა და კბილის მკურნალობა ჩვენების მიხედვით.

მეორადი კარიესი - ბჟენთან განვითარებული ახალი კარიესული დაზიანება ნამკურნალებ კბილში.

მეორადი პროფილაქტიკა - დაავადების განვითარების, რეციდივებისა და გართულებების აცილებისკენ მიმართული ღონისძიებები კომპლექსი.

მესამეული პროფილაქტიკა - მიმართულია ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის დაკარგვის აცილებისკენ, დაავადების დროს შელახული ჯანმრთელობის აღდგენის გზით.

მეტაპასტა - წყალში ხსნადი დროებითი საბჟენი მასალა კალციუმის ჰიდროქსიდის ფუძეზე, ბარიუმის სულფატთან ერთად. ჩვენებები: პულპის შემთხვევით გახსნა და პულპოტომია; არაჰერმეტული არხი; აპექსფიქსაცია; დამცავი მაგარქსოვილიანი ბარიერის ჩამოყალიბება; ფესვის არხების დროებითი დაბჟენა. უპირატესობები: საჭიროებისას ფესვის არხებიდან ადვილად ამოღება წყალში კარგი ხსნადობის გამო; კარგი ანტიბაქტერიული ეფექტი და რენტგენოკონტრასტულობა; გამოყენებისთვის მზა პასტა შპრიცში; პასტის ადვილად შეყვანა ფესვის არხში; ერთჯერადი ბუნიკები ჯვარედინი ინფექციის ასაცილებლად. კომპლექტაცია: 1,2 გ პასტა შპრიცში. სტერილური, ერთჯერადი ბუნიკები, მბრუნავი რგოლი ბუნიკის მიმართულების შესაცვლელად. ზომა: 228x61x22 (მმ). წონა: 83 გ. სიფრთხილე: არ გაცდეს აპექსს. სასურველი არ არის პირდაპირი მზის სხივების მოხვედრა, შპრიცი მუდმივად დახურული უნდა იყოს დამცავი ჩაჩით.

მეტროგენი - მეტრონიდაზოლიანი ღრუბელი. დამატებითი საშუალება, შეყავთ პაროდონტულ ჯიბეებში მათი დამუშავების დროს, მოქმედებს ანაერობულ მიკროფლორაზე. გაიწოვება თავისით.

მთლიანი კერამიკული (იგივე კერამიკული პროთეზები) - დაპრესვის ტექნოლოგიით დამზადებული ორთოპედიული კონსტრუქციები - მცირე ზომის ჩანართები, ვინირები, გვირგვინები და ხიდისებრი პროთეზები.

მიკროაბრაზია - დაზიანებული კბილების მექანიკური დამუშავება მჟავას შემცველი ნაერთებით, პიგმენტური ლაქებისა და კბილის ნადების მოსაცილებლად.

მიკროდონტია (microdontia) - პატარა ზომის კბილები.

მიკროსკოპი საოპერაციო - ოპტიკური მიკროსკოპი. გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების და ენდოდონტური მკურნალობის ჩატარების დროს. ვიზუალურად აკონტროლებს მკურნალობის პროცესს, ადრე უხარისხოდ დაბჟენილი არხის მკურნალობას, არხიდან უცხო სხეულის (მაგ., გატეხილი ენდოდონტური ინსტრუმენტი) ამოღებას.   

მიკროფლორა პირის ღრუს - პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმების ერთიანობა. ირღვევა სხვადასხვა დაავადების (მაგ., კარიესი) დროს.                

მიკულიჩის დაავადება - 1892 წ. პოლონელმა ექიმმა მიკულიჩმა აღწერა დაავადება, რომელიც ხასიათდება სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების გადიდებით. მოცულობაში იზრდება დიდი (ყბაყურა, ყბისქვეშა, ენისქვეშა) და მცირე (ტუჩის, ლოყის, სასის, ენის) სანერწყვე ჯირკვლები. დაავადება ხანგრძლივად მიმდინარეობს. სანერწყვე ჯირკვლების გადიდების შესაბამისად, იზრდება პირის სიმშრალე, საცრემლესი - კონიუნქტივის სიმშრალე.

მინანქარი - ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მტკიცე ქსოვილი, მოოსის ცხრილით მისი სიმყარეა 7. დ.ნ. ციტრინის მიხედვით, მინანქრის სიმტკიცე გარეთა შრეში ვიკერსის 300, დენტინის ახლოს კი 250 ერთეულია. მისი სიმტკიცე და საჭრელი ინსტრუმენტებისადმი წინააღმდეგობა უზრუნველყოფს ფუნქციების შესრულებას ღეჭვის დროს, იცავს მგრძნობიარე დენტინს ძლიერი გამღიზიანებლებისა და მავნე გავლენისგან. ი.გ. ლუკომსკის მონაცემებით, მინანქარი შეიცავს 4% ორგანულ ნივთიერებებს, 94% კალციუმის მარილებს და 2% სხვა მარილებს. მარილის 96% შემადგენლობის მიუხედავად, მინანქარი ცოცხალი ქსოვილია და პროთეზირების ყველა ტექნიკური პროცედურის დროს მას ორგანიზმის სხვა ცოცხალი ქსოვილების მსგავსად უნდა მოვექცეთ. მინანქარში ცვლის პროცესების არსებობა მრავალჯერ დადასტურდა სხვადასხვა რადიაქტიური იზოტოპით. მინანქრის სისქე განსხვავებულია გვირგვინის კედლების ფუნქციური დატვირთვის და მისი დამცავი ფუნქციის მიხედვით. ყელის კიდესთან მისი სისქე 0,01 მმ-ია, ეკვატორთან 0,8 მმ, ბორცვების მწვერვალზე იზრდება 1,5 მმ-მდე და საღეჭი ღარისა და ღრმა ფისურების მიდამოში მცირდება 0,6 მმ-მდე.

მიუხორცებლობა იმპლანტატის - ლითონის ღეროს გამოძევება პირის ღრუს ქსოვილების მიერ, თან ახლავს რბილი ან ძვლოვანი ქსოვილის ანთებითი პროცესი. მისი ზოგიერთი გამოვლინება: კბილის იმპლანტატის დეზინტეგრაცია - ძვლოვან ქსოვილთან იმპლანტატის ფუნქციური შეერთების (ოსტეოინტეგრაციის) დარღვევა; დიგესცენცია - ჭრილობის გახსნა, კიდეების დაშორება, ძვლის ნაწილობრივი გაშიშვლება, იმპლანტატის უბნის, ფესვის ნაწილის გაშიშვლება; მუკოზიტი - ღრძილის ქსოვილების ანთება იმპლანტატის ირგვლივ; პერეიმპლანტიტი - იმპლანტატის ირგვლივ ძვლის პროგრესირებადი შთანთქმა, გაწოვა.

მიჩვევა პროთეზთან - რთული ფსიქოლოგიური და ნერვულ-რეფლექსური პროცესი. პროთეზის ჩასმის შემდეგ ვითარდება უცხო სხეულის გამოძევების უპირობო დამცავი რეფლექსი. ჩნდება ჭარბი ნერწყვის გამოყოფა, გულისრევა. დროთა განმავლობაში უპირობო რეფლექსი ქრება ახალი პირობითი რეფლექსების გაჩენით. პროთეზის საპასუხო რეაქცია ფერხდება და ქრება. ამას საფუძვლად უდევს ქერქისმიერი შეფერხება, რაც გამოიხატება აგზნებადობისა და გამტარებლობის დათრგუნვაში, დაქვეითებაში. ადაპტაციის შემდეგი ეტაპია ენის, ტუჩების ახალი მიზანმიმართული მოძრაობების ჩამოყალიბება ბგერების წარმოქმნის დროს. ვითარდება მიჩვევა პირის ღრუს ახალ მოცულობასა და მოხაზულობასთან. შემდეგ იწყება საღეჭი კუნთების მიჩვევა ახალ ალვეოლათშორის სიმაღლესა და ახალ ოკლუზიურ ურთიერთკავშირთან. მომატებული ალვეოლთაშორისი სიმაღლისა და ქვედა ყბის გადაადგილების დროს იცვლება მანძილი საღეჭი კუნთების მიმაგრების ადგილებს შორის. ეს იწვევს მათი ტონუსის მომატებას (მიოსტატიკური რეფლექსი), რომელიც გარკვეული დროის შემდეგ წესრიგდება. გამომუშავდება ქვედა ყბის გამიზნული ფუნქციური მოძრაობები, რაც საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მოძრაობებს ნორმაში აბრუნებს. ექიმი ავადმყოფს ეხმარება ფსიქოთერაპიულად და ბაზისის კიდეების და ოკლუზიური ურთიერთობების კორექციით. ფიზიოლოგიურის გარდა, ხდება ფსიქოლოგიური ადაპტაცია - პროთეზისადმი ზიზღისა და სირცხვილის გრძნობის მოხსნა. ქვეითდება ამასთან დაკავშირებული გაღიზიანებადობა, იხსნება დაბრკოლება ურთიერთობის სფეროში. პაციენტი აღარ ფიქრობს პროთეზზე. ეს  ავადმყოფების უმრავლესობაში მოტივაციისა და ნებისყოფის გავლენით ხდება. ზოგიერთ პაციენტში კი ვითარდება ფსიქიკური დეზადაპტაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომთა კომპლექსი და ავადმყოფი აღარ იყენებს პროთეზს.

მკურნალობა კბილის არხების - მათგან ინფიცირებული შიგთავსის მოცილება და შემდგომი დაბჟენა.

მოდული სტომატოლოგიური - მექანიზმებისა და აპარატების კომპლექსი სტომატოლოგის კაბინეტში (სავარძელი, ბორმანქანა, ავეჯი, სამკურნალო-დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი).  

მოლარები - დიდი ძირითადი კბილები საკვების დასაქუცმაცებლად. აქვთ მასიური გვირგვინი დიდი საღეჭი ზედაპირით, რომელსაც 3-5 ბორცვი აქვს. ისინი სულ 12-ია, 3-3 ზედა და ქვედა ყბის თითოეულ მხარეზე.

მოსაცვლელი თანკბილვა - სარძევე კბილების მუდმივით შეცვლის პერიოდი - 5-6-დან 12-13 წ-მდე.

მოსახსნელი აპარატი დამატებითი აქტიური ელემენტებით - ორთოდონტული მოსახსნელი კონსტრუქცია კბილთა მწკრივში კბილების გასასწორებლად. შედგება პლასტმასის ფუძისგან, რომელიც ებჯინება პირის ღრუს ლორწოვან გარსს და კბილებს და მასში ჩამაგრებული ხრახნებისგან, ზამბარებისგან, მავთულის დეტალებისგან, რომლებიც კბილების გადაადგილებას ახორციელებენ.  

მოსახსნელი აპარატი მარტივი (მოსახნელი ფირფიტა) - ორთოდონტული მოსახსნელი კონსტრუქცია კბილთა მწკრივში კბილების გასასწორებლად. შედგება პლასტმასის ფუძისგან, რომელიც ებჯინება პირის ღრუს ლორწოვან გარსს და კბილებს.

მოსახსნელი პროთეზი ბავშვებისთვის - მოსახსნელი ორთოდონტული კონსტრუქცია ბავშვებში ნაადრევად ამოღებული სარძევე ან მუდმივი კბილების ჩასანაცვლებლად.

მოცვეთა კბილის მაგარი ქსოვილების - ვითარდება საღეჭ და გვერდით ზედაპირებზე. მოცვეთის შედეგად კბილების საღეჭი ზედაპირები თანდათან იქლიბება, ბორცვები მცირდება, საღეჭი ზედაპირის ღარები მცირდება და თანდათან ქრება. ასეთი მოცვეთის შედეგად თაკბილვა უფრო ღრმა ხდება, შეხებაშია საღეჭი ზედაპირების უფრო დიდი ნაწილი.

მოცილება გრანულომის - პირის ღრუს ანთებითი ქსოვილის მოსაცილებელი ქირურგიული ოპერაცია. არის 2 მეთოდი: გრანულომის მოცილება კბილთან ერთად, ფესვის მწვერვალის რეზექცია.

მოძრაობა ჩამომაყალიბებელი - ხორციელდება ანაბეჭდის კიდეების გასაფორმებლად. თუ ექიმი  პაციენტის ტუჩებსა და ლოყებს თავისი თითებით გადაადგილებს, რბილი ქსოვილების მოძრაობები პასიურია. თუ რბილი ქსოვილები მიმიკური ან საღეჭი მუსკულატურის, პირის ღრუს ფსკერის, ენის კუნთების დაძაბვით გადაადგილდება, ეს მოძრაობები აქტიურია.

მოხუცებულობითი პროგენია - უკბილო ყბების უკუშეფარდება ნიკაპის წინ წამოწევით.

მულტიკუსპიდატი (multicuspidati)  - მესამე მოლარი, რომლის საღეჭ ზედაპირსაც 4 ან 5 ბორცვი აქვს.

მუცინი - გლუკოპროტეინი, ნერწყვის შემადგენელი ნაწილი. ნერწყვს ანიჭებს სიბლანტეს და საკვებ გუნდას სრიალას ხდის. შეიცავს გლუკოზამინს, 1,5% გოგირდს და 37% რედუცირებულ შაქარს.  

ნაფლეთოვანი ოპერაცია - ღრძილის ან კბილის ქვის ქვეშ ღრმად მდებარე ანთებითი ქსოვილის მოცილება. ხორციელდება ღია მიდგომით: იკვეთება ღრძილი, სცილდება შეცვლილი ქსოვილები კბილის ფესვსა და ძვალზე, ღრძილი იკერება, შეაქვთ პლასტიკური მასალები ძვლის გასაზრდელად.

ნაწილობრივი ბრეკეტ-სისტემა - სისტემა, რომელზეც მიერთებულია კბილები ერთ ყბაზე ან კბილების ნაწილი.

ნაწილობრივ მოსახსნელი პროთეზი - ორთოპედიული კონსტრუქცია, რომელიც აღადგენს არარსებული კბილების ნაწილს პირში ბუნებრივი კბილების (ერთზე მეტი) არსებობის შემთხვევაში, რომლებსაც ის ემაგრება. მხოლოდ 1 კბილის შემთხვევაშიგამოიყენება მთლიანი მოსახსნელი პროთეზი. ნაწილობრივ მოსახსნელი პროთეზების მიმაგრების მეთოდებია: ხილული - „კაუჭები" (კლამერები), კბილზე ღრძილთან შეიმჩნევა ლითონის ხაზი; უხილავი - „საკეტი სამაგრები" (ატაჩმენტები): ჭიკარტის, ლიანდაგის, რაზის (მბრუნავი ან ჩამკეტი საკეტი) სახით.

ნაწილობრივ მოსახსნელი ფირფიტიანი პროთეზი - მოსახსნელი პროთეზი, რომელიც შედგება ღრძილის ფერის სპეციალური პლასტმასის ფირფიტაზე მდებარე ხელოვნური კბილებისგან.

ნახეთქი - პირის კუთხის კანისა და ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, დაწყლულება და მაცერაცია. დაავადებას იწვევს მრავალი მიზეზი: სტრეპტოკოკებით, საფუარა სოკოებით ინფიცირება ან ტრავმა. ნახეთქი ხშირად ვითარდება მშრალი, ნაკლებელასტიური კანის მქონე პირებში.კბილის პროთეზის გამოყენების დროს ნახეთქი ვითარდება, როდესაც პირის ნაპრალი პატარაა, პროთეზის ბაზისი კი დიდი. პირის ღრუში პროთეზის შეტანა და გამოტანა იწვევს პირის კუთხეების დახეთქვას და შემდგომ ინფიცირებას. პირის კუთხეების ქსოვილების დახეთქვა, ნაპრალების წარმოქმნა ხდება ნახეთქის განვითარების მიზეზისგან დამოუკიდებლად (ძირითადად, შორსწასულ შემთხვევებში). ნაპრალები ადვილად სისხლმდენია და იფარება სისხლიანი ან ჩირქიანი ქერქით. ნახეთქის დროს გაძლიერებულია ნერწყვდენა, რაც აუარესებს დაავადების მიმდინარეობას, იწვევს კანისა და ლორწოვანი გარსის დამატებით მაცერაციას. სახის ქვედა ნაწილის დაბალი სიმაღლის მქონე პირებში  კბილების დაკარგვის ან კბილის მაგარი ქსოვილების მკვეთრი გენერალიზებული მოცვეთის  გამო დაავადება ხანგრძლივია, რადგან მათში პირის კუთხეების მიდამოში წარმოიქმნება ღრმა ნაოჭები, რომლებიც ქსოვილების მაცერაციას იწვევენ. სტრეპტოკოკური ნახეთქი გადაეცემა კონტაქტურად - ჭურჭლით, პირსახოცით და ა.შ. მკურნალობა: ანილინის საღებავების 1% ხსნარი დღეში 2-3-ჯერ 700 სპირტში; 5% თეთრი ვერცხლისწყლის მალამო ან 5-10% გოგირდ-дегтярной მალამო; 1-10% სინტომიცინის ემულსია; პენიცილინის მალამო (1000-5000 ერთ 1გ ფუძეში). ანტიბიოტიკები სამკურნალო ეფექტს არ იძლევიან სოკოვანი ეტიოლოგიის ნახეთქების დროს. ამ შემთხვევებში იყენებენ ნისტატინის მალამოს. პროთეზებისა და ეგზემური დაზიანებისკენ მიდრეკილი მშრალი კანის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია პირში პროთეზის შეტანამდე და გამოტანამდე 10-15 წთ-ით ადრე პირის კუთხეებზე ნეიტრალური ცხიმის წასმა. შეიძლება შემდეგი მალამოების დანიშვნა: Lanolini, Ol. Persicorum ana 15,0.

ნებითი ინფორმირებული თანხმობა - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პაციენტის ან მისი წარმომადგენლის გაცნობიერებულ პირად თანხმობას სამედიცინო ჩარევაზე, ექიმისგან სრული ინფორმაციის მიღების საფუძველზე. დოკუმენტში დაწვრილებით არის აღწერილი: დიაგნოზი, მკურნალობის მეთოდი, დამატებითი გამოკვლევები, შესაძლო გართულებები და მათი აცილების მეთოდები, გარანტიები. პაციენტი ხელს აწერს შეხედულებისამებრ. უარის შემთხვევაში, ექიმი შესაბამის ჩანაწერს აკეთებს სამედიცინო ბარათში.

ნევრალგია - ძირითადად, მგრძნობიარე ნერვების დაზიანება. აღინიშნება ხანმოკლე (1-2 წთ) ან მუდმივი შეტევისმაგვარი მტანჯველი ტკივილი სამწვერა ნერვის 1-3 ტოტების ინერვაციის ზონაში. ტკივილს თან ახლავს ვეგეტაციური მოვლენები (სახის ჰიპერემია, ცრემლ- და ნერწყვდენა).

ნეიტრალური ზონა - ზედა ყბაზე ლორწოვანი გარსის გადახრის ზონა (გარდამავალი ნაოჭი), სადაც შეიძლება სარქვლის წარმოქმნა. ხასიათდება ლორწოვანი გარსის შედარებით მცირე მოძრაობით და კარგი დამყოლობით. ტერმინით „ნეიტრალური ზონა" სპეციალურ ლიტერატურაში აღინიშნება პროთეზის პერიფერიული საზღვრების მდებარეობა უკბილო ყბაზე, რაც სწორი არ არის. სიტყვა „ნეიტრალური" (neutralis) წარმოდგება ლათინური სიტყვისგან neuter, რაც ნიშნავს „არც ის, არც სხვა". შედეგად, ტერმინით „ნეიტრალური ზონა" უნდა აღინიშნოს ისეთი წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს ფუნქციური მნიშვნელობა ანუ პასიურია. უკბილო ყბაზე პროთეზის ფიქსაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეიტრალურ ზონაში მდებარე ქსოვილები პასიური კი არ არის, არამედ მჭიდროდ ებჯინება პროთეზის პერიფერიულ კიდეებს და წარმოქმნის სარქველს, ანუ ნეიტრალური ზონის ქსოვილები უნდა განიხილოს, როგორც მორფოლოგიური და ფუნქციური წარმონაქმნი, რადგან ისინი აქტიურად მოქმედებენ. ამიტომ, სარქვლის წარმოქმნაში მონაწილე ქსოვილებს ზუსტად ახასიათებს ტერმინი „სარქვლოვანი ზონა" (ვ.ი. კურლიანდსკი). ზედა ყბის ნეიტრალური ზონა ვესტიბულური მხრიდან გაივლის გარდამავალ ნაოჭზე, სასის მხრიდან მდებარეობს მაგარი სასის რბილ სასაში გადასვლის ადგილზე. ორთოპედიულ სტომატოლოგიაში ამ უბანს ეწოდება A ხაზი. ეს დასახელება მომდინარეობს იქიდან, რომ „ა" ბგერის წარმოთქმისას რბილი სასა წამოიწევა და გამოკვეთს მაგარ სასაში მის გადასვლის ადგილს. A ხაზი კარგად განისაზღვრება ცხვირე ხელის მოჭერისა და ღია პირით ცხვირში ჰაერის ჩაბერვისას. ამ დროს რბილი სასა წინ გადაიხრება, წარმოქმნის მოხრილობას მაგარ სასაში გადასვლის ადგილზე. ქვედა ყბის ნეიტრალური ზონა იყოფა ვესტიბულურ, მოლარების უკანა, ენისკენა და ალვეოლის უკანა ნაწილებად. ნეიტრალური ზონის ვესტიბულური ნაწილი ემთხვევა გარდამავალ ნაოჭს. მოლარების უკანა (regio retromolaris) ნაწილი მდებარეობს სიბრძნის კბილების უკან. ენისკენა საზღვარი გადის ყბა-ენისქვეშა ხაზზე (linea mylohyoidea), ალვეოლის უკანა ნაწილის საზღვარია (regio retroalveolaris) ქვედა ყბის შიგნითა კუთხის ზედაპირი.   

ნემსები ფესვის граненые - გამოიყენება ფესვის არხების მედიკამენტური დამუშავებისთვის. სამუშაო ნაწილის ზომის მიხედვით გამოდის 5 ნომრის ნემსები. თითოეული ნემსის საერთო სიგრძე 50 მმ-ია. მზადდება ფოლადის ნახშირბადოვანი მავთულისგან და ოქსიდირებულია.

ნეოკონესი - საანესთეზიო კონუსები ანტიბიოტიკებით. დამატებითი საშუალება ალვეოლიტების სამკურნალოდ, ალვეოლების კონტროლისა და გაწმენდის შემდეგ.

ნერწყვი (sialon) - პირის სითხე, სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტი. ადამიანის შერეული ნერწყვი არის წებვადი სითხე ხვედრითი წონით 1,002-1,017. ის ოდნავ მღვრიეა უჯრედული ელემენტების არსებობის გამო. შერეული ნერწყვის სიბლანტე მერყეობს 5,72-დან 9,86 პუაზამდე. ის შეიცავს დაახლოებით 98-99% წყალს და მასში გახსნილ ზოგიერთ მინერალურ და ორგანულ ნივთიერებას. ზრდასრულ ადამიანში გამოიყოფა 1,5 ლ ნერწყვი დღე-ღამეში. გადაყლაპული ნერწყვი ხელს უწყობს იონური თანასწორობის შენარჩუნებას, рН ნეიტრალურთან მიახლოებული (7,08-7,36). ის კბილების მინანქარში კალციუმის, ფოსფორისა და ზოგიერთი სხვა ელემენტის შესვლის წყაროა (ცდები მონიშნული ატომებით - ვოლკერი და ზოგნესი, ნ.ა. ფედოროვა და თანაავტ.), რაც გარკვეულ გავლენას ახდენს ამ ქსოვილის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, ზოგჯერ კი კბილის ქსოვილებში პათოლოგიური პროცესების განვითარებაზე. ნერწყვის მხრივ ცვლილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კარიესის განვითარებაში.

ნერწყვის საქაჩი - სამედიცინო ხელსაწყო პირის ღრუდან ნერწყვის ამოსაქაჩად. უზრუნველყოფს საოპერაციო ველის სიმშრალეს, რაც აუცილებელია მკურნალობის, დაბჟენის, მოუხსნელი პროთეზების ფიქსაციის დროს.               

ნერწყვ-კენჭოვანი დაავადება - სანერწყვე ჯირკვების ხშირი დაავადებაა. ძირითადად, აღინიშნება შუა ხნის პირებში. შედარებით ხშირია მამაკაცებში. ზოგიერთი მეცნიერი ამას ხსნის მწეველობით, პირის ღრუს არასათანადო მოვლით და პირში სხვადასხვა ინფიცირებული საგნების, მაგ., ლურსმნის, ასანთის და ა.შ. ჩადების მავნე ჩვევით. კონკრემენტი, ძირითადად, მდებარეობს ყბისქვეშა ჯირკვალში ან მის გამომტან სადინარში, შედარებით იშვიათად - ყბაყურა ჯირკვალში ან მის სადინარში. ენისქვეშა ჯირკვალში კენჭები თითქმის არ აღინიშნება. ეტიოლოგია: დაავადება უძველესი დროიდან არის ცნობილი და მისადმი მიძღვნილი მრავალი ნაშრომი არსებობს, მაგრამ კენჭების წარმოქმნა ჯირკვლის სადინარებსა და პარენქიმაში ბოლომდე შესწავლილი არ არის. თან ახლავს ინტენსიური ტკივილი საკვების მიღების დროს, დაზიანებული ჯირკვლის შეშუპება ნერწყვის გამოყოფის გაძნელების გამო. 

ობლიტერაცია (obliteratio) - ღრუს ან რომელიმე ორგანოს (მაგ., კბილის ფესვის) სანათურის შეზრდა.

ობტურაცია ფესვის არხის - მისი ავსება საბჟენი მასალით.  

ოდონტომა (odontoma) - კბილის ქსოვილებისგან წარმოქმნილი სიმსივნე (კეთილთვისებიანი). არის კბილის სხვადასხვა ქსოვილისა და პაროდონტის კონგლომერატი. ბერძნულიდან თარგმანში ოდონტომა ნიშნავს „კბილებისგან შემდგარ სიმსივნეს". უპირეტესად ჩნდება მუდმივი ძირითადი კბილების ჩამოყალიბების პერიოდში. ძირითადად, ქვედა ყბის კუთხეში, სხეულისა და ტოტის მიმდებარე უბნებზე. ზოგჯერ, აღინიშნება ზედა ყბაზე ზედა ყბის წიაღის მიდამოში.

ოვერლეი (overlay) - ბჟენი-ჩანართის სახეობა კბილის გვირგვინის აღსადგენად. გამოიყენება საღეჭი კბილის ძლიერი დაშლის დროს. მზადდება ლაბორატორიაში ინდივიდუალურად ფორმისა და ფერის მიხედვით, კერამიკისგან, კომპოზიტისგან ან ლითონშემცველი შენადნობებისგან. 

ოკლუდატორი - აპარატი, რომელიც იმეორებს ყბის გაღება-დახურვას. შედგება 2 მავთულის ან ჩამოსხმული ჩარჩოსგან: ქვედა, 100-1100-ით მოხრილი და ზედა - ბრტყელი. ორივე ჩარჩო მოძრავი მიმაგრებით არის შეერთებული. ოკლუდატორი გამოიყენება კბილის პროთეზების შექმნისას. ოკლუდატორში დამზადებული პროთეზი სიზუსტეში ჩამორჩება არტიკულატორში დამზადებულს.

ოკლუდოგრამა - ზედა და ქვედა კბილთა მწკრივების ოკლუზიური ურთიერთობის ასახვა ცვილზე. ტარდება კბილთა მწკრივებს შორის ნაადრევი კონტაქტების გამოსავლენად.

ოკლუზია - კბილთა მწკრივების ან ანტაგონისტი კბილების ცალკეული ჯგუფის შეთანასოვნება. არის ოკლუზიის 5 ძირითადი სახე: ცენტრალური, წინა, გვერდითი (მარჯვენა და მარცხენა), უკანა.

ოკლუზიათაშორისი სიმაღლე - ქვედა ყბის ფიზიოლოგიური მოსვენების დროს მე-6 კბილების საღეჭ ზედაპირებს შორის მანძილი, მნიშვნელოვანია ღრმა საჭრელოვანი გადაფარვის დიაგნოსტიკისთვის.

ოკლუზიური ზედაპირი კბილთა მწკრივების - ყველა კბილის ოკლუზიური ზედაპირის ჯამი.

ოკლუზიური სიმაღლე - ვერტიკალურ სიბრტყეში ცხვირქვეშა (subnasale) და ნიკაპის (gnathion) წერტილებს შორის მანძილი, შენარჩუნებული ანტაგონისტი კბილების წყვილის დროს. ოკლუზიური სიმაღლე ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ზედა და ქვედა ყბების სიმაღლეზე (ალვეოლური მორჩის სიმაღლე და კბილების სიგრძე, დგინდება პირველი მუდმივი მოლარების ამოჭრის შემდეგ). ოკლუზიური სიმაღლე განისაზღვრება ანტაგონისტი კბილების არარსებობის და უკბილო ყბების პროთეზირების დროს.    

ონლეი - კერამიკის ან კომპოზიტის ბჟენი-ჩანართი კბილის გვირგვინოვანი ნაწილის დეფექტის მოსაცილებლად. მზადდება ლაბორატორიაში, ინდივიდუალურად, ფორმისა და ფერის მიხედვით.

ოსტეოდენსიტომეტრია - ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა ხერხემლისა და თეძოს ძვლის მიხედვით. ტარდება იმპლანტატის ჩანერგვამდე ჩვენებების შესწავლის დროს.

ოსტეომიელიტი - ყბის ძვლოვანი ქსოვილის ანთება.  

ოპერაცია - ქსოვილების გაკვეთა, მათი ამოკვეთა ან გაკერვა.  

ოპერაციული პაროდონტოლოგია - ქირურგიული მეთოდები, რომლებითაც ნაწილობრივ ან სრულად აღდგება ღრძილის ძვლოვანი ქსოვილი, ყალიბდება ღრძილის სწორი და ლამაზი კონტური.

ორგანო (ბერძ. organon - იარაღი, ინსტრუმენტი, ორგანო) - სხვადასხვა ქსოვილის ფილოგენეზურად აწყობილი კომპლექსი, გაერთიანებული განვითარებით, ზოგადი სტრუქტურითა და ფუნქციით. ორგანო მთლიანი წარმონაქმნია, აქვს განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფორმა, აგებულება, ფუნქცია, განვითარება და ორგანიზმში მდებარეობა.

ორთოგნატია - ფიზიოლოგიური თანკბილვა. აღინიშნება კბილების მაკრატლისებური შეფარდება (ზედა კბილთა მწკრივი გადაფარავს ქვედას) და ალვეოლურ მორჩებთან ერთად მათი უმნიშვნელოდ წინ გადახრილი მდებარეობა ყბის სხეულთან მიმართებაში. ტერმინი შემოიღო Retcius-მა 1846 წ.

ორთოდონტია - სტომატოლოგიის ნაწილი. ახორციელებს ყბა-კბილოვანი დეფორმაციების, თანკბილვის დარღვევის პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.  

ორთოდონტული აპარატები - კლასიფიკაცია. მოქმედი ძალის მიხედვით არის აქტიური, პასიური და კომბინირებული. აქტიური აპარატები - მოქმედი ძალა ჩადებულია მათ კონსტრუქციაში (ხორციელდება ლიგატურით, რეზინის თასმით, ზამბარით, რომელიც ქაჩავს ან აფართოებს ხრახნს). პასიური აპარატები - სხვადასხვა კონსტრუქციის დახრილი სიბრტყეები, დეზოკლუზიური ფირფიტები ან კაპები. მოქმედებენ პირის მიდამოს კუნთების და სხვა ქსოვილების ძალის გავლენით. კომბინირებული აპარატები - გამოიყენება აქტიური და პასიური მოქმედების ელემენტები. მოქმედების პრინციპის მიხედვით ორთოდონტული აპარატები იყოფა: 1. კორექციული (კბილების მდებარეობა კბილთა მწკრივის მიმართ); 2. მასტიმულირებელი (კბილების ამოჭრა, ამოჭრაში შეფერხებული კბილების ზემოთ ჩაჩების გაწოვა, ალვეოლური მორჩის გაზრდა); 3. გამაფართოებელი (კბილთა რკალის); 4. დამწოლი (ავიწროვებენ კბილთა რკალს); 5. მიმმართველი (სწორი ოკლუზიისთვის); 6. შერეული (სხვადასხვა ელემენტები); 7. რეტენციული (გამამაგრებელი).    

ორთოპანტომოგრამა - კბილთა მწკრივების მიმოხილვითი რენტგენის სურათი, რომელიც იძლევა ყბებში მდებარე დროებითი და მუდმივი კბილების, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების, ჰაიმორის წიაღების მდგომარეობის სურათს. აუცილებელია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის. ერთ სურათზე ორივე ყბის მოხრილი გამოსახულების შესწავლის საშუალებას იძლევა. კეთდება მხოლოდ რენტგენის კაბინეტში.

ორთოპედიული სტომატოლოგია - ზოგადი სტომატოლოგიის განყოფილება, ზოგადი ორთოპედიის დამოუკიდებელი ნაწილი. მეცნიერება ყბა-კბილოვანი სისტემის ორგანოების ანომალიების, შეძენილი დეფექტების, დაზიანებებისა და დეფორმაციების გამოცნობის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ. ამ მიზნებისთვის მას აქვს მკურნალობის ფუნქციური (მიოთერაპია, მექანოთერაპია), საპროთეზო, აპარატურული და აპარატურულ-ქირურგიული მეთოდები. ორთოპედიულ თერაპიაში ძირითადი ადგილი პროთეზირებას უჭირავს. მისი მიზანია კბილთა მწკრივის ან ალვეოლური მორჩის დეფექტების ჩანაცვლება, ორგანოს შემდგომი დაშლის, დაავადების რეციდივის აცილება. ამგვარად, პროთეზი განიხილება, როგორც სამკურნალო საშუალება, რომლის გონივრული გამოყენებითაც გადაიჭრება სამკურნალო და პროფილაქტიკური ამოცანები. ამჟამად, ორთოპედიული სტომატოლოგია მკაცრი სამეცნიერო დისციპლინაა, შედგება ზოგადი და კერძო კურსებისგან. ზოგადი კურსი არის პროპედევტიკა, ანუ მოსამზადებელი. კერძო კურსი მოიცავს 3 ძირითად ნაწილს: კბილის პროთეზირება, ყბა-სახის ორთოპედია და ორთოდონტია.    

ოსტეოგინგივოპლასტიკა - ნაფლეთოვანი ოპერაცია პაროდონტში რეპარაციული პროცესების მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენებით.  

ოსტეომიელიტი - ძვლოვანი ქსოვილის და ძვლის ტვინის ანთება. არის მწვავე (კლინიკა ჰგავს მწვავე პერიოდონტიტისას) და ქრონიკული. საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას სტაციონარის პირობებში.

ოსტეოპოროზი - ძვლოვანი ქსოვილის დისტროფიული პროცესი. რენტგენოლოგიურად გამოვლინდება მისი მომატებული გამჭვირვალობით, ძვლოვანი ქსოვილის რაოდენობის შემცირებით ფართობის ერთეულზე, ძვლის ზომის ცვლილების გარეშე.

ოსტეოსკლეროზი - პროცესი, როდესაც იზრდება ძვლოვანი ქსოვილის რაოდენობა ფართობის ერთეულზე, ძვლის ზომების ცვლილების გარეშე.

პათოლოგიური მდგომარეობა - ნორმიდან შედარებით მყარი გადახრა, რასაც ორგანიზმისთვის ბიოლოგიურად უარყოფითი მნიშვნელობა აქვს.

პათოლოგიური მოცვეთა - კბილის მინანქრის მომატებული მოცვეთა, რაც იწვევს კბილის კლინიკური გვირგვინის სიმაღლის შემცირებას, ზოგჯერ მნიშვნელოვნად. აღინიშნება კბილების დაკარგვის დროს, განვითარების მიზეზები ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის.

პათოლოგიური ოკლუზია - კბილების შეთანასოვნება, როდესაც აღინიშნება საღეჭი აპარატის ფორმისა და ფუნქციის დარღვევა. აღინიშნება კბილების ნაწილობრივი დაკარგვის, ანომალიების, დეფორმაციების, პაროდონტის დაავადებების, კბილების მომატებული მოცვეთის დროს.

პალპაცია - გასინჯვა. განსაზღვრავენ სიმსივნური შეშუპების, გამკვრივების, პირის ღრუს ორგანოების ან ქსოვილების მოძრაობას, კბილების მოძრაობას. დამოკიდებულია დაზიანების კერის მდებარეობასა და ზომაზე. პირის ლორწოვანი გარსის წყლულების გასინჯვისას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს კიდეების სიმკვრივის, მათი მტკივნეულობის დადგენას. მკვრივი კიდეების მქონე წყლულების პალპაციისას ტკივილის არარსებობა ეჭვს იწვევს მის გაავთვისებიანებაზე ან სიფილისური წყლულის არსებობაზე. ყბა-სახის მიდამოს რბილი ქსოვილების პალპაცია ტარდება ერთი ხელის თითებით, მეორეთი კი უჭირავთ საჭირო მდგომარეობაში. ჯერ სინჯავენ ქვედა ტუჩს, ნიკაპს, სხეულს, კუთხეს, ქვედა ყბის ტოტს, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარს, ყბაყურა ჯირკვლის მიდამოს, ლოყებს, ზედა ტუჩს, ცხვირს. შემდეგ ნიკაპისა და ქვედა ყბის ქვეშა მიდამოს, კისრის გვერდით ზედაპირს და ლავიწზედა მიდამოს. აღნიშნავენ ყველა უსწორმასწორობას, გასქელებას, ლიმფური კვანძების ცვლილებებს, განსაზღვრავენ ფლუქტუაციის უბნების არსებობასა და მდებარეობას, შესივებების კონსისტენციას, საზღვრებს, ზომებს.

პანორამული რენტგენოგრაფია - მიიღება ორივე ყბის ყველა კბილის გადიდებული გამოსახულება.

პაპილომა - კეთილთვისებიანი სიმსივნე. შედგება შემაერთებელქსოვილოვანი ფუძისა და მზარდი ეპითელური მფარავი შრისგან. ხშირად ერთეულია, მაგრამ აღინიშნება მრავლობითიც (პაპილომატოზი). პაპილომის ზომები განსხვავებულია: 1-2 მმ-დან 2-3 სმ-მდე დიამეტრის. პაპილომა უმტკივნეულოა, ხშირად შემთხვევით აღმოჩნდება. ენის წვერზე მდებარეობისას იწვევს დისკომფორტს, დაზიანებისას სისხლმდენია. კონსისტენციის მიხედვით არის მკვრივი და რბილი.

პაპილომატოზი - ლორწოვანი გარსის დვრილოვანი შრის წანაზარდი. გამოდის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დონეზე, არღვევს მის კონფიგურაციას. წარმონაქმნი ხშირად მრავალწილაკიანია, წარმოადგენს არაღრმა ღარებით დაყოფილ ერთად შერწყმულ ცალკეულ წილაკებს. შეიძლება იყოს პირველადი, ხშირად თანდაყოლილი ან მეორადი (ქრონიკული ტრავმის შემდეგ). ხანგრძლივად არსებულმა ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს ცლკეული წილაკების ან მნიშვნელოვანი ნაწილის გარქოვანება. ზოგჯერ, ტრავმის გამო ვითარდება სისხლდენა და ანთებითი მოვლენები.

პარალელომეტრი - აპარატი ყბების მოდელებზე კბილების პარალელური მდებარეობის განსაზღვრისთვის. გამოიყენება საკეტიანი მიმაგრების მქონე პროთეზისთვის საყრდენი კბილების შესასწავლად, განსაკუთრებით თუ პროთეზი დაფიქსირდება.

პარასაგიტალური სტაბილიზაცია - ერთი ყბის ორივე მხარის საღეჭი კბილების ერთ სისტემად გაერთიანება. ასეთი სტაბილიზაციის დროს ერთ მხარეს განვითარებული ღეჭვითი დატვირთვა საღეჭი კბილების ორივე ჯგუფზე ნაწილდება ერთიანი ბლოკის გამო. ის უზრუნველყოფს ღეჭვითი წნევის სწორ გადანაწილებას, რაც აადვილებს საკვების დაღეჭვას, მას უმტკივნეულოს და ატრავმულს ხდის დაზიანებული საყრდენი ქსოვილებისთვის.

პარკანი - გაწმენდილი 3% ნატრიუმის ჰიპოქლორიტის სტაბილიზებული ხსნარი ფესვის არხების გამოსარეცხად. შემადგენლობა: ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 3% ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის კარბონატი, გამხსნელი ხსნარი.

პაროდონტი - ქსოვილების მრავალფუნქციური კომპლექსი. მოიცავს ღრძილს, ალვეოლის ძვლოვან ქსოვილს, პერიოდონტს და კბილის ქსოვილებს.  

პაროდონტიტი - დაავადება, როდესაც ღრძილის ანთება ვრცელდება პაროდონტის სხვა ქსოვილებზე. ამ დროს იშლება კბილ-ღრძილის შეერთება, ღრძილის ღარის და შემაერთებელი  ეპითელიუმი ჩანაცვლდება პირის ეპითელიუმით, წარმოიქმნება პაროდონტული ჯიბე. ხდება ალვეოლური მორჩის ძვლოვანი ქსოვილის და პერიოდონტის დესტრუქცია. 35 წელზე უფროს ასაკში პაროდონტიტი ვლინდება 80-100%-ში და კბილების დაკარგვის მთავარი მიზეზია.

პაროდონტოგრამა - პაროდონტის მდგომარეობის გრაფიკული გამოსახულება თითოეული კბილის, ფუბქციურად ორიენტირებული კბილების ჯგუფის და კბილთა მწკრივის კბილების პაროდონტის მდგომარეობის შესაფასებლად.  

პაროდონტოზი (parodontosis) - პაროდონტის ქსოვილების პათოლოგია. ვითარდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ქსოვილების ანთება არ აღინიშნება. ფესვები გაშიშვლებულია, მაგრამ კბილები მყარია. ხასიათდება პირველადი დისტროფიული დარღვებით. იშვიათად აღინიშნება (5-10%). არ იწვევს ტკივილს და სხვა შეგრძნებებს, ამიტომ ავადმყოფები ექიმს არ მიმართავენ. ამ პათოლოგიის დროს აღინიშნება ყბების ალვეოლური მორჩის სიმაღლის გენერალიზებული დაქვეითება, რასაც თან ახლავს ღრძილის რეცესია მასში ანთების არარსებობის დროს. სიმძიმე: მსუბუქი (Levis), საშუალო (media), მძიმე(gravis). კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით: ქრონიკული (chronica), რემისია (remissio). გავრცელება: გენერალიზებული (generalisata).

პაროდონტოლოგია - სტომატოლოგიის ნაწილი, შეისწავლის კბილის ირგვლივმდებარე ქსოვილების ნორმასა და პათოლოგიას.

პერიკორონარიტი - რბილი ქსოვილების ანთება კბილის გაძნელებული ამოჭრის გამო. ძირითადად, ვითარდება ბოლო მოლარების მიდამოში, კბილის სრული ამოჭრისთვის ადგილის არარსებობის გამო, რაც იწვევს რბილი ქსოვილების ტრავმას მოკბეჩის დროს, თვითგაწმენდის პროცესების დარღვევას და ანთებას.

პერიოდონტი - რთული ანატომიური შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნი, მდებარეობს კბილბუდის კომპაქტურ ფირფიტასა და კბილის ფესვის ცემენტს შორის.

პერიოდონტიტი - კბილისახლო ქსოვილების დაავადება. ძირითადად, მიკროორგანიზმების არსებობის დროს ან ტრავმის შედეგად ვითარდება.

პერიოდონტონი - პაროდონტიტისა და აფთების სამკურნალო პასტა. აერთიანებს შემადგენელი კომპონენტების მოქმედებას: 1) ფერმენტული ნაერთი პაპაინი. მისი ძლიერი შეშუპების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გამოიყენება ზოგად მედიცინაში დაჩირქებული ჭრილობების დასამუშავებლად და ნეკროზული ქსოვილების მოსაცილებლად; 2) ფრამიცეტინის სულფატი, მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკი. ძირითადად, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, აქტინომიცეტებზე და მჟავაგამძლე ბაცილებზე; 3) ნატრიუმის ბენზოატის ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ხელს უშლის ფრამიცეტინისადმი გამძლე ბაქტერიებით დაზიანებული უბნების გაფართოებას. ადგილობრივად მისი  გამოყენება, ხელს უწყობს პაროდონტიტების კერების სტერილიზაციას და მათ მოცილებას.

პერიოდონტული ნაპრალი - ალვეოლასა და ფესვის ცემენტს შორის შუალედი.

პერიოსტიტი - ძვლისსაზრდელას ანთება ჯერ სეროზული, შემდეგ კი ჩირქოვანი კერის წარმოქმნით ძვალსა და ძვლისსაზრდელას შორის. არის პერიოდონტიტის გართულება. ხასიათდება რბილი ქსოვილების ძლიერ გამოხატული შეშუპებით, ტკივილით, ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილებებით. საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ დახმარებას. ტარდება პერიოსტოტომია, ზოგადი თერაპია. ხშირად ვითარდება დროებითი შრომისუუნარობა 3-5 დღით.

პერიოსტოტომია - ძვლისსაზრდელას გაკვეთა ძვლიდან ნაწილობრივი აშრევებით. ხშირად დგება დრენაჟი.

პერკუსია - დაკაკუნება კბილზე. გამოიყენება პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობის დასადგენად. პინცეტით ან ზონდის ტარით აკაკუნებენ კბილის საჭრელ კიდეზე ან საღეჭ ზედაპირზე. ჯანმრთელი პერიოდონტის პერკუსია უმტკივნეულოა. პერიოდონტში ანთებითი პროცესის დროს პერკუსიით ვითარდება ტკივილი. პერკუსიის ჩატარებისას დარტყმა მსუბუქი და თანაბარი უნდა იყოს. პერკუსია იწყება ჯანმრთელი კბილებიდან, რომ ავადმყოფმა შეძლოს შეგრძნებების შედარება ჯანმრთელ და დაზიანებულ კბილზე. არსებობს ვერტიკალური (დარტყმების მიმართულება კბილის ღერძს ემთხვევა) და ჰორიზონტალური (დარტყმებს გვერდითი მიმართულება აქვთ) პერკუსია.

პერფორაცია - ორი რაღაცის დამაკავშირებელი ხვრელი. ძირითადად, საუბრობენ კბილის ღრუს ფსკერის, კედლების ან ფესვის პერფორაციაზე. ვითარდება კარიესული პროცესის შედეგად, ან არის გართულება კბილის ქსოვილების მექანიკური დამუშავების დროს.

პირველადი პროფილაქტიკა - სოციალური, ჰიგიენური, სამედიცინო და აღმზრდელობითი ღონისძიებების სისტემა. მისი მიზანია დაავადებების აცილება, მათი გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღკვეთით, ორგანიზმის გამძლეობის მომატება გარემოს არასასურველი ფაქტორების მოქმედებისადმი.

პირის ღრუს სითხე - ბიოლოგიური სითხე, რომელიც სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტის გარდა, შეიცავს მიკროფლორას და მათი ცხოველქმედების პროდუქტებს, პაროდონტული ჯიბეების შიგთავსს, ღრძილის სითხეს, აქერცლილ ეპითელიუმს, პირის ღრუში მიგრირებად დაშლილ ლეიკოციტებს, საკვების ნარჩენებს და ა.შ. პირის სითხის შეფარდებითი სიმკვრივე 1,001-1,017-ია.

პირშიდა განაკვეთი - პირის ღრუს რბილი ქსოვილების გაკვეთა მწვავე ანთების გამო.

პირშიდა ვიდეოკამერა - ფოტოაპარატი, რომელიც მონიტორის ეკრანზე იძლევა პირის ღრუს გადიდებულ ფერად გამოსახულებას. აფიქსირებს პირის ღრუს ქსოვილების მდგომარეობას. პაციენტი ყველაფერს ხედავს ეკრანზე გამოკვლევის დროს და სამკურნალო პროცესის მონაწილე ხდება.

პოლაროგრაფია - ქსოვილების ოქსიგენაციის განსაზღვრა. გამოიყენება ქსოვილების სისხლის მიმოქცევის დარღვევის (ტრავმა, ოპერაციები, პაროდონტის დაავადებები და სხვ.) დროს.

პოლიპოზი საპროთეზო სარეცელის (ბერძ. polypus < poly - ბევრი + pus - ფეხი) - სასის თაღის წინა ნაწილში მდებარე მრავლობითი ჰიპერპლაზიური სოკოსებრი წარმონაქმნი ან გარდამავალი ნაოჭის ერთეული პოლიპი. მათი წარმოშობა დაკავშირებულია პირის ღრუს ცუდ ჰიგიენასთან, რომელიც ამძიმებს პროთეზის ტრავმულ მოქმედებას. ერთეული პოლიპები გარს ერტყმიან სტრანგულაციურ ღარს პროთეზის ბაზისი კიდით ტრავმირებული ლორწოვანი გარსის მოძველებული ტრავმის ადგილზე.

პრემედიკაცია (ლათ. ргае - წინ + medicatio - წამლის დანიშვნა, მკურნალობა) - სამკურნალო საშუალებების გამოყენება ნარკოზისთვის ან ადგილობრივი ანესთეზიისთვის ავადმყოფის მომზადების დროს, მათი ეფექტურობის გაზრდისა და გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.

პრემოლარები - მცირე ძირითადი კბილები. აქვს ორის საღეჭი ბორცვი და საღეჭი ზედაპირი. ზრდასრულ ადამიანს 8 პრემოლარი აქვს - 2-2 ორივე ყბის თითოეულ მხარეზე.

პრეპარირება კბილის მაგარი ქსოვილების (ლათ. preparare - მომზადება) - კბილების მომზადება პროთეზისთვის. ჩანართისა და ვინირისთვის ღრუები პრეპარირდება განსაკუთრებული წესით. კბილის პრეპარირება ტარდება ხელოვნური გვირგვინისთვის. ამ დროს კბილის ყველა ზედაპირიდან იქლიბება მინანქარი მომავალი გვირგვინის სისქეზე. კბილს ცილინდრული ან მცირედ კონუსური ფორმა ეძლევა, ხოლო ხიდისებრი პროთეზის ყველა საყრდენ კბილებს - ურთიერთპარალელურობა.

პროვისელი - ცემენტი დროებითი ფიქსაციისთვის ევგენოლის გარეშე. ორი პასტა - ფუძე და კატალიზატორი. შერევის შემდეგ რჩება სამუშაო მდგომარეობაში დაახლოებით 1,5-2 წთ და მყარდება პირში 4-6 წთ-ში, გვირგვინზე ან ხიდისებრ პროთეზზე წასმის შემდეგ.

პროთეზირება კბილების - ორთოპედიული სტომატოლოგიის ნაწილი. აღადგენს არარსებულ კბილებს, აუმჯობესებს კბილების ფუნქციას და ესთეტიკას სხვადასხვა კონსტრუქციებით (ჩანართი, გვირგვინი, ხიდი და ა.შ.). ყველა ორთოპედიული კონსტრუქცია მზადდება კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში. ანუ ნებისმიერი ორთოპედიული კონსტრუქციის დასამზადებლად სტომატოლოგი ანაბეჭდს იღებს დამუშავებული კბილებიდან, აგზავნის კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში, სადაც აღებული ანაბეჭდის მიხედვით ჩამოისხმება მოდელები (დამუშავებული კბილების ასლი) და მათზე მზადდება სხვადასხვა კონსტრუქციები. კბილების პროთეზირება იყოფა: 1. მოუხსნელი პროთეზირება - მიკროპროთეზირება (ჩანართები), ვინირები, კბილის გვირგვინები, ხიდისებრი პროთეზები; 2. მოსახსნელი პროთეზირება - ნაწილობრივ და მთლიანად მოსახსნელი პროთეზები; 3. პირობითად მოსახსნელი პროთეზები - ბუგელური პროთეზები საკეტებზე.

პროთეზის გადაწყობა (ლაბორატორიული) - მოსახსნელი პროთეზის მორგება ღრძილის შეცვლილ ფორმაზე, პროთეზის დაყენებიდან 1,5-2 წელში, ღრძილის ფორმის ბუნებრივი შეცვლის გამო.

პულპა (ლათ. pulpis dentis) - რბილი ფაშარი ქსოვილი, რომელიც ავსებს კბილის ღრუს (ლათ. cavitas dentis). შედგება დიდი რაოდენობით სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების, ნერვების შემცველი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისგან. პულპის პერიფერიაზე მდებარეობს ოდონტობლასტების რამდენიმე შრე, რომელთა მორჩებიც აღწევენ დენტინის მილაკებით დენტინის მთელ სისქეში და ახორციელებენ ტროფიკულ ფუნქციას. ოდონტობლასტების მორჩების შემადგენლობაში შედის ნერვული წარმონაქმნები, რომლებიც ატარებენ ტკივილის შეგრძნებას დენტინზე მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური ზემოქმედების დროს. პულპის სისხლის მიმოქცევა და ინერვაცია ხორციელდება ყბების შესაბამისი არტერიებისა და ნერვების კბილის არტერიული და ნერვული ტოტებით. სისხლძარღვოვან-ნერვული წნული კბილის ღრუში ფესვის არხის ხვრელიდან აღწევს და იშლება არტერიებისა და ნერვების უფრო წვრილ ტოტებად. პულპა ხელს უწყობს რეგენერაციული პროცესების სტიმულაციას, რომლებიც ვლინდება ჩანაცვლებითი დენტინის წარმოქმნით კარიესული პროცესის დროს. გარდა ამისა, პულპა ბიოლოგიური ბარიერია, ხელს უშის მიკროორგანიზმების შეღწევას კარიესული ღრუდან ფესვის არხის გავლით კბილის გარეთ პერიოდონტში. პულპის ნერვული წარმონაქმნები არეგულირებენ კბილის კვებას, კბილის მიერ სხვადასხვა გამღიზიანებლების, მათ შორის ტკივილის აღქმას. ვიწრო აპიკალური ხვრელი და ჭარბი სისხლძარღვები და ნერვები ხელს უწყობენ ანთებითი შეშუპების სწრაფად გაზრდას და ნერვულ წარმონაქმნებზე ზეწოლას მწვავე პულპიტის დროს, რის გამოც ვითარდება ძლიერი ტკივილი.

პულპერილი - ტკივილგამაყუჩებელი საშუალება პულპიტების დროს. შემადგენლობა: პროკაინის ქლორჰიდრატი (4,1 გ), ბენზილინის სპირტი (6,15 გ), სამკურნალო კრეოზოტი (28,65 გ), ფენოლი (20,5 გ), 960 სპირტი (4,1 გ), ევგენოლი (42,7 გ). თვისებები: მის შემადგენლობაში შედის რამდენიმე კომპონენტი, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ნაწილობრივ ანტისეპტიკური მოქმედება. ნერვულ ბოჭკოსთან შეხებისას არ აღიზიანებს მას, იწვევს მხოლოდ უმნიშვნელო მუმიფიკაციას. ჩვენებები: მწვავე პულპიტები; ღრმა კარიესი პულპის სუსტი რეაქციით, პულპის სრული ამპუტაციის ან არასრული ექსტირპაციის დროს; საკონტაქტო ზედაპირების კარიესი, მედიკამენტური პერიოდონტიტები, ტრავმული პერიოდონტიტები ენდოდონტური ინსტრუმენტებით პერიაპიკალური ქსოვილის დაზიანების შედეგად. უკუჩვენებები: პროკაინზე შესაძლო ალერგია.

პულპიტი - სხვადასხვა გამღიზიანებელზე ქსოვილების რეაქციის შედეგად განვითარებული ანთებითი პროცესი პულპაში. ეტიოლოგია: პულპიტი, ძირითადად, კარიესის გართულებაა. ასევე შეიძლება იყოს ექიმის არასწორი მოქმედებების (კბილის მოქლიბვა ორთოპედიული კონსტრუქციის ქვეშ, უხარისხო ბჟენები, ოპერაციული ჩარევა პაროდონტზე, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება) შედეგი. აღწერილია რეტროგრადული პულპიტის (ინფიცირება აპიკალური ხვრელიდან) შემთხვევებიც. კლასიფიკაცია: მწვავე პულპიტი - კეროვანი, დიფუზური; ქრონიკული პულპიტი -  ფიბროზული, ჰიპერტროფიული (პროლიფერაციული), განგრენული; ქრონიკული პულპიტის გამწვავება. პათოგენეზი: პულპიტები იყოფა მწვავედ და ქრონიკულად. მწვავე პულპიტის დროს ინფექცია აღწევს პულპაში პულპის დახურული საკნის დროს (კარიესით დაშლილი კბილის თხელი კედლიდან). მწვავე პულპიტი დასაწყისში კეროვანია და მიმდინარეობს სეროზული ანთების სახით (სეროზული პულპიტი), შემდეგ ჩნდება ჩირქოვანი ექსუდატი (ჩირქოვანი პულპიტი). ამ დროს ვითარდება ძალიან ძლიერი ტკივილი ჩირქოვანი ექსუდატის პულპის დახურულ საკანში დაგროვების გამო. ქრონიკული პულპიტები ხშირად მწვავეს გამოსავალია. ქრონიკული პულპიტის ძირითადი ფორმაა ფიბროზული პულპიტი, როდესაც ხდება ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდა. ჰიპერტროფიული პულპიტის დროს ხდება პულპის ქსოვილის ჰიპერტროფიული ჩაზრდა ღია კარიესულ ღრუში. განგრენული პულპიტის დროს გვირგვინოვან პულპაში იშლება ქსოვილები. ფესვის პულპაში აღინიშნება გრანულაციური ქსოვილი.

პულპომიქსინი - ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოსტატური მოქმედების მქონე პასტა კომპანია სეპტოდონტისგან. შეიცავს დექსამეტაზონს და მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებს. პულპის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება: ღრმა კარიესი (პულპის კამერის გახსნის გარეშე); ჯანმრთელი პულპის შემთხვევით გახსნა ანთების ნიშნების გარეშე; მწვავე კატარული პულპიტი. პულპის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების გარეშე: მწვავე, ჩირქოვანი პულპიტი; განგრენული პულპიტი; ქრონიკული პულპიტი. პერიოდონტიტი: პრეპარატი ასუსტებს პერიოდონტის გაღიზიანების მტკივნეულ სიმპტომებს.

ჟელოპაკი - სტერილური, გაწოვადი, ჰემოსტატიკური ჟელატინის ღრუბელი. შედგება ღორის მაღალი გაწმენდის ჟელატინისგან, რომლის გამოყენებაც უზრუნველყოფს ღრუბლის საჭირო ფოროვანებას. ჩვენებები: ღრუების ჰემოსტაზი კბილების ან კისტების ამოღების შემდეგ. გამოყენების წესი: ღრუბლის საჭირო რაოდენობას იღებენ სტერილური ინსტრუმენტით და მაშინვე ხურავენ შეფუთვას; ღრუბლის გამოყენება შეიძლება მშრალი სახით ან წინასწარ ასველებენ ფიზიოლოგიურ ხსნარში; მშრალად გამოყენების დროს, მას გაჭყლეტენ ჭრილობაზე მოთავსებამდე და მცირედი ზეწოლით ამაგრებენ რამდენიმე წამის განმავლობაში; დატენიანებული სახით გამოყენებისას, ღრუბელი ძალიან უნდა დაიპრესოს გამოყენების წინ; სისხლდენის შეჩერებისთანავე ღრუბელს ტოვებენ ადგილზე, საჭიროებისას სცილდება ზედმეტი მასალა. ღრუბელი სრულად გაიწოვება რამდენიმე კვირაში.

რანულა (ranula) - სიტყვასიტყვით „ბაყაყის სიმსივნე". ენისქვეშა რეტენციული კისტა (დასახელებაში „რანულა" ასახულია კისტის მსგავსება ბაყაყის ბუშტთან).

რეზექცია (resectio) - ორგანოს ნაწილის, მაგ., კბილების ფესვების მოკვეთა, ოპერაციული მოცილება.

რეზექცია დენტინის - კბილის ხილული გარეთა ნაწილის ზედაპირის (ძირითადად, წინა) თხელი შრის მოცილების პროცედურა მისი გაღიავების მიზნით (სხვადასხვა მიზეზით განვითარებული გამუქებების მოცილება). სრულდება სპეციალურად მომზადებული ექიმის მიერ.

რეზექცია ფესვის მწვერვალის - ფესვის მწვერვალთან ინფექციის ქრონიკული კერის ოპერაციული მოცილება.

რეზექციული პროთეზი - პროთეზი, რომელიც ედება მაგ., ყბის რეზექციის შემდეგ.

რეზორსელი - გაწოვადი ჰემოსტატიკური ბურთულები. შემადგენლობა: სტერილური ოქსიდური ცელულოზა, რომელიც შეიცავს 16-24% კარბოქსილის ნაერთებს, გამომშრალი სუბსტანციის ფუძეზე გამოთვლილს. ჩვენებები: კაპილარებისა და მიკროსისხლძარღვების ჰემოსტაზი კბილის ამოღების შემდეგ.

რეკონსტრუქცია - კბილის ფორმის შეცვლა მასზე საბჟენი მასალის დატანით.

რემინერალიზაციური თერაპია - თანამედროვე სამკურნალო-აღმდგენი მეთოდი, აწესრიგებს კბილის მინანქრის მინერალურ შემადგენლობას. კურსის ჩატარების შემდეგ, მინანქრის მიკროდეფექტები ქრება, მინაქარი მაგრდება და უკეთ უძლებს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებას. პაციენტები აღნიშნავენ კბილების ფერის გაუმჯობესებას, მგრძნობელობის დაქვეითებას. იზრდება ბჟენების ვარგისიანობის ვადა, ქვეითდება კარიესის განვითარების რისკი. გათეთრების ეფექტი მყარია.

რენტგენის დენტალური აპარატი - გამოიყენება კბილებისა და ყბების სურათების მისაღებად. მოძრავი კედლის შტატივის წყალობით, აპარატის ბლოკ-ტრანსფორმატორი შეიძლება დაფიქსირდეს ნებისმიერ სასურველ მდგომარეობაში. აპარატის პორტატულობა, მისი მარტივი მომსახურება და რენტგენის გამოუყენებელი გამოსხივებისგან დაცვა მისი გამოყენების საშუალებას იძლევა როგორც რენტგენის, ასევე უშუალოდ სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

რენტგენოლოგიური კვლევა - ფართოდ არის გავრცელებული სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში, ძირითადად, გამოიყენება პირშიდა ახლოფოკუსური კონტაქტური რენტგენოგრაფია, რომლითაც მიიღება ალვეოლური მორჩის გამოსახულება 4-5 კბილით. მისი საშუალებით განისაზღვრება კბილის მყარი ქსოვილების მთლიანობა, ფესვის არხების ტოპოგრაფია და ობტურაციის ხარისხი პულპისა და პერიოდონტის დაავადებების მკურნალობის დროს, ფასდება მწვერვალის მიმდებარე ქსოვილების მდგომარეობა და ყბების ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურა. რენტგენოგრამაზე კბილის მინანქარი მკვრივ ჩრდილს იძლევა, დენტინი და ცემენტი - ნაკლები სიმკვრივისას.

რეოდენტოგრაფია - კბილის პულპის სისხლძარღვების ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევა (სისხლძარღვის კედლის ნორმალური ტონური დაჭიმულობა, ვაზოკონსტრიქცია, ვაზოდილატაცია). მეთოდი გამოიყენება კბილის პულპის ანთებითი დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკის მიზნით ღრმა კარიესის, ბიოლოგიური მეთოდით პულპიტის მკურნალობის, ადგილობრივი ანესთეზიით გვირგვინის ქვეშ კბილის პრეპარირების დროს.

რეოპაროდონტოგრაფია - პაროდონტის სისხლძარღვების გამოკვლევა, დაფუძნებული პაროდონტის ქსოვილების ელექტრული წინააღმდეგობის პულსური მერყეობების გრაფიკულ რეგისტრაციაზე.

რეპლანტაცია კბილის - ინფექციის ქრონიკული კერის მოცილების მიზნით კბილის ამოღება და მისი შემდგომი გადანერგვა თავისსავე ადგილზე (საკუთარ კბილბუდეში).  

რეპოზიცია კბილის - ამოვარდნილი კბილის დაყენება საწყის მდგომარეობაში.

რესტავრაცია - კბილის ფუნქციური პარამეტრების აღდგენა და ესთეტურის (ფერი, გამჭვირვალობა) კორექცია, ასევე ანატომიური ფორმის, კომპოზიციური მასალებით ზედაპირის ელფერის აღდგენა. 

რეტეინერი (რეტენციული აპარატი) - მოსახსნელი (პლასტმასის) ან მოუხსნელი (ლითონის) ორთოდონტული კონსტრუქცია, რომელიც კბილებზე მაგრდება ბრეკეტ-სისტემის მოხსნის შემდეგ, ღამით სატარებლად, მკურნალობის შედეგის გასამყარებლად. ტარების ვადა რამდენიმე თვიდან ან წლიდან მთელი ცხოვრების მანძილზე.

რეტენირებული კბილი - კბილი, რომელიც ვერ ამოიჭრება სათანადოდ, რადგან მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარულია ძვლით ან ღრძილის ქსოვილით.

რეტენცია კბილების (retentia) - ამოჭრის შეფერხება. შეიძლება გამოიწვიოს სიფილისმა, რაქიტმა, ინკრეტორული აპარატის ფუნქციის დარღვევამ. ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის დამასუსტებელი სხვადასხვა დაავადება, მაგ., წითელა, ყივანახველა, დიფთერია, დისპეფსია და სხვ. კბილების რეტენცია ხშირად არის ყბების ძვლების და ალვეოლური მორჩების განუვითარებლობის შედეგი.   

რეციდივი კარიესის - პროცესის განახლება ან პროგრესირება, თუ კარიესული დაზიანება მთლიანად არ იყო მოცილებული წინა მკურნალობის დროს.

რეცესია ღრძილის ადგილობრივი - ხასიათდება ღრძილის შემოფარგლული ატროფიით. ვლინდება კბილის ფესვის გაშიშვლებით ვესტიბულური მხრიდან, ღრძილის სიმაღლის დაქვეითებით უპირატესად ეშვებისა და საჭრელების მიდამოში, ხილული ანთებისა და ჯიბის წარმოქმნის გარეშე. ავადმყოფი უჩივის ესთეტურ დისკომფორტს, ჰიპერესთეზიებს. დისტროფიული ცვლილებების შედეგად განვითარებული ადგილობრივი რეცესიის მთავარი მიზეზია კიდისმიერი პაროდონტის ტრავმა - საკვების გუნდით ოკლუზიური ტრავმა კბილის ეკვატორის გადასწორების, კბილის დისტოპიის, თანკბილვის პათოლოგიის და სხვ. შედეგად. გარკვეული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს პირის ღრუს ჰიგიენის თავისებურებებს: უხეში ჯაგრისი, ჯაგრისის უპირატესად ვერტიკალური მოძრაობა და ა.შ. ადგილობრივი რეცესიის მკურნალობა შედგება 2 ეტაპისგან: მოსამზადებელი (კბილის ეკვატორის აღდგენა, სხვა მატრავმირებელი ფაქტორების მოცილება) და ქირურგიული, რომლის მიზანიც არის პაროდონტული მიმაგრების სიმაღლის აღდგენა, სრულყოფილი კბილ-ღრძილის შეერთების წარმოქმნა.

რეცესტიპტინი ხსნარი - სისხლდენის შემაჩერებელი კაპილარული სითხე რეტრაქციული ძაფის გასაჟღენთად. შემადგენლობა: 25% ჰექსაჰიდრატული ალუმინის ქლორიდი (აქვს შემბოჭველი მოქმედება), ოქსიქინოლი, წყალ-სპირტის შემავსებელი.

რლბტ - რეაქცია ლიმფოციტების ბლასტტრანსფორმაციის. უჯრედული ტესტი სენსიბილიზებული უჯრედების - ლიმფოციტების, მაკროფაგების რეაქციის გამოსავლენად.

რლმშ - რეაქცია ლეიკოციტების მიგრაციის შეფერხების. უჯრედული ტესტი სენსიბილიზებული უჯრედების - ლიმფოციტების, მაკროფაგების სპეციფიკური რეაქციის გამოსავლენად.

როკლზ N4 - ფორმალდეჰიდის მაღალი შემცველობის ხსნარი. გამოყენება: ფესვის არხების ანტისეპტიკური დამუშავება პერიოდონტიტების, კისტოგრანულომების, რადიკულური კისტების, აბსცესების კონსერვატორული მკურნალობის დროს, თუთიის ოქსიდის ფუძეზე დამზადებული დასაბჟენი გამყარებადი პასტის სახით; ნერვული ბოჭკოების განშტოებების მუმიფიკაცია დარიშხანის ანჰიდრიდით დევიტალიზაციის შემდეგ.

როკლზ N8 - ფორმალდეჰიდის დაბალი შემცველობის ხსნარი. გამოყენება: კარიესული ღრუების ანტისეპტიკური დამუშავება საშუალო და ღრმა კარიესის დროს; არხების ანტისეპტიკური დამუშავება პულპის ამპუტაციისა და ექსტირპაციის დროს: თუთიის ოქსიდის ფუძეზე დამზადებული ფესვის არხების  დასაბჟენი გამყარებადი პასტის სახით.

რომაზულანი - მცენარეული წარმოშობის პრეპარატი. შეიცავს გვირილას ექსტრაქტს და ეთერზეთებს. აქვს ანთების საწინააღმდეგო და დეზოდორირებადი თვისებები.

როტაჟერმი - ბურღების სადეზინფექციო და გასაწმენდი საშუალება. არ საჭიროებს განზავებას! გამოიყენება სუფთა სახით. ინსტრუმენტის სრული დეზინფექცია 15 წთ-ში.

საანაბეჭდე კოვზი - გამოიყენება საანაბეჭდე მასის დასაჭერად ანაბეჭდის მიღების დროს. არის სტანდარტული (მზადდება ლითონისგან ქარხნული წესით და სერიულად გამოდის სხვადასხვა ზომისა და ფორმის) და ინდივიდუალური. ზედა ყბის საანაბეჭდე კოვზი შედგება სახელურისგან, კბილების, ალვეოლური მორჩებისა და სასის სარეცელისგან. ინდივიდუალური საანაბეჭდე პლასტმასის კოვზები, ძირითადად, კლინიკურ-ლაბორატორიულად მზადდება. ქვედა ყბის კოვზს ნალისებრი ფორმა აქვს. მის შიგნითა კიდეს აქვს ქიმი ალვეოლური მორჩისა და ყბის ორალური ნაწილისთვის. კოვზები სხვადასხვა ზომისაა მთლიანად ან ნაწილობრივ უკბილო ყბებისთვის. 

საგიტალური საჭრელი გზა - ქვედა საჭრელების მიერ გავლილი გზა ქვედა ყბის წინ წამოწევისას.

საგიტალური სასახსრე გზა - ქვედა ყბის წინ წამოწევის დროს ქვედა ყბის თავის მიერ გავლილი მანძილი. საშუალოდ 7-10 მმ ტოლია.

სალივაცია (salivatio) - კლინიკური ტერმინი, ნიშნავს ნერწყვდენას, ნერწყვის ზედმეტად გამოყოფას.

სამპუნქტიანი კონტაქტი ბონვილის - იგივე „ბონვილის სამკუთხედი". მოვლენა, როდესაც ქვედა ყბის წამოწევის დროს წინა ოკლუზიის მდებარეობაში, კონტაქტი შესაძლებელია მხოლოდ 3 წერტილში. ერთი მდებარეობს წინა კბილებზე, ორი კი მეორე ან მესამე მოლარების დისტალურ ბორცვებზე.

სანაცია პირის ღრუს - პროცედურების კომპლექსი. მოიცავს დაშლილი კბილების მკურნალობას (ამოღებას), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების მკურნალობას, ორთოპედიულ და ორთოდონტულ ჩარევას.

საპრიალებელი მასალები - ქვები, ზუმფარის ქაღალდი, საქლიბი ფხვნილი და სხვ. გამოიყენება პროთეზის ზედაპირის გადასასწორებლად. გასაპრიალებელი მასალებიდან ამზადებენ სხვადასხვა აბრაზიულ ინსტრუმენტებს: სეპარაციულ დისკებს, კარბორუნდის თავებს, საპრიალებელ ქვებს ელექტროშლეიფმანქანებისა და ბორმანქანებისთვის.   

სარქველი ჩამკეტი - ვითარდება საპროთეზო სარეცელის რბილ ქსოვილებთან მთლიანი მოსახსნელი პროთეზის კიდის მთელ პერიმეტრზე კონტაქტის შედეგად, რის გამოც შეუძლებელია ჰაერის ან სითხის შეღწევა ბაზისის ქვეშ და ვაკუუმის დარღვევა. პროთეზის კიდე ვერტიკალურად მოძრაობს და მუდმივ მცურავ კონტაქტშია პროთეზის მიმდებარე ლორწოვან გარსთან. ჩამკეტი სარქველი წარმოიქმნება ფუნქციური სინჯებით პროთეზის პერიმეტრის რელიეფის ჩამოყალიბების ხარჯზე.

სარქვლოვანი ზონა - ფუნქციური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება მხოლოდ უკბილო ყბაზე პროთეზის არსებობის დროს. პროთეზის პერიფერიული კიდე ეხება რბილ ქსოვილებს, წარმოიქმნება სარქველი. სარქვლოვანი ზონა გარდამავალ ნაოჭზე მნიშვნელოვნად ფართოა. ის მის ზემოთაც და ქვემოთაც მდებარეობს. პროთეზის პერიფერიული კიდე ებჯინება გარდამავალ ნაოჭს, რამდენამდე ჭიმავს მას, პროთეზის პერიფერიული კიდის ლოყისკენა დახრილობა კი ეხება ლოყის ლორწოვან გარსს. საკვების ღეჭვის დროს პროთეზი ყბაზე თავის მდებარეობას იცვლის, მისი კიდის რომელიმე ნაწილი შეიძლება რამდენადმე გაიჭიმოს სარქვლოვანი ზონის ზედა საზღვრიდან. ამ შემთხვევაში სარქვლის წარმოქმნაში მონაწილეობს ალვეოლური მორჩისა და ლოყის ლორწოვანი გარსი, რომელიც წარმოქმნის სარქვლოვანი ზონის ქვედა საზღვარს. სასის მხრიდან სარქველი წარმოიქმნება პასიურად მოძრავ ქსოვილებში პროთეზის კიდის ჩაშვებით, მაგარი სასის რბილ სასაში გადასვლის ადგილზე. სარქვლოვანი ზონის ტოპოგრაფია ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათგან მნიშვნელოვანია: ყბების აგებულების ინდივიდუალური თავისებურებები; ალვეოლური მორჩისა და ყბის სხეულის ატროფიის ხარისხი; ყბის მფარავი რბილი ქსოვილების აგებულების ინდივიდუალური თავისებურებები.

სასა მაგარი (palatum durum) - შედგება ყბათაშორისი ძვლისგან, სასის მორჩებისგან და სასის ძვლის ჰორიზონტალური ნაწილისგან. ყბათაშორისი ძვალი და სასის მორჩების ალვეოლური ნაწილი წარმოქმნიან ალვეოლური მორჩის ორალურ ნაწილს. მაგარი სასის უკანა კიდეს შიგნითა ბოლოებით შვერილის სახით შეერთებული 2 რკალის ფორმა აქვს და ცხვირის უკანა ქედი (spina nasalis posterior) ეწოდება. მაგარ სასას აქვს მილაკები და არხები, რომლებიც პირში იხსნებიან. მათში გადიან სისხლძარღვები და ნერვები. მაგარი სასის პირის ზედაპირი უსწორმასწოროა, შემაღლებებით, ჩაღრმავებებითა და წვრილი ღარებით სისხლძარღვებისა და ნერვებისთვის. ამის გამო, მისი მფარავი ლორწოვანი გარსი მასზე მჭიდროდ არის მიმაგრებული. ზედა ყბის და ძირითადად, ალვეოლური მორჩის ზრდისა და განვითარების შესაბამისად, მაგარი სასა იცვლის კონფიგურაციას: ის ბრტყელია ნაყოფში და მაღალი გუმბათი აქვს მოზრდილში. მისი ლორწოვანი გარსი წინა მესამედში მჭიდროდ არის შეზრდილი ძვლისსაზრდელასთან. სასის ნაკერის მიდამოში ის ძალიან თხელია, მგრძნობიარე ზეწოლისადმი. წინა მესამედში ლორწოვანი გარსი წარმოდგენილია მორგვის მსგავსი შემაღლებებით (rugae palatini). ახალშობილში მათ სასის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავთ, უკუგანვითარდება ასაკის მატებისას, ხანდაზმულ ასაკში, განსაკუთრებით კბილების სრული დაკარგვის დროს, შეიძლება საერთოდ გაქრეს. მაგარი სასის შუა და უკანა ნაწილში, ნაკერის გვერდებზე არის გამოხატული ლორწქვეშა შრე, ცხიმოვანი და ჯირკვლოვანი ქსოვილი.      

სასა რბილი - მაგარი სასის გაგრძელება. გვერდებზე უკავშირდება ხახის გვერდით კედლებს, უკან მთავრდება თავისუფალი ბოლოთი, რომელიც მაგარი სასის ძვლების უკანა კიდის ფორმას იმეორებს. შედგება კუნთების (წყვილი კუნთი, მას აკავშირებს სხვა ორგანოებთან), მათი მფარავი ჯირკვლოვანი ქსოვილის, ლორწქვეშა შრისა და ლორწოვანი გარსისგან. ნაქის (uvula) კუნთები სასაზე მთავრდებიან.   

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი (articulatio temporo-mandibularae) - შედგება საფეთქლის ძვლებზე მდებარე სასახსრე ფოსოებისა (fossa mandibularis) და ქვედა ყბის სასახსრე თავებისგან. თითოეულ შესახსრებას აქვს სახსარშიდა ხრტილი-დისკო, სასახსრე ჩანთა, იოგოვანი აპარატი. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ელემენტების ფორმა ინდივიდუალურია. ზრდასრული ადამიანის სასახსრე ფოსოები ელიფსისებრია, წინიდან შემოფარგლულია სასახსრე ბორცვების უკანა ზედაპირებით, უკნიდან planum tympanicum-ით (მათ გამოყოფს გარეთა სასმენი მილიდან), ზემოდან თხელი ძვლოვანი შრით (მათ ტვინის ღრუდან გამოყოფს). სასახსრე ფოსო სასახსრე თავზე 2-3-ჯერ დიდია, რაც განაპირობებს სასახსრე თავის (caput mandibniae) დიდ ექსკურსიას. სასახსრე ჩანთა იყოფა ხრტილით ამოფენილ წინა ინტრაკაფსულურ და fissura Glaseri-ს უკან მდებარე უკანა ინტრაკაფსულურ ნაწილად. სასახსრე ჩანთის წინა ნაწილია სასახსრე ბორცვი tuberculum articularae - ყვრიმალის მორჩის ძვლოვანი ტოტი. ბორცვზე მოძრაობს სასახსრე თავი. ზრდასრულ ადამიანში სასახსრე ზედაპირი დახრილია ქვევით და წინ, დაახლოებით 350 კუთხით. სასახსრე ბორცვის ფორმა მნიშვნელოვნად მერყეობს. არსებობს 3 ფორმის: ბრტყელი, საშუალო და დახრილი. სასახსრე თავები განივად მდებარე ელიფსისებრი მორგვებია. მათი გრძელი კონვერგირებადი ღერძები იკვეთებიან კეფის ხვრელის წინა კიდესთან ბლაგვი, ცვალებადი კუთხით, რომელიც საშუალოდ 150-1600-ია. თავების წინა ზედა ზედაპირი, რომელიც სასახსრე ნაწილია, დაფარულია ხრტილით. მიუხედავად იმისა, რომ სასახსრე თავი სახსრის კაფსულის შიგნით მდებარეობს, მხოლოდ ის ესახსრება სასახსრე ბორცვს - სასახსრე ფოსოს წინა კედელს. ამიტომ, ღეჭვითი დატვირთვა სასახსრე ფოსოს თაღის თხელ ფირფიტას, რომელიც სახსარს ტვინის ღრუდან გამოყოფს, არ გადაეცემა. სახსარშიდა დისკო (discus articularis) ორმხრივ ჩაზნექილი ხრტილია. აგებულია უხეშბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით, რომლის ბოჭკოების კონებიც ერთმანეთშია გადახლართული სხვადასხვა მიმართულებით. დისკო უკან უფრო სქელია, კიდეებთან შეზრდილია სასახსრე ჩანთასთან და სასახსრე ღრუს ორ: ზედა-წინა და ქვედა-უკანა ნაწილად ჰყოფს. ქვედა ზედაპირით დისკო სასახსრე თავს ეხება და მასთან ერთად გადაადგილდება,  ზეწოლისას იმეორებს მიმდებარე ზედაპირის ფორმას. დისკოს გასქელებული უკანა კიდე ავსებს სასახსრე ფოსოს ჩაღრმავებას სასახსრე თავის უკან. დისკოს შიგნითა ზედაპირზე მიმაგრებულია m. pterigoideus externus-ის ზედა კონის მყესოვანი ბოჭკოები, რომელიც შეკუმშვისას გადააადგილებს დისკოს. სასახსრე დისკო რბილი სარჩულია და ახდენს შემხებ მყარ სასახსრე ზედაპირებზე მოქმედი ღეჭვითი ძალის ამორტიზაციას.

საფეხური კბილის ყელის - წარმოიქმნება კბილის პრეპარირების შემდეგ, ჩამოსხმული ან ფაიფურის გვირგვინების დასამაგრებლად.

საღეჭი ზედაპირი კბილის (facies masticatio dentis) - აქვს ორივე ყბის პრემოლარებსა და მოლარებს. პრემოლარებს აქვთ 2-2 საღეჭი ბორცვი: ლოყისკენა და ენისკენა; ქვედა ყბის პირველ მოლარებს 5-5 ბორცვი: 3 ლოყისკენა და 2 ენისკენა; ქვედა ყბის მეორე და მესამე მოლარებს 4 ბორცვი: 2 ლოყისკენა და 2 ენისკენა; ზედა ყბის მოლარებს აქვთ 4-4 ბორცვი: 2 ლოყისკენა და 2 სასისკენა. აღინიშნება ამ რაოდენობებიდან გადახრა, როგორც მეტი, ასევე ნაკლები ბორცვები. კბილების ანატომია მნიშვნელოვანია პროთეზებში მათი ფორმის მოდელირებისთვის.

საღეჭი სინჯი (ჰელმანის სინჯი) - ფასდება ღეჭვის ეფექტურობა, ღეჭვის უნარი.

საღეჭი ძალა კუნთების - ფიზიოლოგიური ძალა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ქვედა ყბის ამწევი საღეჭი მუსკულატურის მიერ. ის, ვებერის მონაცემებით, საშუალოდ 390-400 კგ-ია (ქვედა ყბის ამწევი სამივე წყვილი კუნთის ფიზიოლოგიური კვეთი 39 სმ2, რომლის 1 სმ2 ფართობზე შეიძლება განვითარდეს 10 კგ ძალა. შესაბამისად, მთელმა საღეჭმა მუსკულატურამ შეიძლება განავითაროს 390-400 კგ ძალა). შიგნითა ფრთისებრი კუნთის ფიზიოლოგიური კვეთი 4 სმ2-ია, საღეჭი კუნთის 8 სმ2, საფეთქლის კუნთის 7,5 სმ2. ანუ შიგნითა ფრთისებრ კუნთს შეუძლია განავითაროს 40 კგ ძალა, საღეჭს - 75 კგ, საფეთქლისას კი 80 კგ. სულ ერთ მხარეზე 195 კგ, ორივეზე 390 კგ.   

საღეჭი წნევა - საღეჭი კუნთებით გამომუშავებული ძალა საკვების დაქუცმაცების ცალ მხარეზე. არსებობს ვერტიკალური და ჰორიზონტალური საღეჭი წნევა. იზომება გნატოდინამომეტრით კგ-ში.

საღეჭ-სამეტყველო აპარატი - ურთიერთდაკავშირებული სისტემებისა და ცალკეული ორგანოების კომპლექსი, რომელიც მონაწილეობს ღეჭვაში, სუნთქვაში, ბგერათწარმოქმნაში და მეტყველებაში. მასში შედის: სახის ჩონჩხი და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრები; საღეჭი კუნთები; ორგანოების სისტემა (ტუჩები, ლოყები მიმიკური მუსკულატურით, რბილი სასა, ენა) საკვების მისატაცებლად, გადასაადგილებლად, საკვების გუნდის ჩამოსაყალიბებლად, ყლაპვისთვის;  საკვების დასაშლელი და დასაქუცმაცებელი ორგანოები (კბილები); ლორწოს, სეკრეტისა და ფერმენტების გამომყოფი ორგანოები (სანერწყვე ჯირკვლები); სპეციფიკური ნერვული აპარატი, რომელიც განსაზღვრავს საკვების ხარისხობრივ თავისებურებებს (გემოვნების აპარატი) და დიდი რეცეპტორული ველი, რომელიც აღიქვამს ტაქტილურ, თერმულ და ყველა სხვა გარეგან გაღიზიანებას; სამეტყველო აპარატი - ლოყები, ტუჩები, ენა, მაგარი სასა. ღეჭვის ფუნქცია შედგება შემდეგი ძირითადი ფაზებისგან: პირის გაღება, დახურვა, ქვედა ყბის გადაადგილება წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ და კომბინირებული მოძრაობები. ეს ხორციელდება საღეჭი მუსკულატურის მდგომარეობის შეცვლით (შეკუმშვა და მოდუნება), საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ელემენტების თანაფარდობითა და კბილთა მწკრივებს შორის თანაფარდობით.

საჭრელები - მიეკუთვნება წინა კბილებს,ა სრულებენ ღეჭვის პირველ ფაზას - მოკბეჩას. თითოეულ ყბაზე არის 2 ცენტრალური (მედიალური) და 2 გვერდითი (ლატერალური) საჭრელი.

სედაციური საშუალებები (sedativa) - დამამშვიდებელი მოქმედების მქონე სამკურნალო ნივთიერებები. კლინიკურ სტომატოლოგიაში გამოიყენება პრემედიკაციის საშუალებების სახით.

სეპარირება - კბილების პროქსიმალურ ზედაპირებზე საკონტაქტო წერტილებს შორის სანათურის შექმნა სეპარატორით, აბრეშუმის ან მავთულის ლიგატურით, მაგ., ორთოდონტული გვირგვინების დასამაგრებლად. კბილების პროქსიმალური ზედაპირების მოქლიბვა სეპარაციული ლითონის დისკით - ერთ- ან ორმხრიანით.  

სიალოადენიტი (sialoadenitis) - სანერწყვე ჯირკვლის ანთება.

სიალოგრაფია (sialographia) - სანერწყვე სადინრების რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდი მათი კონტრასტული ნივთიერებით ავსებით.

სიმეტროსკოპია - ტრანსვერსული და საგიტალური მიმართულებით კბილების მდებარეობის შესწავლის მეთოდი. ამ მიზნით გამოიყენება სპეციალური ხელსაწყო - გამჭვირვალე ფირფიტა, რომელზეც არის მილიმეტრიანი ბადე. ფირფიტა ედება თაბაშირის მოდელზე, მილიმეტრიანი შკალის შუა ხაზი ორიენტირებულია სასის შუა ნაკერზე და შეისწავლიან კბილების მდებარეობას შუა და განივი ხაზების მიმართ.    

სიმპტომი თმის - პირში უცხო სხეულის (მაგ., თმის, ძაფის) შეგრძნება, რაც იწვევს მისგან გათავისუფლების მცდელობას ენისა და ტუჩების მოძრაობით. ახასიათებს ტეტრაეთილტყვიითა და ზოგიერთი სხვა შხამით მოწამვლას.

სიმპტომი „ტკაცუნა" სახსრის - საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ქრონიკული ართრიტების, ართროზო-ართრიტების საწყისი სტადიის ნიშანი.

სინდრომი კოსტენის - საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართროზი (ლარინგოლოგი Costen, 1934), ვლინდება: ტკივილი და ტკაცუნი სახსარში, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, ტკივილი ყურებშუ და ყურის უკანა მიდამოში, თავის ტკივილი, ტკივილი კისრის ნაწილსა და კეფის მიდამოში, ენისა და ხახის წვის შეგრძნება, პირის სიმშრალე ან მომატებული ნერწყვდენა, ტრიზმი, ტკივილი ცხვირის დანამატი წიაღების მიდამოში. განვითარების მიზეზია საფეთქელ-ქვედა ყბის ტრავმა, ზოგადი ინფექციური დაავადებები, რევმატიზმი, პოდაგრა, სახის ქვედა ნაწილის ოკლუზიური სიმაღლის დაქვეითება და სხვ. დიაგნოზი დაისმის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის კლინიკური და რენტგენოლოგიური კვლევების საფუძველზე. სახსრის მიდამოში თითის დადებისას შეიგრძნობა ტკაცუნი. ფუნქციური ცვლილებები მდგომარეობს პირში საკვების დამუშავების დარღვევაში. ტკივილის დროს მყარი საკვების დაღეჭვა შეუძლებელია. ქირურგიული (ჰიდროკორტიზონის ინექცია სახსრის ღრუში), ფიზიოთერაპიული (იონოფორეზი ნოვოკაინით, კალიუმის იოდიდით) მკურნალობა ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად მიმდინარეობს. საჭიროა ორთოპედიული აპარატის დადება, რომელიც ზღუდავს პირის გაღებას სახსარში ტკაცუნის დროს. აპარატი გამოიყენება სულ მცირე 3-4 თვე. თუ აღინიშნება ოკლუზიური სიმაღლის დაქვეითება, ტარდება ამ სიმაღლის აღმდგენი ორთოპედიული მკურნალობა.  

სინდრომი სტენტონ-კაპდეპონის - 1892 წელს Stainton-მა, 1905 წელს კი Capdepont-მა აღწერეს კბილების პათოლოგიური ცვლილებები - გვირგვინის ფერის შეცვლა, მინანქრის საფარის ნაადრევი დაკარგვა და გამოხატული მოცვეთა. ეს არის სტენტონ-კაპდეპონის სინდრომი ანუ კაპდეპონის დისპლაზია. დადგენილია, რომ ეს მემკვიდრული დაავადებაა, გადაეცემა ერთ-ერთი მშობლიდან და ვლინდება ნახევარ შთამომავლობაში (ორივე სქესში). ზიანდება სარძევე და მუდმივი კბილებიც.

სინჯი შილერ-პისარევის - ტარდება პაროდონტის დაავადებების დიაგნოსტიკის დროს. დამყარებულია ღრძილში გლიკოგენის გამოვლენაზე, რომლის შემცველობაც მკვეთრად იზრდება ანთების დროს, ეპითელიუმის კერატინიზაციის არარსებობის გამო. ჯანმრთელი ღრძილის ეპითელიუმში გლიკოგენი ან არ არის, ან არის მხოლოდ კვალი. ანთების ინტენსივობის შესაბამისად, ღრძილის შეფერილობა შილერ-პისარევის ხსნარის წასმის დროს იცვლება ღია ყავისფერიდან მუქ ფერამდე. ჯანმრთელი პაროდონტის დროს ღრძილის ფერი არ იცვლება.

სისტემა ბ (System B) - ფესვის არხის დაბჟენის ყველაზე ეფექტური მეთოდი ცხელი გუტაპერჩათი. ის ვერტიკალურ კონდენსაციასთან შედარებით ღრმად აღწევს ფესვის გვერდით განშტოებებში.

სისტემა ორგანოების (ბერძ. systema - მთლიანი, ნაწილებისგან შემდგარი, შეერთება) - აგებულებით, ფუნქციით, წარმოშობითა და განვითარებით მსგავსი ორგანოების ერთიანობა.

სისტემური ჰიპოპლაზია - დროის ერთი და იგივე შუალედში ჩამოყალიბებული კბილის მაგარი ქსოვილების ჰიპოპლაზია. არსებობს 3 კლინიკური ფორმა: ფერის შეცვლა, განუვითარებლობა (ტალღისებრი, წერტილოვანი, ღარიანი მინანქარი), არარსებობა.

სკელერი - სტომატოლოგიური ხელსაწყო კბილის ნადების/ქვის ულტრაბგერით მოსაცილებლად.

სოკოვანი დაავადებები - მიკოზები - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადება ფართოდ არის გავრცელებული. მათ იწვევს სოკოების კლასის ზოგიერთი სახეობის პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმი. ასე მათ ეწოდათ იმიტომ, რომ ისინი მცირე რაოდენობით ყოველთვის არიან პირის ღრუში, მაგრამ არ იწვევენ დაავადებებს. მხოლოდ გარკვეულ პირობებში იწყებენ სწრაფ გამრავლებას და იწვევენ დაავადებას, მაგ., კანდიდოზს, რომელიც პირის ღრუს ყველაზე ხშირი მიკოზია.

სოლისებრი დეფექტი - კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანება ფუძის (ყელის) მიდამოში, კბილისა და მისი ირგვლიმდებარე ქსოვილების კვების დარღვევის შედეგად, ქრონიკული გადატვირთვის ან კბილების არასწორი გაწმენდის გამო. კარიესული ანუ მიკრობული დაზიანება არ არის. ახასიათებს კლინიკურ-მორფოლოგიური სურათი - სოლისებრი ფორმის ღრუების წარმოქმნით.

სონოგრაფია - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ლიმფური კვანძების მდგომარეობის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მეთოდი ავთვისებიანი სიმსივნეების გამოსავლენად და გამოსაკვლევად.  

სპორტული სტომატოლოგია - პროფილაქტიკური სტომატოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობა ბავშვების, მოზარდებისა და მოზრდილებისთვის, კბილების დაზიანების რისკის მქონე სპორტის სახეობებში - კრივი, ფეხბურთი, ჰოკეი, სამთო-სათხილამურო სპორტი, ტენისი და სხვ. მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის მზადდება ინდივიდუალური კაპები, რომლებიც უზრუნველყოფენ კბილების საიმედო დაცვას მკვეთრი დარტყმისგან ან დაცემის დროს. კაპების დამზადების ლაბორატორიული ტექნოლოგია უზრუნველყოფს მათ იდეალურ შესაბამისობას კბილებთან და ღრძილებთან, პირში კარგ ფიქსაციას, სიმტკიცეს (მრავალშრიანობის გამო).

სრული ბრეკეტ-სისტემა - სისტემა, რომლითაც შეერთებულია ზედა და ქვედა ყბის ყველა კბილი.

სრული მოსახსნელი პროთეზი - ღრძილის ფერის პლასტმასისგან დამზადებულ ფართო ფირფიტაზე მდებარე 14 ხელოვნური კბილისგან შემდგარი მოსახსნელი პროთეზი. გამოიყენება ზედა ან ქვედა ყბაზე კბილების სრული არარსებობის დროს.

სტანდარტული ხელოვნური კბილები - პლასტმასის კბილები. გამოიყენება ორთოპედიულ კონსტრუქციებში კბილების ჩასანაცვლებლად. მაგრდება ღრძილის იმიტირებად ფირფიტაზე. სტანდარტული ნაკრებიდან შეირჩევა ფორმისა და ფერის მიხედვით კონკრეტული პაციენტისთვის.

სტომალგია (stomalgia) - პირის ღრუს მტკივნეული მოვლენა.

სტომატიტი - ვირუსით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება.

სტომატოლოგია (ბერძ. Stoma, stomatos პირი + logos მოძღვრება) - კლინიკური მედიცინის ნაწილი, შეისწავლის კბილების, ყბების, პირის ღრუს ორგანოების და ყბა-სახის მიდამოს დაზიანებებისა და დაავადებების ეტიოლოგიას, პათოგენეზსა და მიმდინარეობის თავისებურებებს, შეიმუშავებს მათი პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს.

სუნთქვა (respiratio) - გულმკერდის პერიოდული მოძრაობა, რომელიც ცვლის მის მოცულობას და იწვევს ჰაერის ჩასვლა-ამოსვლას სასუნთქ გზებში.

სუნი პირიდან (foetor ex ore) - ვითარდება კარიესული კბილების, პირის ღრუს ცუდი მოვლის, ლორწოვანი გარსის ნუშურების, ცხვირის, დანამატი წიაღების ანთებითი დაავადებების, კატარის, ბრონქიტის, სიფილისის, ზემო სასუნთქი გზების კიბოს და სხვ. შედეგად. აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლების, შარდის ბუშტის, დიაბეტის, ტყვიით მოწამვლის (სპეციფიკური სუნი პირიდან) დროს. მკურნალობა: პირის ღრუს დაზიანების დროს - მისი სანაცია, სხვა შემთხვევებში - ძირითადი დაავადების მკურნალობა.

ტაკვის წკირიანი ჩანართი (იგივე ფესვის ჩანართი) -  მთლიანი კონსტრუქცია, ფიქსირდება ძალიან ან მთლიანად დაშლილი კბილის ფესვზე. გარეთა (გვირგვინოვანი) ნაწილი გამოიყენება მასზე მთლიანი კერამიკული ან ლითონ-კერამიკული გვირგვინის დასამაგრებლად. მზადდება ინდივიდუალურად, ლაბორატორიაში ლითონისგან ან კერამიკისგან.   

ტაუროდონტი (taurodont) - კბილი ძალიან დიდი პულპის საკნით, ავსებს ფესვის დიდ ნაწილს. აღმოჩენილია გათხრებისას, ასეთი კბილები უძველეს ადამიანებს (მაგ, ნეანდერტალელებს) ჰქონდათ.

ტდფუ - ტესტი დეგრანულაციის ფოყიერი უჯრედების. უჯრედული ტესტი სენსიბილიზებული უჯრედების - ლიმფოციტების, მაკროფაგების სპეციფიკური რეაქციების გამოსავლენად.

ტემპერატურული დიაგნოსტიკა - გამოიყენება პულპის მდგომარეობის განსაზღვრისთვის. გამღიზიანებლის სახით იყენებენ ცივ ან ცხელ წყალს შპრიციდან. ნორმალური პულპის მქონე კბილი რეაგირებს მნიშვნელოვან ტემპერატურულ გადახრებზე. პულპის დაავადებების დროს ეს დიაპაზონი მნიშვნელოვნად ვიწროვდება.

ტეტრაციკლინური კბილები - სისტემური ჰიპოპლაზიის ერთ-ერთი სახეობა. კბილების ფერის შეცვლა ტეტრაციკლინის მიღების გამო, კბილის ქსოვილების ჩამოყალიბებისა და მინერალიზაციის პერიოდში. მინანქრის ფერისა და სტრუქტურის ცვლილების ხასიათი დამოკიდებულია პრეპარატის დოზასა და სახეობაზე. კბილების შეფერვის ინტენსიურობა შეიძლება იყოს ღია ყვითელიდან ყავისფრამდე. მცირე დოზების მიღებისას იცვლება ფერი, ხოლო ძალიან დიდი დოზებისას ფერის ცვლილებასთან ერთად აღინიშნება მინანქრის განუვითარებლობა.

ტექნოლოგია „მედ 3 დ" - კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ქმნის ყბების ვირტუალურ გამოსახულებას და ვირტუალურად განსაზღვრავს იმპლანტატის მომავალ ოპტიმალურ ადგილს და მდებარეობის კუთხეს. მიღებული ვირტუალური მონაცემების საფუძველზე იქმნება რეალური შაბლონი პირის ღრუში იმპლანტატის დასაყენებლად.

ტექნოლოგია დაწნეხვის (Empress) - ლაბორატორიული მეთოდების ერთობლიობა მაღალი წნევის ქვეშ და მაღალ ტემპერატურაზე სხვადასხვა სახის, მცირე ზომის (1,2 ან 3 კბილის ჩამანაცვლებელი) მთლიანი კერამიკული პროთეზების - ბჟენ-ჩანართების, ვინირების, მთლიანი კერამიკული გვირვინებისა და ხიდისებრი პროთეზების დასამზადებლად. ორთოპედიული სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და პერსპექტიული მიმართულება.

ტკივილი ექსტრაქციის შემდგომი - ტკივილი კბილის ამოღების შემდეგ. ვითარდება კბილბუდეში ინფექციის მოხვედრის, ძვლოვანი სეკვესტრის წარმოქმნის, ალვეოლის მახვილი კიდის ჩამოტეხის, ასევე შეუსწორებელი პროთეზის კიდით პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ტრავმის დროს.

ტკივილი სახის ატიპიური - (ბერძ. ა - უარყოფის ნაწილაკი + typos - ნიმუში, ანაბეჭდი, ფორმა) - ტკივილის სინდრომი, რომელიც ხასიათდება ყრუ ან პულსირებადი ტკივილით. ტრიგემინალური, გლოსოფარინგეული, ჰერპესის შემდგომი ნევრალგიების დროს არსებულ პაროქსიზმებზე ნაკლებად არის გამოხატული. აღინიშნება სხვადასხვა ინერვაციის მიდამოებში, ქალა-ტვინის V და IX, კისრის II და III ნერვების ჩათვლით. ტკივილი აუცილებლად მსხვილი ნერვების გასწვრივ შეიძლება არ იყოს, როგორც მაგ., სამწვრა ნერვის ნევრალგიისას. შეტევები რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება და ვითარდება პირის ღრუში, დანამატ წიაღებში მანიპულაციების შემდეგ. კბილების, ცხვირის, წიაღების, ყურებისა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების დათვალიერება იშვიათად იწვევს მათ გაჩენას. სავარაუდოა სინდრომის ფსიქოგენური წარმოშობა. მას, ასევე „სახის ატიპიურ ნევრალგიას" ან „სახის კაუზალგიას" უწოდებენ.

ტორტოანომალია - კბილის შემობრუნება ვერტიკალური ღერძის ირგვლივ.

ტრავმა კბილის - კბილის ტრავმული დაზიანება. შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ტრავმა ვითარდება კბილზე დარტყმის, შემთხვევითი დაცემის, სპორტის დროს და ა.შ. ქრონიკული ტრავმის მიზეზია ხანგრძლივად მოქმედი მექანიკური ფაქტორი. შეიძლება გამოწვეული იყოს პროფესიული ფაქტორებით, მავნე ჩვევებით, მაგ., ძაფის მოკვნეტით.

ტრანსილუმინაციური მეთოდი დიაგნოსტიკის - შეისწავლის კბილის მაგარ ქსოვილებს მათში სინათლის ცივი სხივის გავლის დროს.

ტრანსპლანტატი - ორგანიზმში გადანერგილი ბიოლოგიური ქსოვილი ან ორგანო.  

ტრანსპლანტაცია - გადანერგვა.

ტრანსპოზიცია (transpositio) - ცალკეული კბილების არასწორი მდებარეობა, როდესაც კბილები ადგილებს იცვლიან კბილთა რკალში ნორმალური თანკბილვის დროს.

ტრემა - გვერდით კბილებს შორის შუალედი.

ტრეპანაცია კბილის გვირგვინის - კბილის ქსოვილების ამოკვეთა ფესვის არხებთან მისადგომად.

ტრიზმი - პირის გაძნელებული (არასრული) გაღება საღეჭი კუნთების სპაზმის (შეკუმშვის) შედეგად.

ულითონო კერამიკა - კერამიკის გვირგვინები, რომლებიც არ შეიცავენ ლითონის კარკასს (მათში გამოიყენება სპეციალური კერამიკის მტკიცე ფუძე) და მზადდებიან პაციენტის კბილების შესაბამისი ფორმისა და ფერის. გვირგვინები უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, ხანგრძლივად ძლებენ და ნამდვილ კბილს ჰგვანან. ადრე ულითონო კერამიკა გათვლილი არ იყო საღეჭი კბილების დატვირთვაზე, მაგრამ ამჟამად დამზადებისას იყენებენ სხმულის ტექნოლოგიას. გვირგვინები უფრო მტკიცე გახდა.

ულტრაბგერითი თერაპია - ქსოვილებზე მკვრივი მერყეობებისა და ტალღების ზემოქმედება, რომელთა სიხშირეც არ აღემატება 20 კჰც. ულტრაბგერას აქვს ინფილტრატების გამწოვი, მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. იწვევს სამკურნალო ნივთიერებების ადსორბციის - ულტრაფონოფორეზის გაუმჯობესებას. ასევე გამოიყენება ანტისეპტიკური საშუალების (ნატრიუმის ჰიპოქლორიტი) მოქმედების გასაძლიერებლად არხების მედიკამენტური დამუშავების დროს.

ულტრაბგერის აპარატი - გამოიყენება ულტრაბგერით კბილის ქვისა და ნადების მოსაცილებლად. ეს  ადვილად, სწრაფად და ირგვლივმდებარე ქსოვილების დაზიანების, ტკივილისა და სისხლდენის გარეშე ხდება. სხვადასხვა ფორმის, ადვილად ცვლადი ბუნიკების ნაკრებით მუშაობა შესაძლებელია პირის ღრუს ნებისმიერ უბანზე, კბილები უფრო კარგად იწმინდება, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდის დროს. კბილის ქვაზე ულტრაბგერის ეფექტური ზემოქმედებისთვის, საკონტაქტო აკუსტიკურ გარემოდ გამოიყენება წყალი, რომელიც ასევე აუცილებელია сердечника გასაგრილებლად. მოძრავი ბუნიკის ჩამომრეცხავ წყალში ვითარდება კავიტაცია. კავიტაციის მოვლენა იწვევს კბილების ეფექტურ გაწმენდას ულტრაბგერით, აბრაზივის სუსპენზიის გამოყენების გარეშე.

ურანოპლასტიკა (uranoplastica) - სასის თანდაყოლილი ნაპრალის აღდგენის ქირურგიული ოპერაცია.

ფაილი - რთული აგებულების თხელი ლითონის ინსტრუმენტი ფესვის არხის კედლების დასამუშავებლად. არის ხელის ან ელექტრო (ბუნიკისთვის).

ფასეტკა - ფაიფურის ან პლასტმასის ვინირი, რომლითაც ბუნებრივ იერს აძლევენ ხელოვნურ კბილს.

ფესვი ენის - ქვედა ყბაზე და ენისქვეშა ძვალზე მიმაგრებული ენის უკანა ნაწილი.

ფესვი კბილის - მინანქარ-ცემენტის საზღვრიდან აპიკალურად მდებარე და ცემენტით დაფარული კბილის ნაწილი.

ფესვშიდა ფიქსატორი (ფესვშიდა ჩანართი) - ლითონის, მინაბოჭკოს სხვადასხვა ფორმის წკირი. შეყავთ დაშლილი კბილის ფესვის არხში ბჟენის ან გვირგვინის ფიქსაციის გასაუმჯობესებლად.

ფითხი სამედიცინო ენისთვის - გამოიყენება ენის გადასაწევად დათვალიერების ან ოპერაციის დროს. ფორმის მიხედვით გამოდის სწორი ბრტყელი და მრგვალი ხვრელებით. მზადდება უჟანგავი ან ნახშირბადოვანი ფოლადისგან. ეს უკანასკნელი დაფარულია ნიკელით ან ქრომით.

ფილტეკი (Filtek) - წინა კბილების ზედაპირის სარესტავრაციო მასალა. „ძველი თაობის" მასალებთან შედარებით, აქვს მაღალი სიმტკიცე, სხვადასხვა ელფერი, ამიტომ უკეთ და ზუსტად შეირჩევა მასალა პაციენტის კბილის ფერის შესაბამისად, სწრაფად მყარდება, რაც ამცირებს ბჟენების დაყენების დროს.

ფილტეკ სუპრიმი (Filtek Supreme) - Filtek-ის უახლესი სახეობა. წინა და გვერდითი კბილების სარესტავრაციო მასალა. განმასხვავებელი თვისება - აქვს 30 სხვადასხვა ფერი, რაც საშუალებას იძლევა გადმოცეს ფერის გადასვლა რესტავრირებად კბილზე. ასე მიიღწევა „უხილავი რესტავრაცია".  

ფილტეკ ფლოუ (Filtek Flow) - Filtek-ის სახეობა. ძირითადი განმასხვავებელია მასალის დენადობა და სიბლანტე. კბილზე წნევის ქვეშ დაიტანება და მყარდება 20 წმ-ში.

ფისურა - ბუნებრივი ღარი (ჩაღრმავება) კბილის გვირგვინის მაგარ ქსოვილებში (მინანქარი). ძნელად ექვემდებარება ჰიგიენურ წმენდას, რაც იწვევს მიკრობების დაგროვებას, შემდეგში კი კარიესის განვითარებას. ბავშვებში ტარდება ფისურების ჰერმეტიზაცია ანუ სპეციალური ლაქით დაფარვა.

ფლოსი (კბილის ძაფი) - ჰიგიენის საშუალება კბილთაშორისი შუალედების გასაწმენდად.

ფლუოროზი - ფტორით ინტოქსიკაციით განპირობებული ენდემური დაავადება ფტორის მაღალი შემცველობის სასმელი წყლის გამოყენების შედეგად. სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ ფორმებს: კბილის ქსოვილების დაკარგვის გარეშე (შტრიხული, ლაქოვანი, ცარცისებრ-დაწინწკლული); კბილის ქსოვილების დაკარგვით (ეროზიული, დესტრუქციული).  

ფოტოპლეთიზმოგრაფია - ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის განსაზღვრა ქსოვილის ოპტიკური სიმკვრივის პულსური ცვლილებების საფუძველზე. მეთოდით განისაზღვრება ანთების კერის საზღვრები ყბა-სახის მიდამოში და კონტროლდება ენის, ტუჩების, ლოყების სისხლძარღვების ფუნქციური მდგომარეობა გლოსიტების, სტომატიტების (კვლევა შეიძლება ჩატარდეს უკონტაქტოდ) და პაროდონტიტის დროს.

ფრენკელის აპარატი - რთული მოსახსნელი ორთოდონტული კონსტრუქცია ბავშვებში (4-7 წლის) თანკბილვის გასასწორებლად.

ფრენულოპლასტიკა - ზედა და ქვედა ტუჩის და ენის ლაგამების პლასტიკა. ფრენულოტომია  - ლაგამის გაკვეთა (ბავშვებში). ფრენულექტომია - ლაგამის სრული ამოკვეთა.

ფტორირება კბილების - კბილის დამუშავება მაგარი ქსოვილების გასამაგრებლად ფტორის შემცველი მასალებით. ზედაპირული ფტორირება - მასალა წაესმება კბილის გაწმენდილ ზედაპირზე. ღრმა ფტორირება - მასალები შეყავთ კბილის მაგარ ქსოვილებში ელექტროფორეზით (მაღალი სიმკვრივის დენით). პროცედურა უმტკივნეულოა.

ფუნქციური მოსვენება საღეჭი კუნთების - მათი მაქსიმალური მოდუნების მდგომარეობა. ამ დროს ქვედა ყბა დაშვებულია და წინა კბილებს შორის ჩანს 1-13 მმ (საშუალოდ 2-4 მმ) სივრცე. ტუჩები თავისუფლად მდებარეობენ, გადასწორებულია ცხვირ-ტუჩის ნაოჭები.

ქედი მოძრავი - ალვეოლური მორჩის ჭარბი ლორწოვანი გარსი მოძრავი ქედის სახით. ძირითადად, მდებარეობს უკბილო ზედა ალვეოლური მორჩის წინა ნაწილზე. მოძრავი ქედი ართულებს მოსახსნელი პროთეზით პროთეზირებას, რადგან ირღვევა მისი ფიქსაცია და ზიანდება ლორწოვანი გარსი. ეფექტური პროთეზირებისთვის ქედს აცილებენ, მისი მცირედი მოძრაობის დროს კი იყენებენ სპეციალურ ანაბეჭდს. ქედის წარმოქმნის მიზეზები უცნობია. პაროდონტის სისტემური დაავადების დროს, კბილების ამოღების შემდეგ ალვეოლური მორჩი სწრაფად ატროფირდება და დასკლეროზებული ღრძილი ქმნის ამ ქედს. ეს შეიძლება იყოს მაღალი წნევის დროს ალვეოლური მორჩის ლორწოვანი გარსის სწრაფი ჩაზრდის შედეგი, მაგ., ზედა ყბის მთლიანი პროთეზით სარგებლობისას, როდესაც ქვედა ყბაზე შენარჩუნებულია მხოლოდ წინა კბილები, ხოლო მცირე და დიდი ძირითადი კბილების დეფექტი პროთეზით არ არის ჩანაცვლებული.

ქირურგია - მედიცინის დარგი, შეისწავლის დაავადებებს, რომელთა მკურნალობის ძირითადი მეთოდია ოპერაცია.

ქირურგიული სტომატოლოგია - მეცნიერება პირის ღრუს ორგანოების და ყბა-სახის მიდამოს დაავადებების აცილების, დიაგნოსტიკის და ამ დაავადებების დროს მკურნალობის ქირურგიული და სხვა მეთოდების გამოყენების შესახებ. დაავადების ხასიათის მიხედვით, ქირურგიული სტომატოლოგიის მეთოდები გამოიყენება ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებების, მექანიკური დაზიანებების, სიმსივნური პროცესების, თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების და დეფორმაციების დროს. დაავადებების ძირითადი ნოზოლოგიური ფორმების შესაბამისად, შეიძლება გამოვყოთ ქირურგიული სტომატოლოგიის წამყვანი დარგები: ჩირქოვანი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ონკოლოგია და პლასტიკური ანუ რეკონსტრუქციული ქირურგია.  

ქლოროდონტია (chlorodontie) (Wegers) - მომწვანო ფერის სარძევე კბილები ბავშვებში, პიგმენტი წრეების სახით მდებარეობს კბილის ყელთან.

ქსეროსტომია (xerostomia) - პირის ღრუს სიმშრალე სანერწყვე ჯირკვლის სეკრეციის შემცირების გამო. ძირითადად, ვითარდება ხანდაზმულ ქალებში, მიკულიჩის, კოსტენის სინდრომების, სკლეროდერმიის, დერმატომიკოზის, B ვიტამინის დეფიციტის, დიაბეტის, ნერვული დარღვევების დროს. ადგილობრივი მიზეზები: სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები, ადგილობრივი რენტგენოთერაპიის შემდგომი მდგომარეობა, სიფილისი. ვითარდება ატროპინის მიღების შემდეგ.

ღარი ნიკაპ-ტუჩის - ქვედა ტუჩის ქვედა საზღვარია, მას გამოყოფს ნიკაპის შვერილიდან. შეიძლება გადასწორებული იყოს დახრილი ნიკაპის, დაგრძელებული სახის სინდრომის, პროთეზირებისას ალვეოლთაშორისი სიმაღლის გაზრდის დროს. მისი ჩაღრმავება შეიძლება დამოკლებული სახის სინდრომთან დაკავშირებული ალვეოლთაშორისი სიმაღლის შემცირების, წინა კბილების დაკარგვის, ღრმა თანკბილვის, კბილების მომატებული მოცვეთის არაკომპენსირებული ფორმების დროს.

ღეჭვა (masticatio) - პირში საკვების დამუშავების ფიზიოლოგიური პროცესი. შეიძლება დაირღვეს (პათოლოგიური პროცესები) და მოწესრიგდეს (მკურნალობა) პროთეზების დამზადების დროს.

ღეჭვის ეფექტურობა - კბილებით საკვების დაქუცმაცების ხარისხი. იზომება პროცენტებით, ადარებენ ინტაქტურ ყბა-კბილოვან სისტემას, რომლის ღეჭვის ეფექტურობაც ითვლება 100%-ად.

ღია თანკბილვა - ანომალია, რომელიც ხასიათდება ზედა და ქვედა კბილებს შორის შეთანასოვნების არარსებობით, ძირითადად, წინა ნაწილში.

ღია კიურეტაჟი კბილ-ღრძილის ჯიბის - ღრმად მდებარე კბილის ნადებების და ღრძილის ანთებითი ქსოვილის მოცილება ღია მიდგომით. მოიცავს: ღრძილის გაკვეთას, კბილის ფესვის ზედაპირის გაპრიალებას და ღრძილის გაკერვას. ტარდება კბილის ირგვლივმდებარე ქსოვილების ღრმა დაზიანების, დიდი მოცულობის ღრმა ანთებითი პროცესის დროს.

ღრუ კბილის - სივრცე კბილის გვირგვინის შიგნით, ფორმით ჰგავს მას. ფესვის არხში გრძელდება არხის სახით, რომელიც მთავრდება ფესვის მწვერვალზე პატარა ხვრელით. თუ კბილს 2-3 ფესვი აქვს, შესაბამისად იზრდება არხებისა და მწვერვალის ხვრელების რაოდენობა. კბილის ღრუ ამოვსებულია სისხლძარღვებითა და ნერვებით მდიდარი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით, ე.წ. კბილის რბილობით - პულპით. სწორი არ არის ტერმინი „პულპის საკანი", ეს განსაზღვრება მოძველდა.

ღრძილზედა (ეპულისი) - კრებითი ტერმინი. აღნიშნავს ღრძილის დვრილების მიდამოში და კბილის ყელის ირგვლივ მდებარე სხვადასხვა წარმოშობის წარმონაქმნს.

ღრძილი - ზედა და ქვედა ყბების ალვეოლური მორჩების მფარავი ლორწოვანი გარსი. ორალური მხრიდან ღრძილი გადადის მაგარი სასის ლორწოვან გარსში ზედა ყბაზე და პირის ღრუს ფსკერში ქვედა ყბაზე. კბილის ყელიდან გარდამავალ ნაოჭამდე ღრძილის სიგანე 4-6 მმ-ია. განასხვავებენ თავისუფალ (არგინალურ), კბილის ყელის მიმდებარე და მიმაგრებულ (ალვეოლურ), ალვეოლური მორჩის მფარავ ღრძილს. კბილთაშორისი ღრძილის დვრილი წარმოქმნილია ღრძილის ვესტიბულური და ორალური ნაწილების შეერთებით შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოებით.

ღრძილის ღარი - 1-1,5 მმ სიღრმის ფიზიოლოგიური ჩაღრმავება ღრძილსა და კბილის ფესვს შორის.

ღრძილის ჯიბე (კბილ-ღრძილის ჯიბე, პაროდონტული ჯიბე) - კბილ-ღრძილის შეერთებისა და კბილის წრიული იოგის დაშლის, ძვლოვანი ქსოვილისა და ალვეოლის კედლების რეზორბციის შედეგად წარმოქმნილი სივრცე. მისი სიღრმე 1,5 მმ მეტია. ჯიბის გარეთა კედელი და ფსკერი ამოფენილია მრავალშრიანი ეპითელიუმით დაფარული გრანულაციური ქსოვილით. მასში გროვდება მიკროორგანიზმები, საკვების ნარჩენები, დიდი რაოდენობით დაშლილი ლეიკოციტები.  ი.გ. ლუკომსკის მიხედვით, გამოყოფენ შემდეგ სტადიებს: ღრძილის ანთებითი ინფილტრაციის სტადია ეპითელიუმის ჩაზრდით ფესვის ღერძის გასწვრივ (საწყისი სტადია); ეპითელიუმის მიკრონეკროზის, დესქვამაციის გაზრდის და ღრძილის დვრილების ანთების სტადია (ეროზიისა და ეკსკორიაციის სტადიები); ღრძილის ჯიბის შიგნითა ზედაპირის ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევა ღრძილის შემაერთებელქსოვილოვანი ფუძის გაშიშვლებით (წყლულის სტადია).

ყბა ზედა (os maxillae) - სახის ჩონჩხის წყვილი ძვალი. შედგება სხეულისა და 4 მორჩისგან: შუბლის, ყვრიმალის, სასისა და ალვეოლური. მონაწილეობს თვალბუდის ქვედა კედლის, ცხვირის ღრუს გვერდითი კედლის, მაგარი სასის წარმოქმნაში. ზედა ყბის ჰაეროვან ღრუს ჰაიმორის წიაღი ეწოდება.

ყბა ქვედა (mandibula) - სახის ჩონჩხის არაწყვილი ძვალი. შედგება სხეულისა და 2 ტოტისგან. სხეულის ზედა კიდეს ეწოდება ალვეოლური. შეიცავს კბილბუდეებს. ყბის თითოეული ტოტი ზემოთ სრულდება 2 მორჩით - გვირგვინოვანი და სასახსრე. ტოტის შიგნითა ზედაპირზე არის ქვედა ყბის ხვრელი, ის შედის თანამოსახელე არხში, რომელიც გარედან ნიკაპის ხვრელს უკავშირდება.

ყბები - განუვითარებლობა (bignathohypoplasia) - ეტიოლოგია: რაქიტი, ინფექციური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, დისპეფსია, პირველადი და მეორადი ადენტია. ორივე ყბის განუვითარებლობის მთავარი ნიშანია ყბებზე ადგილის არარსებობა სწორ კბილთა რკალში ყველა კბილის მდებარეობისთვის. თითოეული კბილთა მწკრივის ცალკეული კბილი ერთმანეთზეა მიჯრილი ან კბილთა რკალის გარეთ - ორალურად და ვესტიბულურად მდებარეობს. ხშირად აღინიშნება ცალკეული კბილების რეტენცია ან ნაწილობრივი ადენტია. განუვითარებლობა შეიძლება უმნიშვნელოდ ან მკვეთრად იყოს გამოხატული. მძიმე შემთხვევებში გარეგანი დათვალიერებისას მკვეთრად გამოხატულია სახის ქვედა ნაწილის ზომების შემცირება. შეიძლება აღინიშნოს ყბების ცალკეული ნაწილების - ნიკაპის, ყბის მარჯვენა ან მარცხენა ნაწილის განუვითარებლობა. პროფილში სახის დათვალიერებისას, ვერტიკალური ზომის შემცირებასთან ერთად აღინიშნება მისი უკან დაწევა. განუვითარებლობა დასტურდება ტელერენტგენოლოგიურად, სიმონის, პონის მიხედვით გამოკვლევებით. არასწორად მდებარე ფრონტალური კბილები სახეს ამახინჯებენ პირის ყოველი გაღებისას (საუბარი, ღიმილი, სიმღერა). შესაძლებელია სუნთქვის დარღვევა ცხვირის სავალების შევიწროვების და ცხვირის ძგიდის დეფორმაციის გამო. მკურნალობა: ყბების გაფართოება ენგლის რკალით, გამაფართოვებელი ფირფიტებით ან მერშონის აპარატით. 

ყბები - ზედმეტად განვითარება (bignathohyperplasia) - ეტიოლოგია უცნობია. შესაძლებელია ენდოკრინული დარღვევები. მოქმედებს ცხვირით სუნთქვის დარღვევა და მაკროგლოსია. ძირითადი ნიშნები: სახის ქვედა ნაწილის მნიშვნელოვანი განვითარება. პირისახლო მიდამოს რბილი ქსოვილები მასიურია, ტუჩების წითელი არშია მნიშვნელოვნად გამოხატულია და კბილები წინ წამოწეული. ზედა და ქვედა ყბების სხეული დიდი ზომისაა. სახის ქვედა და ზედა ნაწილების შედარებისას იქმნება სახის ზედა ნაწილის (ცხვირის, ყვრიმალის რკალებისა და ორბიტების) ჩავარდნის შთაბეჭდილება. კბილები რკალში შეიძლება სწორად მდებარეობდეს, კბილებს შორის არის ტრემები, თითქოს კბილები მცირე ზომისაა (მიკროდენტია). სხვა შემთხვევებში კბილები ცუდად ეხებიან ერთმანეთს, მაგრამ დიდი ზომისაა (მაკროდენტია). ფუნქციური დარღვევები არ აღინიშნება. ტრემების არსებობისას შესაძლებელია საკვებით ღრძილის ტრავმირება. მკურნალობა: ტრემების მოცილება ხდება მოსრიალე რკალით, რეტენციული აპარატის შემდგომი დადებით.

ყელი კბილის - კბილის ნაწილი კბილის გვირგვინსა და ფესვს შორის.            

შუა ხაზი - წარმოსახვითი ხაზი, რომელიც გადის ზედა და ქვედა საჭრელებს შორის ცენტრალურ ხვრელს და ზედა ტუჩისა და ენის ლაგამებს, ემთხვევა მაგარი სასის ნაკერს. ქვედა ყბის ორივე ნახევრის არათანაბარი სიდიდის დროს აუცილებელია შუა ხაზის დაყენება. ამ მიზნით, ორიენტირად იყენებენ ენის ლაგამს, ასევე ქვედა ყბის რენტგენოგრაფიას (სხივის ცენტრს აყენებენ ნიკაპის პირდაპირ, თავი უკან არის გადაწეული).  

ჩამოსასხმელი აპარატი სადნობი მაღალსიხშირიანი - დანადგარი 2 ბლოკისგან შედგება: გენერატორი და ღუმელი. გენერატორის ბლოკი ელექტრონული გენერატორია, რომლითაც მიიღება მაღალი სიხშირის დენის ენერგია. ღუმელის ბლოკი შედგება მბრუნავი ღუმელისგან, რომელშიც ტიგელის ზემოთ (ან ახლოს) სპეციალური მექანიზმით დამაგრებულია დარიჯა. ლითონის გადნობის შემდეგ ღუმელი ბრუნვას იწყებს. ცენრიფუგული ძალის გამ გამდნარი ლითონი ჩამოისხმება დიდი სიმკვრივით. დნობის ამ მეთოდის (ინდუქციური), რომელიც მაღალხარისხიან ჩამოსხმას უზრუნველყოფს, უპირატესობაა: ლითონის ქიმიური შემადგენლობა არ იცვლება; სწრაფი გაცხელება ლითონის დაჟანგვას მინიმუმამდე ამცირებს; დნობასა და ჩამოსხმას შორის მინიმალური შუალედი, რის გამოც მცირდება ჩამოსხმის ციკლი და თხევადი ლითონი ისხმება ტემპერატურის დაკარგვის გარეშე; მარტივი მომსახურება; მინიმალური დრო სამუშაოს მოსამზადებლად, რაც განსაკუთრებით ეკონომიურია პერიოდული მუშაობისას. ამ ტიპის დანადგარები ფართოდ გამოიყენება მედიცინაში (კბილების, ბუგელური პროთეზების დნობა და ჩამოსხმა).

ჩანართი - მიკროპროთეზი. გამოიყენება პათოლოგიური პროცესით დაშლილი კბილის გვირგვინების აღსადგენად და ხიდისებრი პროთეზების საყრდენ ნაწილად. შეიძლება დამზადდეს ინტაქტური ზედაპირის მქონე ან დეპულპირებულ კბილებზე იმ შემთხვევაში, როდესაც გვირგვინის დიდი ნაწილი შენარჩუნებულია. ჩანართით კბილის გვირგვინების პროთეზირება შედგება კბილში ღრუს პრეპარირებისგან, ჩანართის დამზადებისგან, მორგებისგან და კბილზე ჩანართის ცემენტით დამაგრებისგან. ჩანართისთვის მომზადებულ ღრუს უნდა ჰქონდეს ბრტყელი ფსკერი და შვეული კედლები. მაგარი ქსოვილების დაზიანების ზომისა და მდებარეობის და ჩანართის დანიშნულების მიხედვით, ყალიბდება მარტივი ან რთული ღრუ, რომელიც შედგება ძირითადი და დამატებითი ღრუებისგან ან ძირითადი ღრუსგან და სპეციალური არხებისგან წკირებისთვის. დამატებითი ღრუები უზრუნველყოფს ჩანართის კარგ მდგრადობას კბილის გვირგვინში. ჩანართით კბილის ღრუს მინანქრის კიდის დასაცავად და ჩანართთან ღრუს სრულყოფილი კიდისმიერი შეთანასოვნებისთვის, კბილის ღრუს კიდესთან ქმნიან მინანქრის კიდის 450 დახრილობას (ფალცს) კბილის გარეთა ზედაპირზე. პლასტმასის ჩანართის დამზადებისას ფალცს არ აკეთებენ, რადგან ფალცის მფარავი პლასტმასის თხელ შრეს საკმარისი სიმტკიცე არ აქვს.      

ჩანართი-ბჟენი - მიკროპროთეზი, რომელიც აღადგენს კბილის ანატომიურ ფორმას, ავსებს დეფექტს გვირგვინის ნაწილში. გამოიყენება საშუალო ან ღრმა კარიესის მკურნალობის შემდეგ. მზადდება დაპრესილი კერამიკისგან ლაბორატორიაში ინდივიდუალურად ფორმისა და ფერის მიხედვით.

ჩანართი ფესვის (ფესვშიდა, ტაკვის ჩანართი) - მიკროპროთეზი. აღადგენს ან ამაგრებს კბილის ფესვს. მაგრდება კბილის ფესვში და აქვს საფეხური გვირგვინის ნაწილში. გამოიყენება მასზე ერთეული გვირგვინის დასაყენებლად ან ხიდისებრი პროთეზის საყრდენის სახით. მზადდება ლაბორატორიაში დაპრესილი კერამიკისგან.

ჩაღრმავება პირის ღრუს კარიბჭის - ოპერაცია, რომლის დროსაც რბილი ქსოვილების გადაადგილებით იქმნება ჩაღრმავება პირის ღრუს კარიბჭეში.

ცემენტი - ფარავს კბილის ფესვის დენტინს, მჭიდროდ უერთდება მას მასში გარდამავალი გაკირული კოლაგენური ბოჭკოებით. არის პირველადი - უუჯრედო და მეორადი - უჯრედული.

ცემენტოფოსფატი - თუთიის, მაგნიუმის, სილიციუმის ოქსიდების ნაერთი ალუმინის ოქსიდისა და თუთიის ფოსფორმჟავა მარილების ხსნართან. გამოიყენება კბილის არხების დასაბჟენად, ასევე როგორც საიზოლაციო მასალა სხვა მასალებით (ვერცხლისა და სპილენძის ამალგამით, სილიკატცემენტით და სხვ.) კბილების დაბჟენის დროს.  

ცენტრალური ოკლუზია - კბილთა მწკრივების შეთანასოვნება, როდესაც აღინიშნება კბილთაშორისი კონტაქტების მაქსიმალური რაოდენობა. ქვედა ყბის თავი ამ დროს მდებარეობს სასახსრე ბორცვის დახრილობის ფუძესთან, ხოლო ქვედა ყბის მამოძრავებელი კუნთები (საფეთქლის, საკუთრივ საღეჭი, მედიალური ფრთისებრი) თანაბარი დაძაბულობის ქვეშ არიან.

ცერეკი (cerec) - აპარატი კბილის გვირგვინის კომპიუტერული რეკონსტრუქციისთვის. ჩანართის, ვინირის ან გვირგვინის დამზადების საშუალებას იძლევა პაციენტის ერთ ვიზიტზე.

ცვილი - უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერი ერთვალენტიანი უმაღლესი სპირტით. ოთახის ტემპერატურაზე მყარია, სხეულის ტემპერატურაზე დარბილებული. ცვილი არსებობს: ცხოველური - ფუტკრის, ლანოლინი (ცხოველების ბეწვისგან); მცენარეული - კარნაუბის, იაპონური; მინერალური - მონტანის, ოზოკერიტი, პარაფინი, სინთეზური ცერეზინი. სტომატოლოგიაში ცვილი გამოიყენება დამხმარე საშუალებად კლინიკასა და ლაბორატორიაში.  

ციტოლოგიური მეთოდი - უჯრედული ელემენტებისა და მათი კონგლომერატების სტრუქტურული თავისებურებების შესწავლა. ციტოლოგიური კვლევის მასალაა ნაცხი-ანაბეჭდი, ნაცხი-ანაფხეკი ლორწოვანი გარსის, ეროზიის, წყლულის, ხვრელმილის, პაროდონტული ჯიბეების ზედაპირიდან, ასევე პირის ღრუში გამოვლებული წყლის დანალექი და ღრმად მდებარე ქსოვილების პუნქტატი. მეთოდს დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ადრეულ სტადიებზე პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კიბოს გამოსავლენად. ავთვისებიანი უჯრედები ხასიათდება გამოხატული პოლიმორფიზმით: მერყეობს უჯრედების ზომა და ფორმა, ბირთვსა და უჯრედს შორის თანაფარდობა.

ცისტოტომია - კისტის ღრუსა და პირის ღრუს შორის ფართო კავშირის შექმნა კისტის გარსის აშრევების გარეშე და პირის ღრუს ლორწოვანი გარის კიდეების კისტის გარსთან მიკერება პირის ღრუს კარიბჭესთან დაკავშირებული ფართოდ გაღებული ღრუს შესაქმნელად. ამჟამად, თითქმის აღარ გამოიყენება.

ცისტექტომია (კისტის მოცილება) - კისტის მოსაცილებელი ქირურგიული ოპერაცია (კისტური გარსის აშრევება ჭრილობის შემდგომი ყრუ გაკერვით).   

ძვლისსაზრდელა - შემაერთებელქსოვილოვანი თხელი, მკვრივი შრე. ზემოდან ფარავს ყბის ძვალს.   

წითელი ბრტყელი ლიქენი - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის უცნობი ეტიოლოგიის დაავადება. ხშირად აღინიშნება კერები მტევნის, წინამხრის მომხრელი ზედაპირის, ასევე სასქესო ორგანოების კანზე. პირის ღრუში კერები მდებარეობს ლოყებზე, კბილების შეთანასოვნების ხაზზე და ენის გვერდით ზედაპირებზე. უცვლელ ლორწოვან გარსზე აღინიშნება წვრილი, 2-3 მმ-მდე დიამეტრის მოთეთრო კვანძები, რომლებიც ერთდებიან დამახასიათებელი სურათების (кружева, გვიმრის ფოთლების, ფიფქების და სხვ. მსგავსი) წარმოქმნით. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ხანგრძლივი მიმდინარეობისას გამონაყარში ჩნდება ეროზიები და წყლულები, მათ ირგვლივ მდებარე ლორწოვანი გარსი ანთებითია. მსგავს შემთხვევებში ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მჟავე და მარილიანი საკვების მიღებისას. მკურნალობა: პირის ღრუს სანაცია, ლითონის ბჟენები იცვლება პლასტმასით. ინიშნება დამზოგველი დიეტა, A, D2, K, E ვიტამინები, დესენსიბილიზებადი სედაციური პრეპარატები. დაზიანების ელემენტების ქვეშ შეყავთ სტეროიდული ჰორმონები (პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი) და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი დელაგილი (1 მლ კერის ქვეშ ყოველ 3 დღეში, სულ 10-12 ინექცია). შეიძლება იგივე პრეპარატების ორალურად მიღება. ტარდება პირის ღრუს ტუალეტი ანტისეპტიკური ხსნარებით, კერატოპლასტიკური პრეპარატებით, ჰორმონული მალამოებით აპლიკაციები. ცალკეულ შემთხვევებში საჭიროა დაზიანების კერების ქირურგიული ამოკვეთა.

წკირი ფესვშიდა - გამოიყენება დაშლილი კბილის აღსადგენად. მაგრდება კბილის ფესვში, მის ზედა (გვირგვინოვან) ნაწილზე კი ედება საბჟენი მასალა გვირგვინოვანი ნაწილის აღსადგენად. წკირები სტანდარტულია და შეიძლება სხვადასხვა ფორმის იყოს. მზადდება ლითონისგან, მინაბოჭკოსგან.

ჯაგრისი კბილის - ე.წ. კბილთაშორისი (ინტერპროქსიმალური) ჯაგრისები. ცილინდრული ან კონუსური ფორმის ჰიგიენური საშუალება ფართო კბილთაშორისი შუალედების, მოუხსნელი ორთოდონტული რკალების (კერძოდ, ბრეკეტების) ქვეშ სივრცეების, ხიდისებრი პროთეზების გამოსარეცხი ნაწილების ქვეშ უბნების და ჩანერგილ იმპლანტატებსა და პროთეზებს შორის სივრცეების, ასევე კბილების გაშიშვლებული ბიფურკაციებისა და ტრიფურკაციების  გასაწმენდად. აღწერილი სიტუაციების დროს ჯაგრისი პირის ღრუს ჰიგიენის აუცილებელი საშუალებაა. ის მზადდება თხელი მავთულის ფუძეზე ფიქსირებული ნეილონის ჯაგარისგან. განსხვავდება ჯაგარის ზომით (ჯაგარის, მავთულის დიამეტრით, ჯაგარის სიგრძით) და სიხისტით. სამუშაო ნაწილის ზომის მიხედვით მარკირება ხორციელდება ან მისი დიამეტრის მითითებით, ან სპეციალური აღნიშვნით (მაგ., fine (თხელი), X-fine (ძალიან თხელი), თხელ-, საშუალო- და მსხვილკონუსური). ტრაპეციული ჯაგრისისთვის დიამეტრი მიეთითება ფუძესთან და სამუშაო ნაწილის კიდესთან: მაგ., კონუსი 3-7 მმ. სამუშაო ნაწილის დიამეტრი შეიძლება მერყეობდეს 1,7-14 მმ-მდე ან უფრო დიდ ფარგლებში. ასევე აღინიშნება ჯაგარის სიხისტე. ყველაზე რბილი ჯაგარი გამოიყენება კბილის მაგარი ქსოვილების მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში და ჩანერგილი იმპლანტატების გასაწმენდად (ამით ავიცილებთ მათი ზედაპირის მიკროტრავმებს). შემუშავებულია სპეციალური ზონდები ჯაგარის საჭირო ზომის განსაზღვრისთვის. ზონდი არის გრადუირებული კონუსისმაგვარი ღერო დამჭერზე. ზონდი შეყავთ გასაწმენდ სივრცეში. შუალედში მოთავსებული ღეროს ფერის მარკირება მიუთითებს მის ზომაზე და შესაბამისად, ინტერდენტალური ჰიგიენის საგნის ზომაზე. ჯაგარი შეიძლება დამაგრდეს სპეციალურ დამჭერზე, რომელიც მის საკმარის ფიქსაციას და სწრაფ ცვლას უზრუნველყოფს, ან დამაგრდეს სპეციალურ მფარავ ფუტლარზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია ჯაგარის ღეროს მოხრა მოხერხებული გაწმენდისთვის. ასევე არსებობს ელექტრული კბილის ჯაგრისების მსგავსი ავტომატური ელექტრული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯაგარის წინა-უკანა და ბრუნვით მოძრაობებს. ამ დროს ჯაგარის ხაოები კარგად ამასაჟებს ღრძილის პაპილარულ და მარგინულ ნაწილებს. პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების აღწერილ ჯგუფს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ ღრუბლისებრი რბილი „ჯაგრისები", რომლებიც იგივე მიზნით გამოიყენება.

ჯანმრთელობა - სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და დაავადების ან ფიზიკური დეფექტების არარსებობა.

ჯექსონის კლამერი - ლოყისკენა მხრიდან მოიცავს უწყვეტ კბილთა რკალში მდგომ კბილს, ორივე მხრიდან გაივლის საკონტაქტო პუნქტებთან საღეჭ ზედაპირზე, ლოყისკენა მხრიდან დევს კბილის ყელის ჰორიზონტალურად.

ხელოვნური გვირგვინი - მოუხსნელი პროთეზი. გამოიყენება კბილის გვირგვინის დაშლის დროს, როდესაც მისი ფორმის აღდგენა დაბჟენით ან ჩანართით შეუძლებელია.

ხელოვნური კბილები (პლასტმასის) - მწარმოებელი ფირმის მიერ დამზადებული სხვადასხვა ფორმისა და ფერის კბილების ნაკრები კბილების მოსახსნელი პროთეზების დასამზადებლად.

ხიდისებრი პროთეზი - ორთოპედიული კონსტრუქცია კბილთა მწკრივის მთლიანობის აღსადგენად. შედგება რამდენიმე გვირგვინის ან ხელოვნური კბილისგან. კბილებზე აქვს 2 და მეტი საყრდენი წერტილი დეფექტის ორივე მხარეს. ფიქსირდება საყრდენ კბილებზე (წინასწარ იქლიბება) ან იმპლანტატებზე და ავსებს ნაკლულ კბილებს. არის მოუხსნელი და მოსახსნელი, მთლიანად კერამიკის ან ლითონკერამიკის. აღადგენს მაქსიმუმ 3 მეზობელ კბილს.

ხიდისებრი პროთეზი იმპლანტატებზე საყრდენით - მოუხსნელი კონსტრუქცია ლითონკერამიკის რამდენიმე  გვირგვინისგან და ხელოვნური კბილისგან. ფიქსირდება იმპლანტატებზე (ანუ ყბაში ჩანერგილ ტიტანის ღეროებზე) ან იმპლანტატზე და საყრდენ კბილებზე და ავსებს ნაკლულ კბილებს.

ხრახნი გამაფართოვებელი - გამოიყენება ორთოდონტულ აპარატებში მათ გასაფართოებლად. აქვს 3,2 მმ სიმაღლე და 6,4 მმ გამაფართოვებელი უნარი (ხრახნის 10 სრული და 40 მეოთხედი ბრუნი).

ხრახნი დისტალური - საგიტალურად მდებარე მოსახსნელი ხრახნი ერთი კბილის ან კბილთა ჯგუფის დისტალურად გადასაადგილებლად.

ჰაიმორიტი (highmoritis) - ზედა ყბის წიაღის ანთება (სახელი ეწოდა ინგლისელი ანატომის Highmore-ის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა აღწერა ზედა ყბის წიაღი).

ჰალიტოზი - ცუდი სუნი პირიდან.

ჰელმანის სინჯი (ღეჭვითი სინჯი) - საღეჭი აპარატის ეფექტურობის შესაფასებელი ფუნქციური სინჯი მყარი საკვების დაქუცმაცების ხარისხის მიხედვით. ამ დროს გამოსაკვლევი პირი ღეჭავს 5 გ ნუშს 50 წმ-ის განმავლობაში. ნორმაში, ყველა წარმოქმნილი ნაწილაკი გადის 2,4 მმ დიამეტრის ხვრელების მქონე საცერში.

ჰემანგიომა (haemangioma) - სისხლძარღვისგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე. პირის ღრუს ჰემანგიომის დროს პროთეზირება უკუნაჩვენებია.

 ჰემართროზი (haemarthrosis) - სისხლჩაქცევა სახსრის ღრუში (მაგ., საფეთქელ-ქვედა ყბის, ტრავმის შედეგად). 

ჰემისექცია - კბილის ერთ-ერთი ფესვის მოცილება, შესაძლოა გვირგვინოვან ნაწილთან ერთად.

ჰემოკოლაგენი - ბუნებრივი დენატურირებული კოლაგენის სისხლის შემაჩერებელი, სტერილური და სრულად გაწოვადი ღრუბელი. ჰემოსტაზი კბილის ამოღების შემდეგ.

ჰემორაგია (haemorragia) - სისხლდენა. მაგ., ღრძილებიდან - ჰემორაგიული გინგივიტი. ორგანიზმის ქსოვილებში ან ღრუებში სისხლძარღვიდან გადმოსული სისხლის დაგროვება. ზომის მიხედვით იყოფა პეტექიებად და ეკქიმოზებად.

ჰერმეტული საშუალებები (ჰერმეტიკები, სილანტები) - აკრილატების ფუძეზე დამზადებული სინთეზური წარმოშობის ნივთიერებების ჯგუფი. გამოიყენება კარიესის პირველადი პროფილაქტიკისთვის. ჰერმეტულად ახშობს საღეჭი კბილების ფისურებს. აღნიშნული მეთოდი ძალიან ეფექტურია (95%), მაგრამ რთული, საჭიროებს ექიმისა და მომსახურე პერსონალის მონაწილეობას. ჰერმეტიკების გამოყენების პროფილაქტიკური მექანიზმი მარტივია: კბილების ფისურებს მჭიდროდ ავსებენ სინთეზური მასალით, რის შედეგადაც მათში მიკროფლორა ვერ აღწევს, არ წარმოიქმნება რბილი ნადები და არ ვითარდება კარიესი. ჰერმეტიკების გამოყენება საღეჭი კბილების ფისურების კარიესის პროფილაქტიკის ერთადერთი საიმედო მეთოდია. ჰერმეტიკები არის ქიმიურად და სინათლეზე გამყარებადი. პირველი მათგანი მყარდება ქიმიური რეაქციის შედეგად, მეორე - სინათლით გამყარებით. ჰერმეტიკების ფიქსაციის გასაუმჯობესებლად ფისურებს ამუშავებენ მჟავებით, რეტენციული პუნქტების შესაქმნელად. ჰერმეტიკების მაღალი ეფექტურობა ფისურებში საიმედო ფიქსაციით არის უზრუნველყოფილი. მათი ჩამოვარდნის დროს შეიძლება განვითარდეს კარიესი. კომპოზიტური საბჟენი მასალების ჰერმეტიკების სახით გამოყენება ნაკლებ ეფექტურია.

ჰერპანგინა - ვეზიკულური ფარინგიტი, აფთური ფარინგიტი. იწვევს კოკსაკის A ვირუსი. ავადდებიან ძირითადად ბავშვები. ინფიცირება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაავადება მწვავედ მიმდინარეობს. იწყება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით და ტკივილით ყლაპვის დროს. სხეულის ტემპერატურა იმატებს 38-400, შესაძლებელია მუცლის ტკივილი, როგორც მიალგიის გამოვლინება. სასის წინა რკალების, ნაქის, ნუშურების, პირხახის უკანა კედლის, იშვიათად ენის, ლორწოვან გარსზე ჩნდება ჰიპერემია, მცირე ვეზიკულური გამონაყარი, რომელიც სწრაფად სკდება, გადადის ეროზიაში ან აფთაში. ვითარდება რეგიონული ლიმფადენიტი, ტემპერატურა სწრაფად ეცემა. დაავადება, ძირითადად, მთავრდება 4-6 დღეში. ყველაზე ხშირია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები. მკურნალობა ზოგადსიმპტომურია. ადგილობრივად იყენებენ ანტივირუსულ პრეპარატებს (პირველი 2-3 დღე), ანტისეპტიკურ ხსნარებს ყელისა და პირის ღრუს სავლებად.

ჰერპესი ჩვეულებრივი (მარტივი) - ადამიანის ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი, რომელიც აღინიშნება მოზრდილთა 75-90%-ში. ინფექციის წყაროა ავადმყოფები და ვირუსმტარებლები. პირველადი ინფიცირება, ძირითადად, ხდება სიცოცხლის 6 თვის შემდეგ, რადგან ამ დრომდე მრავალი ახალშობილის სისხლში არის დედის იმუნური სისტემიდან მიღებული ანტისხეულები. სიცოცხლის პირველ თვეებში დაავადება ძალიან იშვიათია და იწვევს კანის, ლორწოვანი გარსების, ღვიძლის, თავის ტვინის, თვალებისა და სხვა ორგანოების მძიმე გენერალიზებულ დაზიანებას. მარტივი ჰერპესით, ძირითადად, ავადდებიან 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვები. 3 წლის შემდეგ პირველადი ინფიცირება იშვიათია, მაგრამ პირველადად მოზრდილებიც ავადდებიან. პირველადი ინფიცირება ხშირად სუბკლინიკურად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მარტივი ჰერპესის ვირუსი ორგანიზმში მოხვედრისას რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. კლინიკურად ჰერპესული ინფექცია პირის ღრუში გამოვლინდება 2 ფორმით: პირველადი ჰერპესული ინფექციით - მწვავე ჰერპესული სტომატიტით (პირველადი ჰერპესი) და ქრონიკული მორეციდივე ჰერპესით (მორეციდივე ჰერპესული სტომატიტი).

ჰეტეროგენული (heterogenes) - სხვადასხვა წარმოშობის (მაგ., ხელოვნური კბილები).

ჰიგიენის ინდექსი - მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს პაციენტის პირის ღრუს ჰიგიენურ მდგომარეობას, კბილების წმენდის ხარისხს.

ჰიგიენისტი სტომატოლოგიური - საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტი, რომლის მოვალეობაც არის პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა (კბილის მაგარი ნადებისა და ქვის, რბილი ნადებების მოცილება, კბილების მოქლიბვა და გაპრიალება, მათი ფტორლაქით დაფარვა). პაციენტებს ასწავლის კბილებისა, ღრძილების, ბრეკეტ-სისტემების, იმპლანტატების, მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზების მოვლა.

ჰიდროლი - სითხე ღრუების გაუწყლოებისა და ცხიმის მოსაცილებლად. Septodont (საფრანგეთი)

ჰიპერბიგნატოპლაზია (hyperbignathoplasia) - ორივე ყბის ზედმეტად განვითარება (თანკბილვის ანომალია). ზედა და ქვედა ყბის სხეული დიდი ზომისაა. სახის ქვედა და ზედა ნაწილის შედარებისას იქმნება სახის ზედა ნაწილის (ცხვირის, ყვრიმალის რკალებისა და ორბიტების) ჩავარდნის შთაბეჭდილება. ერთ შემთხვევაში კბილები მდებარეობენ სწორ რკალზე, მათ შორის ტრემებია, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ კბილები მცირე ზომისაა და ალვეოლური მორჩების ზომებს არ შეესაბამებიან. სხვა შემთხვევებში, კბილები მჭიდროდ ებჯინებიან ერთმანეთს, დიდი ზომის არიან და არ შეეფარდებიან სახის ზომებს.  

ჰიპერგენიოპლაზია (hypergenioplasia s. progenia)  - ქვედა ყბის ზედმეტად განვითარება. მთავარი ნიშანია ქვედა ყბის წინ წამოწევა ნორმალურად განვითარებული ზედა ყბის მიმართ. ქვედა ყბის ზომების მკვეთრი გაზრდის დროს გარეგანი დათვალიერებისას თვალშისაცემია სახის პროფილის დარღვეული ჰარმონია, ნიკაპი და ქვედა ტუჩი მნიშვნელოვნად წინ არის წამოწეული. ამ დროს აღინიშნება ზედა ტუჩის ჩავარდნა, თუ ის ქვედას შესაბამისად დადგება, წარმოიქმნება ტუჩების საერთო წინ წამოწევა.

ჰიპერგნატოპლაზია (hypergnathoplasia) - ზედა ყბის ზედმეტად განვითარება. ვ.ი.კურლიანდსკის კლასიფიკაციით III ტიპი (კბილთა მწკრივების შეფარდების ანომალიები). მთავარი ნიშნები: ზედა ყბის წინ წამოწევა ნორმალურად განვითარებული ქვედა ყბის მიმართ. ზედა ყბის ფრონტალური კბილები ქვედა ყბის კბილებზე წინ დგანან (ზოგჯერ დიასთემა და ტრემა) და ქვედა ტუჩზე მდებარეობენ, ტუჩები არ ეხებიან ერთმანეთს. ფრონტალურ კბილებს შორის კონტაქტი არ არის, ამიტომ პირი მუდამ ღიაა, ქვედა ტუჩი მდებარეობს ზედა და ქვედა საჭრელებს შორის, ცხვირ-ტუჩის ნაოჭები გადასწორებულია, სახის ჰარმონია პროფილში დარღვეული, კბილები წინ წამოწეული. ზედმეტად შეიძლება განვითარდეს მთელი ყბა ან მხოლოდ მისი ფრონტალური ნაწილი.

ჰიპერესთეზია - კბილის ქსოვილების მომატებული მგრძნობელობა მექანიკურ, ქიმიურ და ტემპერატურულ გამღიზიანებლებზე. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ: 1 ხარისხი - კბილის ქსოვილები რეაგირებენ ტემპერატურულ (სიცივე, სითბო) გამღიზიანებელზე; 2 ხარისხი - კბილის ქსოვილები რეაგირებენ ტემპერატურულ და ქიმიურ (მარილიანი, მჟავე, ტკბილი, მწარე) გამღიზიანებლებზე; 3 ხარისხი - კბილის ქსოვილები რეაგირებენ ყველა სახის გამღიზიანებელზე (ტაქტილურის ჩათვლით).

ჰიპერესთეზია პაროდონტული (hyperaesthesia parodontalis) - მომატებული მგრძნობელობა. ვითარდება კლამერებით, ბჟენით, ჩანართით, გვირგვინით, ორთოდონტული აპარატებით, ხიდისებრი პროთეზით კბილის გადატვირთვის შედეგად. აღინიშნება ტრავმული კვანძის დროს. კბილზე ზეწოლისას ჩნდება მრძნობელობა. პროცესი ასეპტიკურია. რენტგენის სურათზე დაავადების ადრეულ სტადიაზე ცვლილებები პერიაპიკალურ ქსოვილებში არ ჩანს, მოგვიანებით - აღინიშნება პერიოდონტული ნაპრალის გაფართოება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ასეპტიკური კისტოგრანულომა. გაღიზიანების მოვლენები მალე ჩაცხრება გადატვირთვის მოხსნის შემდეგ. საჭიროა პერიოდონტიტთან დიფერენცირება. ფუნქციური დარღვევები: საკვების დამუშავება შეუძლებელია. მკურნალობა: პაროდონტული ჰიპერესთეზიის მიზეზების მოცილება.

ჰიპერმგრძნობელობა კბილების - გამოხატული მტკივნეული რეაქცია ტემპერატურულ, ქიმიურ და მექანიკურ გამღიზიანებელზე.

ჰიპერპლაზია მინანქრის - მინანქრის ჭარბი წარმოქმნა (მინანქრის წვეთები). აღინიშნება მოსახლეობის დაახლოებით 1,5%-ში. მინანქრის წვეთები მდებარეობს კბილის ყელთან, ხშირად დაფარულია ღრძილის ლორწოვანი გარსით, რაც ზოგიერთი ავტორის აზრით, მათი იშვიათი გამოვლენის მიზეზია. დიამეტრით 4-5 მმ-ია. განაკვეთზე ცენტრში შეიძლება აღმოჩნდეს დენტინი, მაგრამ ზოგჯერ ის შედგება მხოლოდ მინანქრისგან. კლინიკურად ჰიპერპლაზია არ ვლინდება.

ჰიპობიგნატოპლაზია (hypobignathoplasia) - ორივე ყბის განუვითარებლობა. ძირითადი ნიშანია ყბებზე ადგილის არარსებობა ყველა კბილისთვის სწორ კბილთა რკალში. ფრონტალური კბილები ერთმანეთზეა მიჯრილი ან მათი ნაწილი კბილთა რკალის გარეთაა - ორალურად ან ვესტიბულურად. კბილთა რკალის გარეთაა საღეჭი კბილების ნაწილიც. ორივე ყბის განუვითარებლობის დროს ხშირად აღინიშნება ცალკეული კბილების რეტენცია ან ნაწილობრივი ადენტია. ნაწილობრივი ადენტიის დროს კბილები შეიძლება სწორ კბილთა რკალში შუალედების გარეშე იდგნენ.

ჰიპოდონტია ცრუ (hypodontia spura) - არარსებული კბილები ყბაშია, მაგრამ არ ამოიჭრნენ.

ჰიპოდონტია ჭეშმარიტი (hypodontia vera) - კბილების ჩანასახების არარსებობა, თანდაყოლილი ანომალია. ხშირად თან ახლავს ძვლების, მათ შორის სახის ძვლების განვითარების დარღვევა. შეძენილი ჰიპოდონტია დაკავშირებულია ოსტეომიელიტთან კბილების ჩანასახების განვითარებისას.

ჰიპოპლაზია (hypoplasia) - განვითარების მანკი, კბილის ან მისი ქსოვილების განუვითარებლობა. ჰიპოპლაზიის უკიდურესი გამოვლინებაა აპლაზია - კბილის, მისი ნაწილის ან მთელი მინანქრის თანდაყოლილი არარსებობა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კბილის მაგარი ქსოვილების ჰიპოპლაზია ვითარდება ენამელობლასტებით მინანქრის ჩამოყალიბების დარღვევის და მინანქრის პრიზმების მინერალიზაციის შესუსტების შედეგად. ხშირად მინანქრის ჰიპოპლაზიას თან ახლავს კბილის დენტინისა და პულპის აგებულების დარღვევები. ჰიპოპლაზია აღინიშნება სარძევე და მუდმივ კბილებზე, მაგრამ სარძევე კბილების ჰიპოპლაზია იშვიათია, რაც განპირობებულია მათი ჩამოყალიბების ვადებით. 

ჰიპოპლაზია ადგილობრივი - მინანქრის წარმოქმნის დარღვევა 1-2 მუდმივ კბილზე, ანთების პროცესში კბილების ჩანასახების ჩართვის გამო. ანთების კერიდან ინტოქსიკაციის შედეგად, ირღვევა მუდმივი კბილის ჩანასახის განვითარება. ადგილობრივი ჰიპოპლაზია ვლინდება ცარცისებრი ლაქებით, ხშირად მთელ ზედაპირზე მდებარე წერტილოვანი ჩაღრმავებებით. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია მინანქრის აპლაზია. ადგილობრივი ჰიპოპლაზია, ძირითადად, აღინიშნება მუდმივი კბილების პრემოლარებზე, რომელთა ჩანასახებიც მდებარეობენ სარძევე კბილების ფესვებს შორის.  

ჰიპოპლაზია მკურნალობა - დროულ მკურნალობას ესთეტიკური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელს უწყობს უარყოფითი ემოციების მოხსნას. ჩარევის ხასიათი დამოკიდებულია კლინიკურ გამოვლინებაზე. ერთეული თეთრი ლაქების დროს მკურნალობა აუცილებელი არ არის. თუ ლაქები მდებარეობს საჭრელების ვესტიბულურ ზედაპირზე და ჩანს საუბრისა და ღიმილის დროს, საჭიროა მათი მოცილება. მინანქრის სტრუქტურის ცვლილების  (წერტილოვანი ჩაღრმავებები და სხვ.) დროს დეფექტის მოცილება შეიძლება თანამედროვე საბჟენი მასალებით. მინანქრისა და დენტინის ჰიპოპლაზიის გამოხატული ცვლილებების დროს საჭიროა ორთოპედიული მკურნალობა.

ჰომოდონტი (homodont), იზოდონტი - ერთი სახის კბილების თანკბილვა, რეპტილიის მსგავსად.

 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12